ორიოდე კვირის წინ ევროპის ყველაზე პოპულარულმა არხმა – “ევრონიუსმა” – აფხაზეთში დაწყებული პოლიტიკური აქტივობის კონტექსტში გააჟღერა ცნობა, რომ აფხაზეთი, რომელიც `1925 წლამდე საბჭოთა კავშირში შედიოდა, როგორც ცალკე რესპუბლიკა”, 1925 წელს საქართველოში შევიდა ავტონომიის სახით. მაყუ-რებელს არ მიეწოდა პარალელურად ის ინფორმაცია, რომ აფხაზეთი, როგორც ტერიტორია, ყოველთვის იყო საქართველოს ნაწილი კოლხეთის სამეფოს ეპოქიდან დღემდე, ხოლო 1921 წელს რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობიდან 1925 წლამდე, მას რუსეთი ისე განკარგავდა, რომ არაფერს ეკითხებოდა არც აფხაზებს (აფსუებს),
მოსახლეობის 17%-ს, არც ქართველებს (მოსახლეობის 40%-ს), და არც ამ ტერიტორიაზე მაცხოვრებელ რომელსამე სხვა მოდგმასა და ჯილაგს, რომლებიც ჯერ თურქებმა შემოიყვანეს საქართველოს პირველი რუსული ანექსიიდან 1850-იან წლებამდე, ხოლო შემდეგ რუსებმა. ამგვარად, მსოფლიო მაყურებელი დღეს მომზადებულია, რომ ამ უახლოეს დღეებსა და თვეებში მოსალოდნელი მცდელობები
_ რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიისა
_ “ევრაზიის” გაერთიანებაში აფხაზეთის შეყვანისა, როგორც წევრისა
_ აფხაზეთიდან (გალის რაიონის ჩათვლით) ქართველი მოსახლეობის გამოდევნისა, რისკენაც `პრეზიდენტობის~ ახალი კანდიდატი ხაჯიმბა ხალხს მოუწოდებს
_ რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციისა გალის რაიონში (დღეს იქ მხოლოდ აფხაზები დგანან)
_ რუსების ახალი შემოტევისა აფხაზეთის მხრიდან საქართველოს სიღრმეში, ანუ დასავლეთისათვის დემონსტრატიულად “კბილის მოსინჯვისა”
_ ასი ათასი თითქოს “მოჰაჯირის”, სინამდვილეში კი საგანგებო დავალებით დატვირთული თურქის შემოსახლებისა გალის რაიონში და არაერთი სხვა რამ აღიქვას, როგორც საქართველოს მიერ 1925 წელს “გადაყლაპული” მცირე ქვეყნის რუსეთის მიერ განთავისუფლების ოპერაციის ნაწილები.
“ევრონიუსის” ეს არაადექვატური პუბლიკაცია, ამ არხის ჩვეული ობიექტურობის ფონზე, მიგვითითებს რუსეთის კონკრეტულ სტრატეგიულსა და აგრესიულ გეგ¬მებზე ამ რეგიონში უახლოესი დროისათვის. ამ გეგმის გეოსტრატეგიული ელემენტები (სხვა მრავალს შორის) შემდეგია
1. აფხაზეთში არსებული ყველა პოლიტიკური სუბიექტი რომ ცალსახად მართულია რუსეთის მიერ, ეჭვს არ იწვევს. რუსეთმა აფხაზეთის “პრეზიდენტის” პოსტზე ამ რამდენიმე დღის წინ, ფაქტობრივად, უკვე შეცვალა შედარებით ზომიერი ანქვაბი უფრო აგრესიული ხაჯიმბათი, რომელიც ღიად აცხადებს ქართველის მოსახლეობისაგან აფხაზეთის სრული “გაწმენდის” პროგრამას. ეს პროგრამა, თუ რუსს არ შეუშალეს, გატარდება. საქართველო ამას რუსეთის სამხედრო ძალის იქ ყოფნის პი¬რო¬ბებში ვერ შეუშლის. დასავლეთი რამდენად ჩაერევა და რა ფორმით, არ ვიცით.
