"გულზე ხელს მიიდებდა და ამბობდა, 35 წლამდე ვერ ვიცოცხლებო" - რას ჰყვება კოტე თოლორდავას წინათგრძნობაზე მისი სასცენო პარტნიორი

"მოზარდმაყურებელთა თეატრის" მსახიობი ნინო ლეჟავა ის ადამიანია, ვისაც კოტე თოლორდავასთან ერთად სცენაზე ყველაზე მეტი როლი აქვს შესრულებული, ისინი სასცენო პარტნიორები იყვნენ და უსიტყვოდ ესმოდათ ერთმანეთის.

ნინო კოტეს ასეთი მოულოდნელი გარდაცვალებით დათრგუნული და შეწუხებულია. ის თავის ემოციებს მეგობარზე ასე გვიზიარებს:


- მეტეხის თეატრიდან პარტნიორები ვიყავით. სპექტაკლში "მატყუარები" შეყვარებულები გახლდით. დიახ, ჩვენი პირველი დუეტი იქ შედგა. შემდეგ ერთად მოვედით მოზარდმაყურებელთა თეატრშიც, მაგრამ მანამდე ხათუნა მილორავას რეჟისურით დადგმულ სპექტაკლში - "დაუსრულებელი რომანი" ''თეატრი ათონელზე'' მხოლოდ ჩვენ ორნი ვთამაშობდით. როდესაც "მოზარდში" გადმოვედით, ეს წარმოდგენაც წამოვიღეთ და მას უკვე "დეჟა ვიუ" დაერქვა... სპექტაკლი დიდი წარმატებით სარგებლობდა. ბოლოს სანკტ-პეტერბურგში, საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზეც გვქონდა წაღებული და 5 საოცარი დღე გავატარეთ იქ. ძალიან მოეწონათ, უბედნიერესები ვიყავით, რადგანაც ეს იყო ჩვენი პირველი გამარჯვებული დუეტი, რომელიც ყველაზე ემოციურ ტანდემად აღიარეს და მაყურების სიმპატიის პრიზიც გადმოგვცეს.

მერე ჩემმა მეუღლემ (რეჟისორი გოგა ქაჩიბაია) ბასა ჯანიკაშვილის "თითით საჩვენებელი" დადგა და იქ მეგრელი პოლიციელი ითამაშა. საოცრად სახასიათო როლი შექმნა... "კუკარაჩაშიც" ჩემი პარტნიორი იყო, სადაც მე ინგა გახლდით. "ამიკოში" კი ჩემი შვილობა მოუწია არადა, სულ მისი ცოლისა და საყვარელი ქალის როლი მქონდა ხოლმე. ცოტა ხანში ჩემს მეუღლეს უნდოდა, რომ "ფიგარო" დაედგა...

- როდის აპირებდა ამას?
- კოტე რუსეთში იმ კინოგადაღებას რომ მორჩებოდა. თან, ამ სპექტაკლისთვის ფინანსები იყო მოსაძიებელი. ფიგაროს როლი კოტესთვის ზედგამოჭრილი იქნებოდა. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა.

- ამ დღეებში ვისაც კოტეზე ველაპარაკე, მასზე ნაწყენი ადამიანი ჯერ არ შემხვედრია...
- ასეც იყო და არის. არ არსებობდა, ვინმეზე რამე ცუდი ეთქვა. მარტო ღიმილი და კარგი მოგონებები დაგვიტოვა. ახლა რომ ვიხსენებთ მის ამბებს, სახეზე ტირილნარევი ღიმილი გვაქვს, რადგანაც სულ მხიარული და სასაცილო ამბებში იყო გახვეული.…თავის თავზე რაღაცებს იგონებდა…ხომ სულ მირბოდა და მორბოდა, ამ რეჟიმში ცხოვრობდა, უამრავ ადგილას მუშაობდა, რის გამოც ყველგან აგვიანდებოდა. რეპეტიციაზე სულ ლოდინი გვიწევდა, მაგრამ როგორც კი მოვიდოდა და მის ჩვეულ სახეს მიიღებდა, იტყოდა - "ია ჟე აბაიაშკა?" ვეღარ გაუბრაზდებოდი. გამორიცხული იყო.
მახსოვს, "თითით საჩვენებელზე" რომ ვმუშაობდით, ერთხელ მოვიდა და გვითხრა, "სვარკას" ვუყურე და თვალები დამეწვა, ჩემი დღის შუქზე მუშაობა არ შეიძლება და შემდუღებლის სპეციალური სათვალე გაეკეთებინა... რას არ მოიგონებდა... ერთხელ გვითხრა, მეზობელს წყალი ჩავუყვანე და ჩავუნგრიე ყველაფერიო, მოკლედ, მუდმივად ასე "გვაგიჟებდა".

ხალხს ძალიან უყვარდა. ის კი არა, პეტერბურგშიც რომ ვიყავით, ამის შესახებ იქაურმა ქართველებმა რომ გაიგეს, თბილი შეხვედრა მოგვიწყეს, პატივი გვცეს. მოკლედ, დღის განმავლობაში ათას ადგილას უწევდა მისვლა-მეთქი, რომ ვამბობ, რა ექნა, ასეთი რეჟიმი ჰქონდა. სულ მოძრაობა უნდოდა, სულ ამას ცდილობდა. თითქოს მუდმივად რაღაცის მოსწრება სურდა. იმ დღეს სანდრო კაკულიამ კარგად თქვა, ყველგან აგვიანებდა, მაგრამ სამწუხაროდ, სიკვდილზე ვერ დააგვიანაო... სიკვდილისთვის ყველას ძალიან გვენანება...

- რაკი ასე ახლოს იცნობდი და ამდენი წლის თანამშრომლები იყავით, რაიმე წინათგრძნობა

ხომ არ ჰქონდა?
- "დეჟ ვიუს" რეპეტიციებზე ამბობდა, რომ ძალიან დავიღალე და გულზე ხელს მიიდებდა ხოლმე. ასევე ხუმრობით იტყოდა ასეთ ფრაზას: მოვკვდი, აღარ შემიძლია, ამდენი სიყვარული, ემოცია, გადარბენა, გადმორბენა, ჩემი გული ამდენს ვერ გაუძლებს, ნინაჩკა, ხათუნაჩკა (რეჟისორი). მე 35 წლამდე ვერ მივაღწევ... ოღონდ, სულ შაყირობდა, ამას რომ ამბობდა. ჩემს სანათესაოში 50 წლამდე არავის მიუღწევიაო...

მინდა, ისიც ვთქვა, რომ ისეთი საოცარი სიყვარული, როგორიც მას განოს მიმართ ჰქონდა, ალბათ იშვიათია. რასაც აკეთებდა, ყველაფერს განოს უძღვნიდა...

ლალი ფაცია
AMBEBI.GE