სოციალურ ქსელში ფოტო გავრცელდა, რომელიც კიევშია გადაღებული. კადრში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად პიანისტი ხატია ბუნიათაშვილი, პარლამენტის უმცირესობის წევრი მარიამ საჯაია, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ნინო კალანდაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი მერიკო კოკაია არიან აღბეჭდილნი. ამავე ფოტოზე ასახულები არიან: ნიკოლოზ ბოლქვაძე და მარიამ ქასრაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 2 ივლისს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები უკრაინის დედაქალაქ კიევში გაემგზავრნენ. პარტიის წევრებმა ოფიციალური შეხვედრები პარტნიორ პარტია „უდარის“ წევრებთან და კიევის მერთან ვიტალი კლიჩკოსთან გამართეს.
დღესვე დაგეგმილია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების შეხვედრა უკრაინის პატრიარქ ფილარეტისთან.
ამავე ღონისძიებაზე მიემგზავრებოდა თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავაც.
შეგახსენებთ, რომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა დღეს დილით თბილისის აეროპორტში, კიევში გამგზავრების წინ დააკავეს. დაკავების მიზეზად უკანონო შემოსავლების ლეგალიზება სახელდება. ამჟამად უგულავა ე.წ. მოდულის შენობაშია გადაყვანილი. გიგი უგულავა 4 ივლისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე იყო დაბარებული.
აღსანიშნავია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური სახეები ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კიევში შეხვდნენ. თუმცა, უცნობია, რა სტატუსით იმყოფება ხელოვანი ხატია ბუნიათაშვილი პოლიტიკურ შეკრებებზე.