რუსეთის “ხეირი” ამ ოპერაციით, ყველა შემთხვევაში, შემდეგია: მოსალოდნელი კატასტროფის შიშის პირობებში საქართველოს პრორუსულ ხელისუფლებას საშუალება ექნება ხალხს უთხრას: “რა ვქნათ, ვიღუპებით. რუსეთთან ნებისმიერ ფასად უნდა დავზავდეთ” და იურიდიული კაპიტულაცია მოახდინოს. ეს კაპიტულაცია იქნება ან: ა) აფხაზეთის აღიარება საქართველოს მიერ, ან ბ) ოკუპაციის კანონის გაუქმება, ან გ) “კონფედერაციაზე” წასვლა ანუ აფხაზეთის დამოუკიდებლობის არაპირდაპირი აღიარება (ამ პოლიტიკას მიჰმართავდა შევარდნაძე: აწყობდა კატასტროფას, მაგ. სოხუმის დაცემას, და მერე ამბობდა “რა ვქნათ, ხალხო, მოვტყუვდით. ახლა სხვა გზა არ გვაქვს, უნდა დავთმოთ”.
2. “მუჰაჯირების” სახელით შემოიყვანენ საგანგებოდ მომზადებულ ახალ მოსახლეობას გალის რაიონში (თურქეთიდან და ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე სხვა ქვეყნიდან). ამით აფხაზეთის დემოგრაფიული სურათი რადიკალურად იცვლება. “აფხაზები” (აფსუები) ადგილობრივებს შორის (ანუ არა რუსებს შორის) უმრავლესობა ხდებიან. ეს ხდება ახლავე, რუსების იქ დგომის პირობებში. მაგრამ ვინაიდან უკვე დასახლებული მოსახლეობის აყრა და გასახლება-გაგდება, მოქმედი დაწერი-ლი და დაუწერელი ნორმებით, დაუშვებელია, ეს დემოგრაფიული ახალი სურათი სამუდამოდ რჩება. ამგვარად, ამ სტატეგიულ ტერიტორიაზე რეალური ბატონობა (გავლენის სახით მაინც) რჩება ჩუმი ურთიერთმოკავშირეების – რუსეთისა და თურქეთის – ხელში. ორივე ამ ქვეყნისათვის ეს ისტორიულმაშტაბიანი და არა მხოლოდ დროებითი გამარჯვებაა.
3. რუსეთი გარდუვალად მარცხდება უკრაინაში. ის, რომ რუსეთი ღია სამხედრო ჩარევის უფლებას თავს ვერ მისცემს, უკვე ჩანს. უკრაინის რეგულარული შეიარაღებული ძალები, რომელთაც ავიაციის და ჯავშანტექნიკის გამოყენების კანონიერი უფლება აქვთ, გარდუვალად დააწყნარებენ პარტიზანულ ძალებს, რომლებიც (რაკი პუტინმა ღია ჩარევა ვერ მოახდინა) მხოლოდ სამსროლელო იარაღით (ავტომატი, ყუმბარმტყორცნი და ა.შ.) და ჩუმად შემოპარებული საზენიტო დანადგარებით ომობენ. ამ პირობებში პუტინს თავისი რეიტინგის ინტერესები რუსეთში აიძულებენ, ამ დამარცხების კომპენსაცია საქართველოში ეძებოს. იგი აახლებს საქართველოზე შემოტევას და იკავებს ამ ქვეყანას. ამით იგი ახდენს თავისი რეიტინგის აღდგენას რუსეთში იმ დრომდე, სანამ დასავლეთთან რუსეთის დაპირისპირება სამხედრო დაპირისპირებად არ იქცევა, რომელშიც რუსეთს გამარჯვების შანსი არ გააჩნია თეორიულადაც კი. მანამდე, რუსეთის თვალში საკუთარი “სახის” გადასარჩენად და უკრაინის დაკარგვით გამოწვეული მარცხის შესარბილებლად, იგი საქართველოს იყენებს, როგორც დასავლეთთან “ვაჭრობის” საგანს.
