მომღერალმა სოფო ტოროშელიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება, რომელიც განხილვის საგნად იქცა:
"ჰომოსექსუალებო, რაღაც ძალიან გამრავლდით! და სააშკარაოზე გამოფინეთ ყველაფერი. არა, საწინააღმდეგო კი არაფერი მაქვს! ვისაც როგორ უნდა, ისე იცხოვროს! მე არ მაქვს უფლება, სხვა ადამიანი ვაკრიტიკო იმიტომ, რომ ხვალ შეიძლება გათენდეს და ყველაფერი მე თვითონ დამემართოს! უბრალოდ, რაღაც უჩვეულოდ ბევრნი ხართ უკვე! არაფერს მიშავებენ, არც მაწუხებენ! უბრალოდ, მიკვირს, რომ ასე უცებ დაიკიდეს ყველაფერი, აღარ მალავენ. თბილისში დავიბადე და გავიზარდე და არა - პარიზში, რა ვიცი, არ ვარ მიჩვეული და მიკვირს!.. ბოლო დროს ფაქტებს შევესწარი ძალიან ბევრს და გამიკვირდა. ეტყობა მაინც მოვიკოჭლებ ერუდირებასა და თავისუფლებაში".
მომღერლის ეს პოსტი მაშინვე შერაცხეს ჰომოფობიად და განცხადებას ერთ-ერთი პირველი "იდენტობის" ხელმძღვანელი ირაკლი ვაჭარაძე გამოეხმაურა: ""საქართველოში მანამდე იქნება სიტუაცია ცუდად, სანამ სოფო ტოროშელიძისნაირები დაამცირებენ იმ ჰომოსექსუალ მომღერლებსა თუ მაყურებლებს, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, მის გარშემო უამრავია. მე არავისზე მივანიშნებ, მაგრამ ამ შოუზე ბევრი ლგბტ ადამიანი უნდა მუშაობდეს და მათი დუმი¬ლი ხდის შესაძლებელს ტოროშელიძისნაირი ადამიანების მომრავლებას.
იმედია, ვცდები, მაგრამ "რუსთავი 2"-ში ვერავინ გაბედავს პროტესტის ჩუმად ან საჯაროდ გამოხატვას. რომელიმე მონაწილის, თანაწამყვანისა თუ თანამშრომლის მხრიდან საჯაროდ ქამინგ-აუთი ხომ საერთოდ გამორიცხულია. არადა, ჰეტეროც რომ ვიყო და მის გვერდით ვიჯდე ან ეკრანზე ვჩანდე, ამ ადამიანების პატივისცემის ნიშნად ჯინაზე ვიტყოდი: "მე დღეს ჰომოსექსუალი ვარ, სოფო!"
ესენი კი ისევ გააგრძელებენ ამ გოგოსთან თანამშრომლობას, მეგობრობას, ღლიცინს და ზურგს უკან დაცინვას".
"კვირის პალიტრამ" მომღერალთან დაკავშირება სცადა:
- სოფო, გამარჯობა, "კვირის პალიტრიდან" გირეკავთ. თქვენს სტატუსთან დაკავშირებით, რომელიც... - წინადადება ვერ დავამთავრე, რომ მომღერალმა ტელეფონი გათიშა და ბევრი ცდის მიუხედავად, ჩვენს ზარს აღარ უპასუხა.
ქეთი საგინაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)