"ყველასთვის შოკისმომგვრელი დღეა" - მძღოლს, რომელსაც ეკლესიიდან გამოსული 19 წლის გოგონა ემსხვერპლა, 4 წელი მიუსაჯეს

19 წლის ნანა გიგლემიანის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ი-ს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილებას გიგლემიანის ოჯახის წევრები აპროტესტებენ, ისინი ბრალდებულის მკაცრად დასჯას ითხოვენ.

"ყველასთვის შოკისმომგვრელი დღე იყო დღეს, მკვლელობაში დამნაშავეს დღეს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა და 4 წელი


არგუნა", - განაცხადა ნანა გიგლემიანის ოჯახის ახლობელმა.

შეგახსენებთ, რომ ნანა გიგლემიანი ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე, ავტოსაგზაო შემთხვევამ ორი თვის წინ იმსხვერპლა. გოგონას მანქანა მაშინ დაეჯახა, როდესაც ის ქუჩას კვეთდა.

როგორც ადგილობრივები გოგონას შესახებ ყვებიან, ის სხვა დევნილებთან ერთად ქუთაისში, სასტუმრო "თბილისში" ცხოვრობდა. დედამისი სამუშაოდ საბერძნეთში იმყოფებოდა, მამა კი წლების წინ გარდაიცვალა.

გოგონა სწორედ მამის გარდაცვალების დღეს ეკლესიაში იმყოფებოდა მოსალოცად და უბედური შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც ის ეკლესიიდან წამოვიდა.