4. მომავალი ახალი “პრეზიდენტი” ხაჯიმბა, ანქვაბისაგან განსხვავებით, რუსებს უხსნის უძრავი საკუთრების ბაზარს, ანუ ნებას ჰრთავს მიწის გაყიდვას რუსებზე. ამით აფხაზეთში უმოკლეს დროში მოსახლეობის რადიკალური რუსიფიკაცია ხდება. აფხაზეთის მოსახლეობის უმრავლესობა რუსული ხდება და, შესაბამისად, რუსეთი მკვიდრდება შავი ზღვის პირად კავკასიონის სამხრეთით, როგორც “ამიერკავკასიურ ქვეყანად” ყოფნის სამუდამო პრეტენდენტი. ამ იურიდიული ახალი სტატუსის ფონზე რუსეთი (აწ და სამარადისოდ) საშუალებას იძენს, რომ თავისი დე ფაქტო დროებითი გაძლიერების ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ქმედითად ემსახუროს თავის ამჟამად და სამომავლოდ ძირითად გეოსტრატეგიულ მიზანს – დასავლეთისათვის შუა აზიის გადაკეტვას და პირიქით.
5. საქართველოს დე ფაქტოდ დაკავების შემთხვევაში (და, შესაძლოა, ამის გარეშეც) საქართველოს შანტაჟირების გზით რუსეთი სძალავს მას კაბალურ შეთანხმებებს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთ-სომხეთის კომუნიკაციების დაკანონების შესახებ (დერეფანი ბათუმიდან სომხეთისკენ, გამჭოლი ტრასა ყაზბეგი- დმანისის გზით, მთავარი მაგისტრალებიდან – ხაშური-ჯავახეთის გზით და ა.შ.). ანალოგიურად, სძალავს მას დერეფანს (ან დერეფნებს) თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის, რამდენადაც აზერბაიჯანი თურქულ-რუსული ჩუმი ალიანსის მეტ-ნაკლები გაოფიციალურებისთანავე ამ ალიანსის ერთგული დამხმარე ან წევრი იქნება.
პუტინის რუსეთის ამ გეოსტრატეგიულ განზრახვებს რეალური განხორციელება არ უწერია. ამის შანსი მას არა აქვს (ვინაიდან შავი ზღვა-კავკასიის რეგიონში დასავლეთის ძალებიც უკვე დიდი ხანია, რაც აღემატება რუსეთისას, და მისი გეოპოლიტიკური დაინტერესების ხარისხიც). შუა აზია ხომ მესამე მსოფლიო ომის (რომელიც უკვე მიმდინარეობს “ცივი” სახით) ცენტრალური სტრატეგიული პოზი-ციაა! (ამაზე მრავალჯერ გვქონია მსჯელობა და აქ ამ თემაზე საუბარს აღარ ვაგრძელებთ). მაგრამ ამ ხანგრძლივ სამხედრო კონფლიქტს, რომელსაც პუტინი ამზადებს, როგორც სამხედრო მომენტის შემცველ ავანტურას, ამ ხნის მანძილზე ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან დიდი ზიანის მოტანა შეუძლია როგორც მოსახლეობის ფიზიკური დაზიანების, ისე ეკონომიკური ინფრასტრუქტურული ფიზიკური ნგრე-ვისა და, რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნისათვის საზარალო იურიდიული და დემოგრაფიული შედეგების სახით, სახელდობრ, საერთაშორისო ხელშეკრულებების და ჩვენს ქვეყანაში ახალი “მოსახლეობების” დალექვის სახით. ამ შედეგებისაგან ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობითი დაცვა ჩვენი აქტუალური დღევანდელი მოვალეობაა. თქმულიდან გამომდინარე,
საქართველოს დღეს არსებული ხელისუფლება თავისი ანტიქართული “უმრავლესობა-უმცირესობის” სახით მოვალეა, ქვეყნის ღალატის ბრალდებით მომავალი გასამართლების რიდით, მოახდინოს შემდეგი:
1. დააფორმულოს და გაავრცელოს ოფიციალური ინფორმაცია აფხაზეთის ტერიტორიის რეალური ისტორიის შესახებ მეცნიერული ცოდნის საფუძველზე.
