თეა წულუკიანს ხათუნა გოგორიშვილის ადგილას აჰმედ იმამყულიევის გამო...

ბრძოლა წესების გარეშე. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხათუნა გოგორიშვილი ამჯერად ზეწოლაში პარლამენტის თავმჯდომარეს ადანაშაულებს. მისი თქმით, განცხადებით, მას პირადად დავით უსუფაშვილმა შესთავაზა, მოეხსნათ მარნეულის გამგებლობის კანდიდატი აჰმედ იმამყულიევი. გოგორიშვილის განმარტებით, შეთავაზების არგუმენტი იმაში მდგომარეობდა, რომ კანდიდატი იყო ძლიერი და დიდი მხარდაჭერა ჰქონდა. 


„12 მაისს, თბილისში, იუსტიციის სახლში, შეხვედრა მქონდა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან. მან მითხრა, ხომ არ ვიფიქრებდით, მარნეულში კანდიდატურა მოგვეხსნა და ჩვენს კანდიდატს არ ეყარა კენჭი. მან ეს იმით ახსნა, რომ ზუსტად იცოდნენ, თუ როგორი მხარდაჭერა აქვს და რამდენად ძლიერია. მას შემდეგ რაც ჩემგან უარი მიიღო, ჩვენი შეხვედრა დასრულდა.

რამდენიმე დღის წინ, რაც ეს თითიდან გამოწოვილი საჩივარი დაიწერა ყველასათვის უცხო,  აქამდე რომ არც ერთი საჩივარი და განცხადება არ დაუწერია ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ და კომისიაში შეტანილ იქნა ყველანაირი ვადის დარღვევით, ნამდვილად შევატყობინე ბატონ დავითს, რომ თუ ეს წითელი ხაზი გადაკვეთილი იყო, იძულებული ვიქნებოდი, გამოვსულიყავი და ეს განცხადება გამეკეთებინა“, - აცხადებს მედიასთან საუბარში ხათუნა გოგორიშვილი. 
აჰმედ იმამყულიევის კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით გოგორიშვილი სხვა შემთხვევასაც იხსენებს და ამ კონტექსტში დეპუტატ ალი მამედოვს ასახელებს. 

„ეს პროცესი დღეს არ დაწყებულა. პროცესი დაიწყო ჯერ კიდევ მაშინ, როცა იმამყულიევის კანდიდატურა ოფიციალურად დასახელებული და წარდგენილი არ იყოს. თავდაპირველად იყო გარკვეული შეთავაზებები, ჩემმა კოლეგამ, ალი მამედოვმა მას შესთავაზა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი არჩევნებში მონაწილეობაზე უარს იტყოდა და კენჭს არ იყრიდა, ყველანაირ სიკეთეს მიიღებდა. მას შემდეგ, რაც უარი მიიღო, რაც მოსყიდვით შედეგს ვერ მიაღწიეს, მუქარებზე გადავიდნენ. იყო პირდაპირი დაშინება, იყო პირდაპირი მოწოდება სხვადასხვა თანამდებობის პირების, მათი ნათესავების მხრიდან“, - აცხადებს ხათუნა გოგორიშვილი. 

გოგორიშვილის ბრალდებას სპეციალური განცხადებით უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარე სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ამ შეხვედრაზე არ ყოფილა ნახსენები არც ერთი გვარი და სახელი, არ განხილულა არც ერთი კანდიდატის საარჩევნო რეიტინგი თუ წარმატების ალბათობა და არ ყოფილა არც „დამითმე-დაგითმობაზე“ საუბარი.

„საუბარი შეეხებოდა ქვეყნის ეროვნული ინტერესების საზიანო შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილების მოდელებს და არა ვინმეს პერსონალურად. შეხვედრამ ჩაირა საქმიან, მშვიდ ვითარებაში. შევთანხმდით შემდგომი კონსულტაციების აუცილებლობაზე. შევთანხმდით იმაზეც, თუ რაზე ვერ შევთანხმდით. ეს საკითხებიც, რაზეც შეთანხმება სხვადასხვა გარემოებათა გამო შეუძლებლად ჩავთვალეთ, შეეხებოდა მოდელებს და არა ვინმეს პიროვნულად.

მიუხედავად ყოვლად უღირსი სპეკულაციებისა, მე არ და ვერ ვისაუბრებ ამაზე უფრო დეტალურად ვერც ამ შეხვედრის და ვერც ათობით სხვა შეხვედრის თაობაზე, სადაც „ნაცმოძრაობის“ თუ სხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან უამრავი მგრძნობიარე სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური საკითხი განხილულა. არც სხვას ვუსურვებ ისეთ პიროვნულ თუ პოლიტიკურ აგონიაში აღმოჩენას, რომ ელემენტარული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, ადამიანური ღირსება და კეთილგონიერება დაკარგოს. 
აქვე ვაცხადებ, რომ ამ თემაზე არ ვაპირებ ვინმესთან შემდგომ დებატებს. ერთადერთი, თუ რამე არსობრივი ან ეთიკური შეკითხვა აქვს ამ შეხვედრის თაობაზე, მზად ვარ ვუპასუხო ბატონ დავით ბაქრაძეს, რომლის წარმომადგენლადაც მესტუმრა ქალბატონი გოგორიშვილი“, - ნათქვამია დავით უსუფაშვილის განცხადებაში.

