გუშინ ''X ფაქტორის'' მორიგ კონცერტზე აუტსაიდერებად სოფო სააკაშვილი და აკე და ანა დასახელდნენ. როგორც უკვე იცით, პროექტის ამ ეტაპზე აუტსაიდერების ბედს ჟიური წყვეტს. ის მონაწილე, რომელსაც სამი მენტორის ხმა ექნება, პროექტში რჩება, მეორე კი კონკურს ტოვებს.
გუშინ აუტსაიდერების შეფასება სტეფანემ დაიწყო, - ''სოფო სააკაშვილის გამო მაყურებელს მინდა ვუთხრა, ბრავო! და მათ გასახარად ჩემს ხმას აკესა და ანას ვაძლევ''...
ეს ფრაზა მენტორისგან, რომელმაც სოფო სააკაშვილი ორჯერ იხსნა პროექტის დატოვებისგან, გაუგებარი აღმოჩნდა. სტეფანეს საქციელმა შოკში ჩააგდო სხვა მენტორებიც. მხრებს იჩეჩავდა თამთა გოდუაძე, გაოცებული იყო სოფო ტოროშელიძე, გიორგი გაბუნიამ სტეფანეს დაგაწყვეტილება დაუწუნა და უთხრა, რომ რა მიზეზიც არ უნდა ჰქონოდა, თავისი ბარტყის ბუდიდან გადაგდება, არ იყო მისი მხრიდან კარგი საქციელი.
ბუნებრივია სოფო ტოროშელიძემ თავისი ხმა აკესა და ანას მისცა. ხმები ორად გაიყო. მენტორთა თხოვნით სტეფანემ ბოლო მომენტში გადაწყვეტილება შეცვალა და სოფო პროექტში დარჩა.
სოფო სააკაშვილის მოულოდნელი გადაწყვეტილებით მიღებულ ემოციებზე ვკითხეთ.
- სოფო, ყველასათვის მოულოდნელი იყო სტეფანეს გუშინდელი გადაწყვეტილება. შენ როგორი რეაქცია გქონდა?
- ტელევიზორს თუ უყურეთ, მიხვდებოდით ჩემს რეაქციას. განსაკუთრებული რეაქცია არ მქონია. ეს მისი გადაწყვეტილება იყო და მე ვერაფერს შევცვლიდი.
- ელოდი ამას?
- როგორ გითხრათ, პროექტში როცა ხარ ყველაფერს უნდა ელოდო, ან გავარდები ან დარჩები.
- აუტსაიდერობაზე არ მიკითხავს, სტეფანე რომ გაგწირავდა ამას თუ ელოდი?
- ამას ვერ გეტყვით, არაფერს არ ველოდი საერთოდ. მაგრამ ყველაფერი ხდება.
- სტეფანეს ამ გადაწყვეტილებამ ხომ არ იქონია გავლენა თქვენს ურთიერთობაზე. შენ დარჩი პროექტში და მასთან მოგიწევს კვლავ მუშაობა... ალბათ მაინც დაგწყდა გული...
- არა, ვერ ვიტყვი, რომ გული დამწყდა. კონცერტი რომ დამთავრდა, კულისებში ჩვეულებრივად ვსაუბრობდით რეპერტუარზე, რაც შემდეგ კონცერტზე უნდა ვიმღერო. ამდენად, ამით ჩემსა და სტეფანეს შორის ურთიერთობა არ გაფუჭებულა.
- თუ ეცადა აეხსნა შენთვის, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება?
- ის არის მენტორი და თავად წყვეტს როგორ მოიქცეს. რაიმეს ახსნის ვალდებულება, ჩემს წინაშე არ აქვს.
- მოგწონს, ის სიმღერები რასაც სტეფანე გირჩევს?
- სტეფანე საკმაოდ გემოვნებიანი მუსიკოსია და ყოველთვის გემოვნებიანად მირჩევს სიმღერას. მომწონს ის სიმღერები, რომელიც ამ კონკურსზე შევასრულე.
- თუმცა, გუშინ გიორგი გაბუნიამ თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად და ვოკალურად შეუდარებელი ხარ პროეტში, შენს მიერ ნამღერი სიმღერები მაყურებლის გულამდე არ მიდის. როგორ გგონია, ამის თქმის საფუძველს რა აძლევს ბიჭების მენტორს?
- წარმოდგენა არ მაქვს. ეს ალბათ გაბუნიას უნდა ჰკითხოთ.
ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად საიტისთვის