ვინ მიანიჭებს საქართველოს პოლიტიკური დევნილის სტატუსს?

საერთო გაზეთი
ვინ მიანიჭებს საქართველოს 
პოლიტიკური დევნილის სტატუსს?

ვახტანგ
ხარჩილავა

`ნაციონალები~ ირწმუნებიან, პოლიტიკურად გვდევნიან საქართველოში, პოლიტიკური ნიშნით გვიჭერენ და გვავიწროებენო.

სინამდვილეში `ნაციონალები` კი არა თვითონ საქართველოა პოლიტიკურად დევნილი ქვეყანა, რომელსაც იმის უფლებასაც კი არ აძლევენ, რომ დამნაშავეებს კანონის ფარგლებში, ობიექტურად და მიუკერძოებლად, სათანადო პასუხი მოსთხოვოს.
ვერ დავეთანხმები გონებაჩლუნგთა და სულელთათვის გადმოგდებულ იმ დემაგოგიას, რომ ყველაფერი საქართველოს ხელისუფლების ბრალია და სწორედ მისი უუნარობის და უნიათობის გამო ვერ ხერხდება სამართლიანობის აღდგენა.
რა თქმა უნდა, ნაწილობრივ ხელისუფლების ბრალიცაა ის, რაც ხდება, მაგრამ მთავარი ფაქტორი, მთავარი დაბრკოლება, რის გამოც სამართლიანობის აღდგენის პროცესი ფერხდება, ე. წ. საერთაშორისო თანამეგობრობაა, რომელიც ამბრაზურასავით გადაეფარა ათასგვარ უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულ კრიმინალებს და თავისი ფრთის ქვეშ შეიფარა ისინი.
განა მთელი საქართველოს, მთელი ქართველი ხალხის უდიდესი შეურაცხყოფა და აბუჩად აგდება არ არის, როდესაც უკრაინაში მაღალ თანამდებობებზე ნიშნავენ ადამიანებს, რომლებიც იმ სისტემური რეჟიმის კონსტრუქტორები არიან.
განა თვალში ნაცრის შეყრა არ არის, როდესაც ჩვენი უცხოელი მეგობრები პოლიტიკურ დევნად ასაღებენ ქართველი სამართალდამცავების მიერ კონკრეტულ დანაშაულებებში ეჭვმიტანილ პირთა წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს, თითქოს საქართველოში ამ ცხრა წლის განმავლობაში განსაკუთრებული არაფერი არ მომხდარა?
კი, მაგრამ, რომ მოხდა და ამის დამადასტურებელი უამრავი ფაქტი რომ არსებობს, ამას რა ვუყოთ?
ქუჩებში დახვრეტილი ასობით ადამიანი, 28 ათასი პატიმარი (აქედან 200 პოლიტპატიმარი) 300 ათასი პრობაციონერი, 7 მილიარდის ღირებულების უკანონოდ ჩამორთმეული ქონება _ ეს ყველაფერი იყო და ეს ყველაფერი `ნაცმოძრაობის~ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოხდა.
რა ქნას ახლა საქართველომ, არ დააკისროს პასუხისმგებლობა `ნაციონალებს~?
ქვეყანაში რაღაც საიდუმლო, იატაკქვეშა კრიმინალური ორგანიზაცია მოქმედებდა, ხვრეტდა, აპატიმრებდა, აყაჩაღებდა ადამიანებს. `ნაციონალები~ კი არაფერ შუაში არიან?
ის უცხოური ორგანიზაციები, სახელმწიფოთა ხელმძღვანელები თუ ცალკებული პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს `ნაცმოძრაობას~ მფარველობენ და ქომაგობენ, ფაქტობრივად, აღიარებენ, რომ `ნაცმოძრაობა~ _ ეს იყო მათი დესანტი, მათი დასამსჯელო რაზმი.
კი, მაგრამ, რისთვის გვსჯით ასე სასტიკად, ბატონებო, ისეთი რა დანაშაული მიუძღვის ქართველ ერს ცივილიზებული და დემოკრატიული მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე, რომ `ნაცმოძრაობა~ მოგვისიეთ დამწიოკებლებად?
რაც იყო, იმასაც არ სჯერდებით და ისევ ხელახლა გინდათ შემოგვისიოთ ეს ბანდა, რომ საბოლოოდ გადაგვამტვრიოთ ხერხემალში და ფეხზე წამოდგომა ვერასოდეს ვერ შევძლოთ?
შემთხვევით, შურს ხომ არ ძიობთ თქვენ ქართველ ხალხზე, რომელმაც 2012 წლის არჩევნებში უარი უთხრა თქვენს ფავორიტებს და სხვა არჩევანი გააკეთა?
მხოლოდ `ნაცმოძრაობის~ მმართველობის ცხრაწლიანი პერიოდი კი არა, ოცდახუთი წელია საქართველო არნახული მასშტაბების ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იმყოფება და რომ არა ქართველი ხალხის გაუტეხელი ბუნება და ხასიათი, ჩვენ კარგა ხნის წინათ ვიქნებოდით საბოლოოდ გასრესილნი და იავარქმნილნი.

