მილიონერი ქეთი მელუა ყველაზე მდიდარი ქართველი მომღერალია



მართალია, სხვა ქართველი მუსიკოსების, საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ მოღვაწეების, შემოსავლების შესახებ ოფიციალური მონაცემები არ არსებობს, მაგრამ ფაქტია, რომ მათი ქონება იმდენი არ არის, ''ფორბსი'' ან რომელიმე სხვა სოლიდური გამოცემა დაინტერესებულიყოს და რომელიმე სიაში მოეხსენიებინოს. 


მით უმეტეს, რომ საქართველოში მცხოვრები მუსიკოსები ბოლო დროს სულაც უმოქმედობას განიცდიან და ჩივიან იმაზე, რომ არათუ სოლიდურ თანხებს, ელემენტარულსაც კი ვერ შოულობენ საკუთარი საქმიანობით. ის, რითაც უცხოეთში მილიონები იშოვება - დისკების გაყიდვიდან შემოსული თანხა, რეკლამები, საკონცერტო ტურნეები. მილიონიანი კონტრაქტები და ა.შ., ჩვენთან, უბრალოდ არ არსებობს.

რაც შეეხება ქეთი მელუას, ის უკვე რამდენიმე წელია ხვდება დიდი ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი ახალგაზრდა მუსიკოსების რეიტინგებში, თანაც, საუკეთესო ათეულებში. ოფიციალური მონაცემებით, ქეთი 12 მილიონი გირვანქა სტერლინგის მფლობელია და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და აღიარებული მუსიკოსია მსოფლიოში. წელსაც აღმოჩნდა ათეულში ისეთი მუსიკოსების გვერდით, როგორებიც არიან ადელი, შერილ კოული და სხვანი.