„ნაციონალური მოძრაობა“ უწყებათაშორისი კომისიისგან ითხოვს დადგინდეს, რა საუბარი ჰქონდა პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს უმცირესობის წევრებთან.

„პირველად მან მოიყვანა არგუმენტად, რომ ეთნიკური აზერბაიჯანელის კანდიდატურა იწვევს გარკვეულ პრობლემებს „ქართული ოცნებისათვის“ და ხელისუფლებისათვის. ამიტომ იმამყულიევის კანდიდატურა მარნეულში უნდა მოგვეხსნა. ამას ნამდვილად სჭირდება გამოძიება“, - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

იუსტიციის მინისტრის, უწყებათაშორისო კომისიის ხელმძღვანელის, თეა წულუკიანის განცხადებით, პარტიებს, იმის მიუხედავად, რომ ერთმანეთს არჩევნებში გამარჯვების მიზნით ეჯიბრებიან, არ უნდა დაავიწყდეს საკუთარი სამშობლო.

„რაც შეეხება დავით უსუფაშვილს, მე ქალბატონი ხათუნა გოგორიშვილის ადგილას შემრცხვებოდა ისეთ ლიბერალ ადამიანს, როგორიც "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი დავით უსუფაშვილია, ბრალი დავდო იმაში, თითქოს ეთნიკური ნიშნით რაღაც ზეწოლას ახორციელებდა. ეს არის სირცხვილი“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას თეა წულუკიანმა. 

პარლამენტის წევრი ალი მამედოვი for.ge-სთან საუბრისას აჰმედ იმამყულიევთან ნაცნობობას ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ მასთან კანდიდატის მოხსნასთან დაკავშირებით საუბარი არ ჰქონია.

„ამ ადამიანისთვის მსგავსი არაფერი არ მითქვამს. არსებობს სატელეფონო საუბრები და შეუძია სამართალდამცავებს ამის ამოღება. ხათუნა გოგორიშვილი და ის ხალხი ვინც აცხადებს, რომ თითქოსდა მე დავურეკე მათ კანდიდატს რა რაღაცა შევპირდი, ეს არის ცილისწამება, რომელსაც ოპოზიცია ჩემს წინააღმდეგ აწარამოებს. გაკვირველული ვარ რომ ჩემი სახელი დააკავშირეს ასეთ დეზინფორმაციასთან“, - ამბობს ალი მამედოვი.

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი გია ვოლსკი ამბობს, რომ სცენარი რომელსაც ხათუნა გოგორიშვილი გვთავაზობს, არასერიოზულია. მისი თქმით, სცენარის ადრესატი დასავლეთია, რადგან ქართულ საზოგადოებაში ძალიან მყარად გაჩნდა იმედი, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ზეწოლებს, გაყალბებას მოეღება ბოლო.

„დავით უსუფაშვილი არის კლასიკური პარლამენტის თავმჯდომარე, თურმე ეძახის ხათუნა გოგორიშვილს რატომღაც დიდ ნდობას უცახდებს და სთხოვს მას, რომ კანდიდატურა გადააყენოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ზეწოლას ახორცილებს ხათუნა გოგორიშვილზე დავით უსუფაშვილი, ეს რაღაცა ფანტასტიკის სფეროდან არის. რაც უფრო ფანტაზიურია სიუჟეტი, უფრო სკანდალურია, სწორედ ეს არაის მიზეზი რის გამოც დავით უსუფაშვილი ჩართეს ამ რიტორიკაში, რომ თავისი ყურადღება მიიქციონ.

რასაკვირველია დასავლეთისთვის არის გათვლილი, მაგრამ ქართულ საზოგადოებაში ძალიან მყარად გაჩნდა იმის იმედი, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ზეწოლებს, გაყალბებას მოეღება ბოლო. ქართული საზოგადოების განვითარებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას. ეს არის პირველი დამახასიათებელი ნიშანი განვითარებული ქვეყნისათვის, ძალიან დიდი ნაბიჯებია ამ მხრივ ჩვენი ხელისუფლების პირობებში გადადგმული.  

ამან ცუდ ხასიათზე დააყენა „ნაციონალური მოძრაობა“ და აქიდან გამომდინარე ცდილობენ, რომ ჩრდილი მიაყენონ ხელისუფლებას. „ქვა-ქვაზე ნუ დარჩენილა მე თუ არ ვიქნები“ -  ეს არის „ნაციონალური მოძრაოაბის“ დევიზი. მათ უნდათ ხინჯი შეიტანონ ყველა იმ მიმართულებით, სადაც სტაბილიზაცია მოახდინა ხელისუფლებამ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გია ვოლსკი.