"სამი ერთზე გამოვიდნენ" - ვასაძის ღია გამოწვევა აღმასრულებელ ხელისუფლებას და თინა ხიდაშელის პასუხი ბიზნესმენს
ბოლო პერიოდში ქართული პრესა ინტენსიურად წერს იმის შესახებ, თითქოს ბიზნესმენი ლევან ვასაძე პოლიტიკაში აპირებს მოსვლას. ეს ხმები თავად ვასაძემ გაანეიტრალა, როდესაც ინგა გრიგოლიას თოქ-შოუში, ღია ეთერში განაცხადა, რომ უკვე 10 წელია უწევს მტკიცება, რომ პოლიტიკაში არ მიდის და იგევე აზრზეა ახლაც. რაც შეეხება მის ბოლოდროინდელ ხმაურიან განცხადებებს პარლამენტის დათხოვნასთან დაკავშირებით, მისი თქმით, ეს მხოლოდ მისი, როგორც ქვეყნის ერთი კონკრეტული მოქალაქის სამოაქალაქო პოზიციაა და ამგვარი აქტივობა სრულიად არ მიუთითებს პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვას.
ვასაძემ ამავე ეთერში რამდენიმე ხმაურიანი განცხადება გააკეთა ხელისუფლების მისამართით. ბიზნესმენმა არ დამალა მისი ნეგატიური დამოკიდებულება პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის მიმართ. ღიად გააკრიტიკა მისი დიდი ხნის მეგობარი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რაც შეეხება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ბიზნესმენი ამბობს, რომ მის მიმართ ჯერ კიდევ დადებითად არის განწყობილი.
მთავარი მიზეზი, რის გამოც ცნობილი ბიზნესმენი ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას უპირისპირდება, ანტიდისკრიმინაციული კანონია. ვასაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მიღებული კანონი გაუქმდეს.
გთავაზობთ ლევან ვასაძის ყველაზე ხმაურიან განცხადებებს:
როგორც უკვე ავღნიშნეთ, ბიზნესმენი ყველაზე კრიტიკული დავით უსუფაშვილის მიმართ იყო. ვასაძემ განაცხადა, რომ "ნაციონალები და "რესპუბლიკელები" იდეოლოგიური ძმები არიან. ამასთან, მან ღვთისმშობლისადმი მიძღვნილ სიმპოზიუმზე დავით უსუფაშვილის გამოსვლა გააკრიტიკა. "მოვისმინე მისი გამოსვლა ღვთისმშობლისადმი მიძღვნილ სიმპოზიუმზე, სადაც ის თეოლოგიურ ლექციას უკითხავდა პატრიარქს, ღვთისმშობელს თურმე საქართველო რომ დაენახა, რა უკმაყოფილო იქნება პატრიარქის ქრისტიანობით, რა უბედურებაა ეს?! პარლამენტის თავმჯდომარე ასწავლის ქრისტიანობას პატრიარქს, ბოსტანში არის გადასული, თავის ტერიტორიიდან არის გასული 10 კილომეტრით. როგორ შეიძლება ასეთი რაღაცა?!. მე ვიცი სასულიერო პირებისგან, რომ მარტო პატრიარქის პატივისცემით მოვუსმინეთ იმ მოხსენებას ბოლომდეო და ერთი წაიკითხეთ იქ რა წერია", - აღნიშნა ვასაძემ.
ბიზნესმენს გაღიზიანება არ დაუმალავს მისი მეგობრის, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიმართ იმის გამო, რომ მან "ხელი უმსგავსო კანონს მოაწერა", თუმცა ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ მიუხედავად საკვანძო საკითხებზე სხვადასხვაგვარი შეხედულებებისა, ისინი მაინც "ახლო და უსაყვარლეს მეგობრებად რჩებიან".
"მან ხელი მოაწერა ანტიდისკრიმინაციულ კანონს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გიორგი ჩემთვის მეგობარი და უახლოესი ადამიანი არ არის", - დასძინა მან.
