რა უჯდებათ ცნობილ ქართველებს შვილების საშუალო განათლება და რომელი სკოლებია მოდური მათ წრეში?


ამბობენ, ყველაზე კარგი ინვესტიცია შვილის განათლებაში ჩადებული ფულიაო. ამ საქმისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი კი სკოლის შერჩევაა, რომელიც ყველა მშობლისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია. საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, ცნობილი დედებს ამ თემაზეც გავსაუბრებოდით, გაგვეგო, რომელ სკოლას ანიჭებენ უპირატესობას, რითაა განსაკუთრებული მათ მიერ შერჩეული მათი შვილების სასწავლებელი ადგილი, რა თანხებთანაა დაკავშირებული მათთვის საშუალო განათლების მიღება და ა.შ. 

თაკო ჩხეიძე, მოდელი, "თბილისის მოდის კვირეულის" ორგანიზატორი (ჰყავს სამი შვილი - სერგი, ალექსანდრე, დავითი):
- ჩემი შვილებიდან, ჯერ მხოლოდ უფროსი – სერგი დადის სკოლაში, დანარჩენები პატარები არიან. სერგის რამდენჯერმე მოუხდა სკოლის შეცვლა საცხოვრებელი ადგილის ცვლილებიდან გამომდინარე (თაკოს მეუღლე დიპლომატი რუსლან აბაშიძეა, რომელიც სამსახურებრივი მდგომარეობის გამო ოჯახთან ერთად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს – ავტ.). თავდაპირველად ჟენევის კოლაში შევიდა, შემდეგ თბილისში დავბრუნდით, რასაც მოჰყვა ტალინში გადასვლა და სერგიც თავისთავად იქაურ სკოლაში გადავიყვანეთ. ზოგადად, სკოლას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს,…პირადად მე ასევე დიდ ყურადღებას ვანიჭებ გარემოს, კლასს და ა.შ.
მე მეექვსე გერმანული სკოლა მაქვს დამთავრებული, იმ პერიოდისთვის ძალიან პრესტიჟული სასწავლებელი იყო და ფაქტობრივად წარმოუდგენელი გახლდათ იქ მოხვედრა. გვყავდა ახალგაზრდა მასწავლებლები, პირველი პრეცედენტი იყო, რომ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდათ. ამ და კიდევ ბევრი სხვა ფაქტორის გათვალისწინებით მადლიერი ვარ ჩემი სკოლის. 
ვწუხვარ, რომ ჩვენს ქვეყანაში განათლების სისტემა არ დგას იმ სიმაღლეზე, როგორზეც უნდა იდგეს, თუმცა ყველაფერი შედარებითია. აქვე იმის თქმაც შეგვიძლია, რომ თუ ბავშვს სწავლა უნდა, ყველგან ისწავლის, მაგრამ მშობელი რომ ხარ, ცდილობ, საუკეთესო შეარჩიო შენი შვილისთვის.
- ახლა რომელ სკოლაში დადის?
- სექტემბრიდან წავა კიკეთის სკოლაში. მომწონს ის, რომ ბავშვი იქნება ჯანსაღ გარემოში, სუფთა ჰაერზე და იმავდროულად მიიღებს კარგ განათლებას. 
- კიდევ ერთხელ რატომ იცვლის სკოლას?
- უკვე მეცხრე კლასში გადავიდა და მინდა, უფრო მეტი გააკეთოს, რადგან ამის შესაძლებლობა აქვს, ძალიან კარგად სწავლობს. მოგეხსენებათ, ეს სკოლა ლევან ვასაძეს ეკუთვნის, ერთხელ დამპატიჟა, დამათვალიერებინა და აღფრთოვანებული დავრჩი. მხოლოდ იმიტომ არ გადამყავს სერგი იმ სკოლაში, რომ ლევანთან ოჯახით ვმეგობრობთ, უბრალოდ მინდა, ჩემი შვილი ჯანსაღ გარემოში იყოს. იქ ბავშვებს სხვადასხვა საინტერესო საგანს ასწავლიან, ასევე - ხის დარგვას, პურის გამოცხობას, დადიან რთველში და ა.შ. გარდა ამისა, იქვე სპორტის უამრავი სახეობაცაა. თან მშვიდად ხარ იმიტომ, რომ იცი, შატალოზე ვერ წავა, ქუჩაში ვერ გავა და იქნება ამ დახურულ, მაგრამ ჯანსაღ ზონაში.
- თუ შეიძლება რომ გკითხოთ, რა თანხასთანაა დაკავშირებული ამ სკოლაში სწვალა?
- მოდი, კონფიდენციალურად დავტოვებ იმას, თუ რამდენს ვიხდით ჩვენ, რადგან ჩვენ სხვა ურთიერთობაც გვაკავშირებს ლევანთან, მაგრამ ზოგადად, ქართულ სკოლებში სწავლა იაფი არაა. თავდაპირველად, სერგი ჟენევის მუნიციპალურ უფასო სკოლაში შევიდა, სადაც ისეთი დონე იყო, რომ არ ვიცი, ქართულ რეალობაში რომელ მაღალი დონის სკოლას შევადარო. სულ არ მინდა, ჩემი შვილი უცხოეთში გავუშვა და იქ ისწავლოს. ძირითადად საზღვარგარეთ ვიყავით, იქ სწავლობდა ბავშვი, მაგრამ ვცდილობდი, საქართველოში მომებრუნებინა და სკოლა აქ დაემთავრებინა; სურვილი მქონდა, ჩემს შვილს ქართული ენა, ლიტერატურა და საქართველოს ისტორია ესწავლა, აქ ჩამოყალიბებულიყო და შემდეგ წასულიყო ქვეყნის ფარგლებს გარეთ განათლების მისაღებად. დღევანდელი გადმოსახედიდან კი აღარ ვიცი, რა ჯობს, აქვთ ამ ახალგაზრდებს აქ მომავალი, თუ არა, ვერ გავიგე... ყველაფერი იცვლება და იმედია, ჩვენც დავიხვეწებით.
- გარდა იმისა, რომ სერგი კარგ სკოლაში დადის, სჭირდება ცალკე მომზადება რომლიმე საგანში?
- ბევრ საგანში არა, შეიძლებამ უცხო ენაში დასჭირვებოდა დახმარება, მაგრამ ასე არ უნდა იყოს. როცა ამხელა თანხას იხდი სკოლაში, ცალკე მომზადება აღარ უნდა გჭირდებოდეს. ყველა მშობელს უნდა, შვილს კარგი განათლება მიაღებინოს და მეც რაც შემიძლია, ვცდილობ, გავაკეთო.