2. შემოიღოს კანონი გენოციდისა და ეთნიკური წმენდის (აგრეთვე – მათი მცდელობის ყველა ფორმის) უმკაცრესი დასჯადობის შესახებ და დღევანდელი უკმარისი კანონმდებლობითვე აღძრას სისხლის სამართლის საქმე ხაჯიმბას ამასწინანდელი განცხადების გამო (ქართველი მოსახლეობის მოცილების საჭიროების შესახებ).
3. აღძრას საქმე აფხაზეთში უკვე ჩატარებული ეთნოწმენდისა და ქართველი მოსახლეობის გენოციდის შესახებ პროკურატურის მიერ უკვე მრავალი წლის წინ შედგენილი საბრალდებლო დასკვნის საფუძველზე.
4. გამოიძიოს აფხაზეთში ქართველი მოსახლეობის მიმართ გენოციდისა და ეთნოწმენდის პროცესში (1992-1993) ამ გამოძიების პირველი ხელმძღვანელის გივი ეხვაიას და მისი სიკვდილის შემდეგ მისი ამ ფუნქციაში შემცვლელის ალექსანდრე შუშანაშვილის სიკვდილის გარემოებები.
5. დაადგინოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით და მსოფლიოს წინაშე ფართოდ ცნობილი გახადოს ის, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე არც ერთი პირის არც სადღეისოდ უკვე მომხდარი დასახლება, ოკუპანტის მიერ ორგანიზებული, და არც ოკუპაციის პირობებში მომხდარი ახალი დასახლება არ იქნება აღიარებული კანონიერად საქართველოს სახელმწიფოს მიერ; შემოსახლებულ პირს არ მიეცემა არც მოქალაქეობა, არც საქართველოს (აფხაზეთის ჩათვლით) ტერიტორიაზე უძრავი ქონების (მათ შორის – მიწისა და მასზე მდგარი ნაგებობის) საკუთრების უფლება.
6. კანონით შემოიღოს სასჯელის უმაღლესი ზომა საქართველოში (აფხაზეთში და სხვა ნებისმიერ ადგილას) უცხოეთიდან საომრად შემოსული ნებისმიერი შეიარაღებული პირისათვის.
7. ოფიციალურად დააფიქსიროს მსოფლიოს წინაშე, რომ რუსეთი არის საქართველოში ქართველთა გენოციდის და ქართველთაგან ამ ტერიტორიის ეთნიკური წმენდის ერთიანი უმაღლესი ორგანიზატორი, ხოლო ხოლო აფსუა (“აფხაზი”) და ოსი მოსახლეობის ის ნაწილები, რომელთაც ამ დანაშაულებრივ ღონისძიებაში ფაქტობრივი მონაწილეობა მიიღეს, მოქმედებდნენ მხოლოდ რუსების ნებართვით, წაქეზებით, ადგილზე დაცვით და დიპლომატიური დაცვით მსოფლიოს მიერ ფიქსაციისაგან.
საქართველოს პარლამენტისა და პრეზიდენტის მოვალეობაა აგრეთვე, რომ საქართველოს საერთაშორისო პოლიტიკის კონტექსტში ოფიციალურად ცნობილი გახადოს ყველა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანზაციისათვის ისტორიული მეცნიერების შემდეგი მონაცემები:
1. დღევანდელი აფხაზეთის მთელი ტერიტორია ისტორიის ყველა ცნობილ ეტაპზე, კოლხეთის სახელმწიფოდან დაწყებული, არის საქართველოს სამეფოსა და მისი წინაპარი და შემადგენელი პოლიტიკური ერთეულების ნაწილი. დღევანდელი ქართველი ერის წინაპარნი არიან ერთადერთი მოსახლეობა, ორი ბერძნული კოლონიის გარდა, რომელმაც ეს ტერიტორია გადაიყვანა ხელუხლებელი ბუნების მდგომარეობიდან განვითარებული ფეოდალური ცივილიზაციის მდგომარეობაში.
