ირაკლი ღარიბაშვილი: თანამდებობების დემონსტრაციულად დატოვება აშკარად ატარებს სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟის ნიშნებს

„პოლიტიკოსების და მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან გაკეთებული სრულიად უპასუხისმგებლო განცხადებები და თანამდებობების დემონსტრაციულად დატოვება აშკარად ატარებს სახელმწიფოს წინააღდეგ საბოტაჟის ნიშნებს და აზიანებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს", -  განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე.

პრემიერის თქმით, მთავრობის ყოფილ წევრებს შეგნებულად, დამახინჯებული გზით მიჰყავთ  პროცესი.



„მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი ხელისუფლება და მთავრობა განუხრელად ადგას ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს. ეს კურსი არის ურყევი და ამ კურსიდან გადახვევა არის გამორიცხული. ეს არის ჩვენი ხალხის მტკიცე არჩევანი და ურყევი ნება. ვერავინ ვერ მოახერხებს, საკუთარ თავზე მიიწეროს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ევროპული ორიენტაცია. აქვე ვიტყვი, რომ ჩვენი ხალხის არჩევანით სპეკულაცია არის გაუმართლებელი, მიუღებელი და, რაც მთავარია, ეს არის  ჩვენი ხალხის შეურაცხყოფა. 2012 წელს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ნდობის მანდატი მისცა კოალიციას „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება". სწორედ ჩვენს მიერ გაცხადებული კურსის და ღირებულებების გამო მათ ეს ნდობის მანდატი ორჯერ დაამტკიცეს. ეს ცალკე აღებული პოლიტიკოსის და არცერთი პოლიტიკური გუნდის დამსახურება არ იყო. ვერავინ ვერ შეძლებს, ამ ნდობის გამოყენება საკუთარი პოლიტიკური ქულებისთვის გამოიყენოს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.


მისი თქმით, ასეთი გაუაზრებელი, უპასუხისმგებლო და ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით საფრთხე ექმნება სახელმწიფოს და მის ევროპულ არჩევანს.


„ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ ერთი პოლიტიკური პარტიის წევრები - „თავისუფალი დემოკრატების" წევრები და არჩევანს აკეთებენ პიროვნებასა და სახელმწიფოს შორის და სოლიდარობას უცხადებენ ერთმანეთს, თუმცა, გამოძიების შეჩერება პოლიტიკური სარჩულით არის ყოვლად დაუშვებელი. ჩვენ არ მივცემთ საშუალებას არცერთ პოლიტიკურ ძალას, რომ ობიექტურად დაწყებული გამოძიება წარიმართოს დამახინჯებულად და მოხდეს მისი პოლიტიზირება", - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.


მისივე თქმით, დღეს სახელმწიფოს ინსტიტუტები მუშაობენ გამართულად და სახელმწიფო ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე იყო 20, 10 ან თუნდაც 2 წლის წინ.


„არ დავუშვებთ, ჩვენი ქვეყნის ინტერესები დაზიანდეს. მოვუწოდებ ყველას, მაქსიმალურად ფრთხილად მოეკიდონ იმ საკითხებს, რომლებიც დაკავშირებნულია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასთან", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.