ქეთი კეკელია, ტელეწამყვანი (ჰყავს ორი შვილი - ნატალია და ანდრია):

mshoblebi

- ნატალია გერმანულ სკოლაში სწვლობს, თუმცა თავიდან არ მიფიქრია და არ დამიგეგმავს ბავშვისთვის ამ ენის შესწავლა. ჩემი მოსაზრებით, ბავშვს უნდა ესწავლა ორი ენა - ინგლისური და რუსული. მაგრამ, როდესაც ნატალიას სკოლაში შეყვანის დრო მოვიდა, გამარჯობის შემდეგ ყველას სკოლის ამბავს ვეკითხებოდი და რჩევას ვთხოვდი, ამასთანავე დავდიოდი სკოლებში, ვათვალიერებდი კლასებს, ვესაუბრებოდი დირექტორებს... საბოლოო ჯამში კი, როგორც ხდება, რეკომენდაციით შევარჩიეთ გერმანული სკოლა, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ შევცდი. მიუხედავად ამდენი ფიქრისა და ძებნისა, მივხვდი, ეს ის არ იყო, რასაც ვეძებდი. საბოლოოდ, კლასი დაიშალა და მეოთხე კლასიდან სხვა გერმანულ სკოლაში გადავედით. ბავშვისთვის ეს არ იყო პრობლემური, რადგან მისი კლასიდან ოთხმა ბავშვმა ერთად გადაინაცვლა ჩემ მიერ ნახსენებ სკოლაში. დღეს ძალიან კმაყოფილი ვარ და ჩემი მეორე შვილი ანდრიაც იქ შემყავს, სექტემბრიდან ისიც გაუდგება სკოლის გზას. ბავშვები სამ ენას სწავლობენ, გერმანულს, ინგლისურს და რუსულს და რომ ჩავუღრმავდი ამას, მივხვდი, რომ გერმანულ ენას შორეული პერსპექტივები აქვს. 
- როგორც მივხვდი, ეს კერძო სკოლაა და ალბათ სხვადასხვა წრეც არის?
- ფასიანი სკოლა გახლავთ. ბავშვებს ორჯერადად კვებავენ, შემდეგ აქვთ სხვადასხვა წრე, მაგალითად, ჭადრაკი, ევროპული და ქართული ცეკვები, რაც სკოლის ღირებულებაში შედის. მაგრამ გარდა ამისა, კიდევ არის სხვა წრეებიც, რომელიც ფასიანია და სურვილის შემთხვევაში ბავშვს აქვს საშუალება, იაროს. ჩვენ ფოტო-კინო ხელოვნება შევარჩიეთ, სადაც პედაგოგი გოგა ჩანადირია და მინდა ვთქვა, რომ ნატალია ბედნიერია იმ დღეს, როცა სკოლის შემდეგ გოგას საინტერესო გაკვეთილი აქვს.
- თუ უხერხული არ იქნება, იქნებ გვითხრა, რა ღირს ამ სკოლაში სწავლა?
- წლიური 3000 ლარი, 300 ლარი თვეში.
- გარდა იმისა, რომ კარგ სკოლაში დაგყავს, გჭირდება ცალკე რეპეტიტორები სხვადასხვა საგნისთვის?
- არა. მომზადებით არაფერში ვამზადებ, შეიძლება ენაში დასჭირდეს დახმარება, თორემ სხვა საგნებში მომზადება არ სჭირდება და დროც აღარ რჩება, რადგან ბავშვი 6 საათამდე სკოლაშია. ისეთი დაღლილი მოდის, რომ ვფიქრობ, ძალიან გადაიტვირთება კიდევ რამდენიმე მასწვალებელთან რომ ჰქონდეს გაკვეთილი. სკოლის შემდეგ დავდივართ ცურვაზე და ისეთ რაღაცაზე, რაც ჩვენს ინტერესში შედის. რეპეტიტორების თემა ბავშვზეცაა დამოკიდებული, თუ რაღაცას ვერ ითვისებს, მაშინ საჭიროა დახმარება, მაგრამ ჩვენ ამ ეტაპზე სრული ათოსნები ვართ და ვფიქრობ, ცალკე მომზდება საჭირო არ არის..