2. დღევანდელი აფსუა მოსახლეობა ამ ტერიტორიაზე შემოსახლებული (ძირითადად XVII სს-ში), ჩრდილოეთიდან შემოსული ადიღეური მოდგმის ტომია, საქართველოში დასახლების შემდეგ “აფხაზად” წოდებული მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს “აფხაზეთად” წოდებულ ნაწილში დასახლდა.
3. ფეოდალურ საქართველოში შემოსახლების შემდეგ აფსუა ტომები ბუნებრივად ჩაერთნენ ფეოდალური ცხოვრების სისტემაში. მათ, ქვეყანაში არსებულ თარგზე, შექმნეს თავისი მოდგმის თავად-აზნაურობა, რომელთა მწიგნობრობის ენა იყო ქართული. ისინი აზნაურები (ვასალები) იყვნენ ან სამეგრელოს მთავარ დადიანისა, რომელიც თავის მხრივ იმერეთის მეფის ვასალი იყო, ან პირ-დაპირ იმერეთის მეფისა. ასევე, აფხაზეთის სამთავრო იყო ვასალური ერთეული სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროსი.
4. შემოსახლებულთა არც დემოგრაფიულ წარმატებები, არც მათი სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერება არასოდეს მიყვანილა იმ ნიშნულამდე, რომ ეს ტერიტორია დანარჩენი საქართველოსაგან იურიდიულად მოწყვეტილიყო. შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფოს უფლების უპირობობისათვის, რომ, ამ ტერიტორიაზე თავის იურისდიქციას ახორციელებდეს, საპირისპირო არგუმენტი არ არსებობს.
5. საქართველოში ინტეგრაციის შედეგად აფსუა (“აფხაზ”) მოსახლეობას თანდათანობით გაუწყდა ფსიქოლოგიური კავშირი დანარჩენ ადიღე ტომებთან. მას ახალი, საკუთარი ეთნიკური ცნობიერება შეუმუშავდა – აფსუური თვითიდენ¬ტი-ფი¬კაცია, რის გამოც დღეს საქართველოს გარეთ, ფსიქოლოგიურად, მას სამშობლო აღარ აქვს. ქართველი ხალხი მის ამ თავისუფალ გადაწყვეტილებას პატივს სცემს. იგი ამ მოსახლეობას განიხილავს არა როგორც დიასპორას, არამედ როგორც თავისი ამ ახალი თვითიდენტიფიკაციის – აფსუებად (სხვა ენებზე კი – აფხაზებად) თვითიდენტიფიკაციის – შესაბამისად საკუთარი ეროვნული საზოგადოების შენების უფლების მქონეს.
6. საქართველოს პოლიტიკურად მოაზროვნე საზოგადოებრიობის, პრაქტიკულად, ერთსულოვანი აზრი ამ ტერიტორიის პოლიტიკური და იურიდიული სტატუსის შესახებ არის ის, რომ ამ ტერიტორიას უნდა ჰქონდეს ფართო ავტონომია. სახელდობრ, იქ, სადაც აფსუა (“აფხაზი”) ხალხი კომპაქტურად ცხოვრობს (ასეთია ამ ტერიტორიის დაახლოებით 25%), მას უნდა ჰქონდეს უფლება და პრაქტიკული საშუალება, საკუთარი ტრადიციით, გემოვნებით, ნებით და სოციალურ ფორმათა არჩევანით საკუთარი სამოქალაქო საზოგადოების შენებისა ანუ საკუთარი გზების ძებნისა სამართლიანობის, კეთილდღეობის, თანასწორობის, კულტურული პროგრესის და სხვა ზოგადადამიანური იდეალების განხორციელებისათვის საქართველოს კონსტიტუციის დაურღვევლად. საქართველოს ყველა სხვა წერტილში აფსუა (“აფხაზი”) ხალხის საკუთრივ ეროვნული ინტერესების წინ წაწევის ფორმაა ე.წ. ფუნქციური ავტონომია პრინციპით “ინტეგრაცია ასიმილაციის გარეშე”.
ნოდარ ნათაძე