ექსკლუზიურად „აფხაზეთის ხმისთვის“ ცნობილი გახდა ვაკეში, შრომის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის დეტალები, რომლის შესახებაც სტატია უკვე გამოქვეყნდა. ამასთან, თავდაპირველი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დედამ, რომელიც შვილის სიკვდილის თვითმხილველი გახდა, გონება დაკარგა, სიმართლეს არ შეეფერება.
ვაკეში, შრომის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი მაღალსართულიანი კორპუსის მე-12 სართულიდან 15 წლის გოგონა თვითმკვლელობის მიზნით გადმოხტა და ადგილზე გარდაიცვალა, ამ ფაქტის თვითმხილველმა მოზარდის დედამ კი გონება დაკარგა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სინამდვილეში კი დედამ, რომელიც საშინელი ტრაგედიის მოწმე გახდა და დაინახა, როგორ დაიღუპა მისი ერთადერთი შვილი, დრო იხელთა, როცა მეზობლების ყურადღება გადმომხტარი გოგონასკენ იყო მიპყრობილი, სადარბაზოში შევარდა, მეათე სართულზე ავიდა და აივნიდან გადმოხტა, თუმცა, შემთხვევითობის წყალობით, მეათედან მერვე სართულის აივანზე დაეცა, მერე კი მეზობლებმა მისი გადარჩენა მოახერხეს.
„დედა ქვემოთ ჩამოვიდა და როცა ბავშვი გარდაცვლილი ნახა, უკან შევარდა სადარბაზოში, მეათე სართულზე ავიდა და თავადაც გადმოხტა, მაგრამ მერვე სართულის აივანზე ჩავარდა“, - უთხრა თვითმხილველმა „აფხაზეთის ხმას“.
მისივე თქმით, გარდაცვლილი გოგონა მეზობლებს ძალიან უყვარდათ. ის წელს გადაიყვანეს ამერიკულ აკადემიაში სასწავლებლად და არაა გამორიცხული, თვითმკვლელობა თანატოლთა მხრიდან დამცინავი მოპყრობის გამო გადაეწყვიტა:
„ამერიკულ აკადემიაში წელს გადაიყვანეს, ძალიან კარგი, ზრდილობიანი, ცოტა მორცხვი გოგო იყო, მეზობლებს ძალიან გვიყვარდა. ამბობენ, რომ თანატოლები აკადემიაში ცუდად ექცეოდნენ“, - დაამატა თვითმხილველმა.
ამასთან, "ფეისბუქზე" ამერიკული აკადემიის მოსწავლეების მიმართ მათივე თანატოლების მიერ გამოთქმულ საყვედურსაც შეხვდებით: ერთი მოზარდი აკადემიის იმ მოსწავლეებს მიმართავს, "ვინც ლიზი ლაშხს ერთხელ მაინც უთხრა დამცინავი სიტყვა" და წერს, რომ ისინი ეზიზღება. თვითმკვლელობის გადაწყვეტილებამდე მისვლის სხვა ვერსიად გოგონასა და დედას შორის მომხდარი კონფლიქტი განიხილება, როცა დედამ შვილს უარი უთხრა თანატოლებთან ერთად ბარში გაშვებაზე, რადგან უკვე გვიანი ღამე იყო. ამ ვერსიის მიხედვით, გოგონა აივნიდან შელაპარაკების შემდეგ გადმოხტა.
"აფხაზეთის ხმა" განმარტავს, რომ სტატიაში მოყვანილი ფაქტები მხოლოდ სოციალურ ქსელში გავრცელებულ სტატუსებზე დაყრდნობითაა მოყვანილი და რედაქციის მიზანს არ წარმოადგენს სასწავლებლის რეკლამირება ან პირიქით, მისი დისკრედიტაცია.
