სალომე გოგიაშვილის დიეტა - როგორ დაიკლო ტელეწამყვანმა 3 თვეში 22 კილო?

ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი სამი თვის წინ დედა გახდა. ორსულობის დროს საგრძნობლად მოიმატა წონაში, თუმცა მკაცრი დიეტის წყალობით ზედმეტი კილოგრამები მალე დაიკლო და საკუთარ წონას მხოლოდ 3 კილოგრამის დაკლება აშორებს. 

როგორ მოახერხა 3 თვეში 22 კილოგრამის დაკლება, ამის შესახებ სალომე marao.ge-ს მკითხველს უამბობს.

– სალომე, რამდენი კილო მოიმატე ორსულობისას?


– ბოლოს ორსულობის მერვე თვეში ავიწონე და 21 კილო მქონდა მომატებული. მას შემდეგ რამდენი მოვიმატე, ზუსტად აღარ ვიცი. ალბათ, 25 კილოგრამი. 

– როგორ დაიკელი?

– სამშობიაროდან გამოსვლის შემდეგ ვთქვი, დამთავრდა ჩემი და საჭმლის ურთიერთობა-მეთქი. დავიცავი ორკვირიანი მკაცრი დიეტა და ეს შედეგი მივიღე. როგორი მკაცრი დიეტაც უნდა დავიცვა, კახექსიურ სიგამხდრეს ვერ ვაღწევ ხოლმე. მაქვს ადგილები, სადაც იმავე წონის ვრჩები. მშობიარობიდან 3 თვე გავიდა უკვე და ეს დრო დამჭირდა ჩემი ძველი წონის დასაბრუნებლად. ვცდილობ, ცომეულისგან თავი შევიკავო. დღეში მხოლოდ ერთხელ მივირთმევ გემრიელად, დანარჩენ დროს ყავას ვსვამ. თუ ყავა არ მშველის, ხილს მივირთმევ. რამდენად კარგია ორგანიზმისთვის ეს დიეტა, არ ვიცი.

– გაგვიმხილე შენი ორკვირიანი მკაცრი დიეტა...

– ეს იყო წამება, ვამბობდი, მიწას ვჭამ-მეთქი. დღეში ვჭამდი მხოლოდ ერთ კიტრს, პომიდორს და სალათის 4 ფურცელს. მერე დავამატე ერთი ნაჭერი ლორი. რთული, მაგრამ ეფექტური დიეტა იყო, რამდენიმე დღეში 5 კილოგრამი დავიკელი.

– ვარჯიშით წონის დაკლება არ გიცდია?

– ყოველთვის მეზარებოდა ვარჯიში, მაგრამ ახლა დავაძალე ჩემს თავს ვივარჯიშო და დავდივარ ცურვაზე. შეკრული ქალი უფრო მომხიბვლელია, ვიდრე ჩამოკიდებული ხორცები. მით უმეტეს, უკვე ასაკში შევდივარ. სახლის პირობებშიც მარტივად მოსახერხებელია ვარჯიში, მე სახლში ვვარჯიშობ. სულ რომ არ ვივარჯიშო, 3 შვილის ხელში ყოველდღე ვვარჯიშობ. რადგან დამწყები ვიყავი, არ მინდოდა კუნთების დაჭიმვა და ათი პრესით დავიწყე ვარჯიში. ახლა უკვე 20-ზე ავედი. თუ ტელეფონი აღარ ავიღე, იცოდეთ, რომ მოვკვდი (იცინის). იმიტომ, რომ ძალიან მიჭირს. 

– წონის შენარჩუნება გიჭირს?

– ძირითადად, ერთ წონაზე ვარ, მაქსიმუმ 2 კილოს ვიმატებ. მაგრამ ესეც საგრძნობლად მეტყობა როგორც სამოსზე, ასევე ტანზეც. ახლა გადაწყვეტილი მაქვს, უფრო მეტი, დაახლოებით 5 კილო დავიკლო, შემდეგ ბევრი რომ ვჭამო (იცინის).

სპეციალურად საიტისთვის - თამარ ბოჭორიშვილი