თამთა ჭელიძე, მომღერალი (ჰყავს 8 წლის ლიზა):

mshoblebi

- ლიზა მეოთხე კლასში გადავიდა და ერთ-ერთ კერძო სკოლაში სწავლობს. სკოლის შერჩევა ყველა მშობლისთვის მნიშვნელოვანი საკითხია. კერძო სკოლები თითქმის სტანდარტულია ყველგან, განსხვავებაა ფასებში. ჩვენს სკოლაში სწავლა ტრანსპორტის გარეშე 3500 ლარი ღირს, ანუ 350 ლარი თვეში. ვისაც ტრანსპორტი სჭირდება, ის 60 ლარს ამატებს. ჩვენთან ახლოსაა ეს სკოლა, ამიტომ გადაადგილების პრობლემა არ გვაქვს. უნდა ვთქვა, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან თანამედროვეა და მართლა გამჭვირვალედ ხდება მოვლენების განვითარება. ბავშვებს ხელს უწყობენ იმაში, რომ მიეჩვიონ დამოუკიდებლობას. გარდა ამისა, აქვთ ისეთი წესები, რაც მომწონს და რაც ჩემს დროს არ იყო. მაგალითად, ვგულისხმობ იმას, რომ თითოეული ბავშვის მშობელს ცალ-ცალკე იბარებენ და აცნობენ შვილის მდგომარეობასა და ნიშნებს, არ ხდება ამ ყველაფრის აფიშირება სხვა მშობლების თანდასწრებით, როგორც ადრე იყო. გარდა ამისა, ექსკურსიაზე არ შეიძლება მშობლის წასვლა, ბავშვები მიჰყავთ მხოლოდ და ამით ცდილობენ, დამოუკიდებლობას მიაჩვიონ, რაც ჩემს შვილს მართლა სჭირდება, რადგან ძაან მოწებებული მყავს, რაც არ მომწონს. სკოლა მეხმარება ამის გამოსწორებაში, მე თვითონაც დამეხმარა, რომ სხვანაირად მივდგომოდი ლიზას.
- ალბათ სკოლას აქვს წრეები, სადაც გაკვეთილების შემდეგ შეიძლება, ბავშვი დაკავდეს...
- კი, ყველაფერი აქვს თითქმის, მაგალითად ჩოგბურთი, ცეკვა, სიმღერა, უცხო ენა და ა.შ. და ამ წრეებზე სიარული ღირებულებაში შედის.
- შესაბამისად, ცალკე ამა თუ იმ საგანში მასწავლებელთან მომზადება არ გჭირდებათ...
- ეს დამოკიდებულია ბავშვზე... დაწყებით კლასებში არ მგონია, საჭირო იყოს დამატებით მასწავლებლებთან მომზადება, ყოველ შემთხვევაში ჩვენ არ გვჭირდება, შემდეგ და შემდეგ კი თუ შევატყობ, რომ რომელიღაც საგანი უჭირს, რასაკვირველია, ცალკე მოვამზადებ. ახლა ლიზას სწავლა 4-ის 20 წუთამდე აქვს, თუმცა, 6-ის ნახევრამდე შეიძლება, გახანგრძლივებულში დარჩეს, აქვთ ორჯერადი კვება და ბავშვს ეძლევა საშუალება, გაკვეთილებიც სკოლაში მოამზადოს. მშობლებს, რომლებსაც კერძო სკოლაში, გახანგრძლივებულში დაჰყავთ შვილები, რატომღაც ჰგონიათ, რომ შვილების ცოდნა არ უნდა გადაამოწმონ და მერე სკოლებს აბრალებენ, სათანადოდ არ ასწავლიანო. არადა, ასე არ არის, ბავშვს აუცილებლად სახლშიც სჭირდება მეცადინეობა, კონტროლი და გაკვეთილების კიდევ გადამეორება. 

ციცი ომანიძე


http://mshoblebi.ge/