სწორედ იმის გამო, რომ პრემიერ-მინისტრს არ გაუთქვამს კრიტიკული დამოკიდებულება ანტიდისკრიმინაციული კანონის მიმართ, ღარიბაშვილიც იქცა ცნობილი ბიზნესმენის კრიტიკის ობიექტი, თუმცა ვასაძე ფიქრობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პირადად არ ეთანხმება ამგვარი კანონის მიღებას და აცხადებს, რომ მის მიმართ ჯერ კიდევ პოზიტიურ დამოკიდებულებას ინარჩუნებს.
ვასაძე არ მიდის პოლიტიკაში, თუმცა მზად არის, რომ ანდიტისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით მისი პოზიციები, რომელიც, მისი თქმით, ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის პოზიციებს ემთხვევა, ბოლომდე გაიტანოს. ის იხსენებს პატრიარქის სიტყვებს, რომ "უკანონობის დაკანონობა დიდი ცოდვაა", და რომ "არც ერთი მორწმუნე ადამიანი არ მიიღებს ამ კანონს"... ვასაძე დარწმუნებით აღნიშნავს, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი საქართველოში გაუქმდება.
ბიზნესმენი აცხადებს, რომ ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების ტოპ სამეულს, პრეზიდენტ მარგველაშვილს, პრემირ ღარიბაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს, უსუფაშვილს დებატებში იწვევს.
"წინადადება მაქვს,
დამიჯდნენ დათო უსუფაშვილი, ჩემი ძმაკაცი გიორგი მარგველაშვილი და ჯერ კიდევ რომ ძალიან მესიმპათიურება ირაკლი ღარიბაშვილი, მიუხედავად ამ საზიზღარი კანონისა სამი ერთზე მოვიდნენ, მოამზადონ თავიანთი იურიდიული სამსახურები, მე აი ასე მოვალ ცარიელი, იმიტომ კი არა, რომ მაგარი ბიჭი ვარ, არამედ იმიტომ, რომ ხალხი რასაც ფიქრობს, იმას ვეუბნები და თქვენ თქვენი ერთ-ერთი საყვარელი ინტერაქტივი მოგვიწყვეთ პირდაპირ ეთერში, ოღონდ ისეთი არა, კონჩიტამ რომ ვითომ მოიგო "ევროვიზიაზე", ნამდვილი ინტერაქტივი და ისინი 10%-ს თუ აცდებიან ჩემთან დებატებში, მე ხმას აღარ ამოვიღებ, ჩემთვის ეს ტრაგედია იქნება", - აღნიშნა ვასაძემ.
ამასთან, ვასაძემ აღიარა, რომ ეს არ არის უსუფაშვილთან დებატებში დაჯდომის მისი პირველი სურვილი.
"დათო უსუფაშვილი გამოვიწვიე, რადგან მესაუბროს და უცხოეთში ვიყავი, როცა "მაესტრომ" მომწერა SMS, რომ თინა ხიდაშელი მზად არის თქვენთან დებატებისთვისო და მე შევუთვალე, რომ ქალბატონ თინას დიდი მადლობა ვაჟკაცური შემართებისთვის, მაგრამ მე ამას მისი მეუღლისგან ველოდები-მეთქი და მერე რომ ჩამოვედი მითხრეს, რომ თინას უთქვამს, ბევრი მოუვა ვასაძეს ჩემს ქმართან ურთიერთობაო და მე მას უფასო კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილებს ჩავუტარებო. მე არ მაქვს ჩემს თავზე დიდი წარმოდგენა და ჩემთვის ყველა ადამიანთან საუბარი დიდი პატივია, მაგრამ მათ ალბათ ავიწყდებათ, რომ ხალხის მიერ არჩეულები არ არიან, ერთი კაცის მიერ არიან მანდ დანიშნულები", - განაცხადა ბიზნესმენმა.
მიიღებს თუ არა ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების ტოპ-სამეული ცნობილი ბიზნესმენის გამოწვევას, ამ დრომდე უცნობია.