ამ ფაქტის კიდევ ერთი თვითმხილველი "ფეისბუქზე" მომხდარს უფრო დაწვრილებით აღწერს: ის პირველი იყო, ვინც გადმომხტარი გოგონას დედას ესაუბრა, როცა ამ უკანასკნელს შვილის სხეული ჰყავდა გულში ჩაკრული:
„წუხელ, კოშმარი ღამე მქონდა… დაახლოებით 2- საათისთვის ისეთი საშინელი ხმა მომესმა, რომლის მსგავსი არასოდეს გამეგო… ვიფიქრე, ნუთუ, აქვე ახლოს რაღაც აფეთქდა- მეთქი… გავიხედე ღია ფანჯრიდან, მაგრამ ვერაფერი დავინახე… სულ რამდენიმე წამში ქალის განწირული ხმით კივილი შემომესმა… შველას ითხოვდა… გავვარდი უცებ გარეთ და ვხედავ, ახალგაზრდა ქალს შუა ქუჩაში დავარდნილი გოგონა გულში ჰყავს ჩახუტებული და უაზროდ და არაადამიანური ხმით კივის. მივედი ახლოს და მთხოვს, სასწრაფო გამოიძახეთო…
გული წაუვიდა- მეთქი? – ვეკითხები დაბნეული… არაო, მიპასუხა… გადმოვარდაო… საიდან- მეთქი, მეცხრე სართულიდანო (ჩემი სახლის გვერდით 9-სართულიანი შენობიდან), გადავირიე… ვერ აღვწერ იმ მდგომარეობას, რა დღეში ჩავვარდი, თვითონ გავხდი მოსაბრუნებელი… ამასობაში, ჩემი რძალიც გამოვარდა სახლიდან… დარეკე სასწრაფოში- მეთქი, – უკვე დავრეკეო, მიპასუხა. გოგონას კი სიცოცხლის არანაირი ნიშანი აღარ აღენიშნებოდა…
გული მომიკვდა… თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა, როგორ გაიმეტა თავი ასეთი სისასტიკით ხელეყო ღმერთისგან ბოძებული ყველაზე ძვირფასი – სიცოცხლე! ამ დროს, ნეტავ, ტვინი როგორ არის მომართული, ასეთ ნაბიჯს რომ დგამს… ნუთუ, იმ წუთას ეშმაკმა აცდუნა… სად და რატომ ჩაუსაფრდა? ეს აზრები წამში ტრიალებდა ჩემს თავში და პასუხს ვერ ვპოულობდი… უკვე თითქმის მთელი სახლის მაცხოვრებლები გამოვიდნენ, სასწრაფო არ ჩანდა, პატრული კი უცებ მოვიდა… თან უამრავი, ვერც დათვლიდი… სასწრაფოც, როგორც იქნა, გამოჩნდა…
შემდეგ, მეზობლებისგან გავიგე, გოგონა, რომელიც გადმოხტა, 15 წლის ყოფილა, დედის ერთადერთი შვილი, რომელიც უმამოდ გაუზრდია ამ ახალგაზრდა ქალს. უცებ დავინახე, მეორე ქალი, რომელიც ასევე განწირული ხმით კიოდა და მოთქვამდა, ეს რა ქენი, შვილოო…
ბებია ყოფილა გაჭირვებული. მეზობლებმა ცოტა ხნის შემდეგ ბებია სახლში აიყვანეს. გოგონა კი საკაცეზე დაასვენეს და როცა დედა მიხვდა, საავადმყოფოში აღარ მიჰყავდათ სასწრაფოს ექიმებს, მიხვდა, რომ შვილი გარდაცვლილი იყო… გასაცოდავებული, შოკში ჩავარდნილი ქალი, აღრიალებული, მეზობლებმა პატრულის დახმარებით სახლში აიყვანეს. ცოტა ხანში, ისევ იგივენაირი ხმა… ზედა სართულიდან კივილი… და ჰოი, ღმერთო ჩემო, ახლა დედა გადახტა მეცხრე სართულის უკანა აივნიდან… გადახტა, გადახტაო, იძახდა ხალხი…
პატრული და ნაწილი მოსახლეობისა სასწრაფოდ გავარდნენ სახლის უკანა მხარეს ჩაბნელებულ ეზოში, მაგრამ ქალი ვერ იპოვეს… შემდეგ ვიღაცამ დაინახა, რომ რომელიღაცა სართულის აივანი, რომელიც უფრო განიერი იყო და კარგად წინ წამოწეული, ქალი ამ აივნის სახურავზე ეგდო… მესმის მისი მდგომარეობა… წამებში დაემხო თავზე მთელი ცხოვრება, წამებში დაკარგა აზრი მისმა ამ ქვეყნად ყოფნამ, მაგრამ სიკვდილი თუ არ გიწერია, თურმე არაფრით არ მოკვდები… გადარჩა…“, – წერს თვითმხილველი.
შენიშვნა: ფოტო მასალას ერთვის თემატური კავშირის პრინციპით და არ ასახავს აღწერილ ფაქტს