ლადო ბედუკაძე: ჩამოათრიონ და პასუხი აგებინონ მძორს, ამ რეჟიმის არქიტექტორს, რომელიც დღეს თავისუფალია!

საზოგადოებრივი მონიტორინგის ცენტრის თავმჯდომარე ლადო ბედუკაძე „facebook"-ზე სატატუს აქვეყნებს, სადაც გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ბაჩო ახალაიას ახალ ბრალდებაში ის მთავარი მოწმეა, უარყოფს.
„მიზანმიმართულად ცრუ ინფორმაცია ვრცელდება ბატონ ახალაიას ადვოკატების მიერ, თითქოს ჩემი ჩვენებაა ძირითადი რომელიღაც კონკრეტულ საქმეში.


2012 წლის 1 ოქტომბრამდე გაზეთ „ასავალ-დასავალის" საშუალებით, საპყრობილედან უშუალოდ ჩემი ინიციატივით და გადაწყვეტილებით მოპარული ვიდეო ჩანაწერების გავრცელებით და მას შემდეგაც, სააკაშვილის რეჟიმის სისტემურ დანაშაულთა მამხილებელ, მრავალ სისხლის სამართლის საქმეში მომიწია ჩვენების მიცემა. პირველი მათგანი ჩემს მიერ გაჟღერებული პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის და ელდარ ქობალიას საქმეები გახლდათ, რომლებიც სააკაშვილის „ჯაშუშომანიის" მსხვერპლნი გახდნენ. ჩემი ჩვენებები დევს პოლიტოლოგ, პროფესორ ვახტანგ მაისაიას და ასევე ჯაშუშობისთვის ბრალდებულ მალხაზ არქანიას წამების საქმეში და არც ერთ მათგანში არაა ერთადერთი და ძირითადი. ეს ჩვენებები თავისუფლად ხელმისაწვდომია ყველასთვის, მათ შორის ბატონ ახალაიას ადვოკატებისათვის. თუ, რომელიმე მათგანში საქმის შემდგომი გამოძიებით გამოიკვეთება კონკრეტულად ვინმეს, მათ შორის ბაჩანა ახალაიას თუ ივანე მერაბიშვილის ბრალეულობის საკითხი, ეს ჩემთვის წინასწარ უცნობია. უშუალოდ გამოძიების პრეროგატივაა ამის დადასტურებაც და გაჟღერებაც.

ახალაია ან მერაბიშვილი არ გახლავთ იმ სისხლიანი რეჟიმის შემოქმედნი, ეს პირები იყვნენ შემსრულებლები. მინდა როგორც რიგითმა ქართველმა მოვუწოდო, ვთხოვო საქართველოს პროკურატურას, ნუ შეეშინდებათ ვინმეს „აღშფოთება - შეშფოთების". იმოქმედონ ქართველი ერის ინტერესებიდან გამომდინარე. უკაცრავად  გამოთქმისთვის - ჩამოათრიონ და პასუხი აგებინონ მძორს, ამ რეჟიმის არქიტექტორს, რომელიც დღეს თავისუფალია, მშვიდობის მტრედივით დანავარდობს, მორალს გვიკითხავს, ადამიანთა შორის სიყვარულსა და სათნოებაზე ჟღურტულებს და მის მიერ „აშენებული" ქვეყნის დანგრევისთვის „პასუხის მოთხოვნით" იმუქრება. სანამ ეს ადამიანი არ დაისჯება, საქართველოს მშვიდობა ვერ ეღირსება, საქართველოში სამართლიანობის აღდგენაზე საუბარი გადაჭარბებული იქნება."- წერს ლადო ბედუკაძე.