* * *
როდესაც სიტყვა კოაბიტაციამ პირველად გაიჟღერა, მაშინვე ვთქვი, რომ კოაბიტაციის თემა მხოლოდ იმისთვის კი არ არის შემოგდებული, რომ `ნაცმოძრაობა~ მოსალოდნელი პასუხისმგებლობისგან იხსნან, არამედ იმისთვისაც, რომ ახალ ხელისუფლებას კოაბიტაციის ბორკილებით ხელ-ფეხი შეუბოჭონ და დროთა განმავლობაში მისი დისკრედიტაცია მოახდინონ-მეთქი.
ისე აგიხდათ ყველა ნატვრა, როგორც ეს `წინასწარმეტყველება~ ახდა...
ვინც კოაბიტაციად წოდებული ეს მზაკვრული გეგმა შეიმუშავა, მან ნაწილობრივ მიაღწია საწადელს _ საქართველოს მოსახლეობის ერთი ნაწილი უკვე იშვერს ხელს ახალი ხელისუფლებისკენ და სამართლიანობის აღდგენის შეფერხებაში მას ადანაშაულებს, ხოლო დაუსჯელობით გათამამებული და გათავხედებული `ნაცმოძრაობა~ უფრო შორს მიდის და ხელისუფლების შეცვლას ითხოვს _ ბრალს სდებს რა მას უნიათობასა და უუნარობაში.
რა გინდათ თქვენ, თქვე სულწაწყმედილო და ფარისეველო `ნაცებო~ _ ისეთი უნარიანი ხელისუფლება გინდათ, რომელიც ფეხებით ჩამოგკიდებთ ბოძებზე და თქვენს მიერ შეხვრეპილი ქართველი ხალხის სისხლს უკანვე ამოგარწყევინებთ?!.
არა მგონია, თქვენ ამისთვის იკლავდეთ თავს.
თქვენ ამ ხელისუფლებაზე გაცილებით სუსტი და უნიათო ხელისუფლების მოყვანაზე ოცნებობთ, რომელიც უსიტყვოდ შეასრულებს თქვენი უცხოელი პარტნიორების ყველა დირექტივას, რაც არსებული ხელისუფლების პირობებში ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.
ვიყოთ ობიექტურნი და პირდაპირ ვთქვათ: `ქართულმა ოცნებამ~ ბევრ მამალ `ნაციონალს~ ამოაყოფინა ციხეში თავი, ხოლო რაც შეეხება გაქცეულ დედლებს, ხვალ იქნება თუ ზეგ, მათაც მამლების გვერდით მიუჩენენ ადგილს.
ისიც გარდაუვალი მგონია, რომ ერთ მშვენიერ დღეს, უკრაინელები და კიდევ სხვები და სხვები, სააკაშვილს და მის ამფსონებს თვითონ გაკოჭავენ და ასე გაბაწრულ-გაკოჭილებს მოგვიყრიან უკან.
დრო უნდა ამას, თორემ ეს რომ ასე მოხდება, ისე დანამდვილებით ვიცი, როგორც ის, რომ ხვალ აუცილებლად გათენდება.

* * *
_ როგორც წერილის დასაწყისში ვთქვით, თუ ვინმე იდევნება საქართველოში პოლიტიკური ნიშნით, ეს თვითონ საქართველოა, რომლის მრწამსი და მსოფლმხედველობა პოლიტიკურად მიუღებელი აღმოჩნდა იმ ძალებისთვის, რომლებიც კაცობრიობის ახალ რჯულზე მოქცევას ცდილობენ.