შალვა აბულაძე ოჯახს უპირისპირდება - ბრალდებულის ჩვენების ახალი დეტალები

სად იმყოფებოდა აბულაძე ვარკეთილში მომხდარი ტრაგედიის დროს, რატომ იმალებოდა ის და როგორ მოხდა მისი აყვანა - "ნიუპოსტი" ბრალდებულის ადვოკატს ესაუბრა.
პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულმა შალვა აბულაძემ გამოძიებას დღეს ჩვენება მისცა. როგორც „ნიუპოსტთან“ ბრალდებულის ადვოკატი არჩილ ჩუბინიძე აცხადებს, აბულაძე 8 გვერდიან ჩვენებაში დეტალურად განმარტავს იმ გარემოებებს, რაც მის უდანაშაულობას ამტკიცებს.

„აბულაძემ დაადასტურა, რომ ის უდანაშაულოა. მან მიუთითა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში იგი იმყოფებოდა ბორჯომში, ორ საცხოვრებელ სახლში ანუ ხან ერთგან იმყოფებოდა, ხან - მეორეგან. ერთი მათგანი გახლავთ სახლი, სადაც ის აიყვანეს და მეორე ბორჯომის რაიონის ერთ-ერთი სოფელში არსებული მიტოვებულ სახლი. იანვრის დასაწყისიდან შალვა იმყოფებოდა ამ ორ სახლში, სამჯერ იყო თბილისში ჩამოსული, თუმცა ეს დრო არ ემთხვევა პოლიციელებზე თავდასხმის დროს. დანაშაულის პერიოდში ის ამ სახლებში იმყოფებოდა და ეს მოწმეებით შეგვიძლია დავადასტუროთ. ჩვენებაში ასევე აღწერს, რომ ბორჯომში დაზარალებული პოლიციელები მისთვის კარგად ნაცნობი პოლიციელები იყვნენ და ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ერთი სკოლა აქვთ დამთავრებული და შეიძლება ითქვას, მეგობრული დამოკიდებულებაც კი ჰქონდათ. არ არსებობდა საფუძველი, აბულაძეს ჰქონოდა ინტერესი, რომ ამ პიროვნებებს თავს დასხმოდა“, - ამბობს ჩუბინიძე.

რაც შეეხება ვარკეთილში მომხდარ მკვლელობას, ადვოკატის ინფორმაციით, შალვა აბულაძემ ამის შესახებ მისი დაკავების დროს შეიტყო.

„თბილისში მომხდარ შემთხვევას რაც შეეხება, ამ დროს ის ბორჯომში იმყოფებოდა. ამ ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა მისი დაკავების დროს ანუ გაიგო, რომ მეორე მკვლელობასაც ედავებიან. ადამიანი განმარტოებით ცხოვრობდა, არ ჰქონდა ტელევიზორი და ამიტომ ამ მკვლელობის შესახებ საერთოდ არ იცოდა“, - განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, ბრალდებულის მიმართ მუდმივად ხორციელდებოდა დისკრედიტაცია და ამ ყველაფერში აქტიურად მონაწილეობდა აბულაძის ოჯახი.

„როგორც ვიცი, შალვას დისკრედიტაციაში მისმა ოჯახმა აქტიური მონაწილეობა მიიღო. კერძოდ, შალვას თავისი ქონება გადაფორმებული ჰქონდა ოჯახის წევრებზე. შემდეგ უკვე მის ოჯახს აღარ გაუჩნდა საურვილი, რომ ქონება დაებრუნებინა. ამაზე ოჯახური დავა მოხდა. ეს არის ბრალდებულის პოზიცია. საუბარია მშობლების გარდა მისი ოჯახის ყველა წევრზე“, - აცხადებს ადვოკატი.

აბულაძის უფლებების დამცველი აქვე განმარტავს, რომ ბრალდებული ჩვენებაში მეგობართან არსებულ უთანხმოებაზეც საუბრობს.

„ჩვენებაში სახელს არ ასახელებს, თუმცა ფაქტს ადასტურებს. მეგობარს, რომელიც ახალი გამოსული იყო ციხიდან გაუჩნდა პრეტენზია აბულაძის მიმართ, რომ „კაი ბიჭების“ საქმე არ არის აქციების მოწყობაო და რა გინდოდა აქციაზეო. ამის შემდეგ მივიდა მის სახლთან და გინება დაიწყო“, - განაცხადა ადოკატმა.

ის ასევე სპეცოპერაციის დეტალებზეც საუბრობს. მისი თქმით, არასწორია ინფორმაცია, რომ აბულაძემ სამართალდამცველებს მისი ადგილსამყოფელის შესახებ თავად აცნობა.

„გავრცელდა ინფორმაცია, რომ შალვამ დაურეკა სამართადლამცველებს და უთხრა, რომ ჩაბარდებოდა. ეს არის სიცრუე, რადგან შალვა აბულაძეს დეკემბრის შემდეგ მობილური ტელეფონი არ ჰქონია. დაკავება მოხდა შემდეგნაირად, როდესაც შალვამ დაინახა, რომ მის კვალს პოლიციამ მიაგნო, დაუძახა, რომ თან ჰქონდა იარაღი, რომელსაც ფანჯრიდან გადმოაგდებდა. მიუხედავად ამისა, პოლიციის მხრიდან მოხდა გასროლა სახლის მიმართულებით“, - ამბობს „ნიუპოსტთან“ აბულაძის ადვოკატი.



ნინო დათაშვილი