- მე თქვენ გიამბობთ საზოგადოებისთვის აქამდე უცნობ დანაშაულებზე, რომელიც თაკო სალაყაიამ ჩაიდინა. მან ჭკუა გირგვლიანის წამებით სიკვდილის შემდეგაც ვერ ისწავლა! – ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი სახალხო დამცველის ყოფილმა მოადგილემ სოფო ხორგუანმა:
- რეჟიმის ჯალათები ახლა ახერხებენ, თავი წამებულ რაინდებად წარმოგვიჩინონ. სახელისუფლო ტრიბუნიდან ისინი ურცხვად აცხადებდნენ, რომ კრიმინალი დაამარცხეს, თუმცა, თავად იქცნენ კრიმინალებად. პირდაპირ ვადებ ხელს ვანო მერაბიშვილის მეუღლეს, რომელმაც ამჟამად წამებულის მანტია მოირგო! თაკო სალაყაიაზე აქამდე გაუხმაურებელ ორიოდე ისტორიას ექსკლუზიურად გიამბობთ, რათა დაგარწმუნოთ, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის მსგავსი საქციელი მას რამდენჯერმე აქვს ჩადენილი!
- როდინდელ ამბავს გვიყვებით?
- ეს ამბავი 2008 წლის 9 მაისს მოხდა. გარკვეული ადამიანების ჯგუფი, რომლებიც საზოგადოებაში გავლენით სარგებლობდნენ, რესტორან "მეტეხის ჩრდილში" ილხენდა. გვერდით სუფრასთან კი, თაყო სალაყაია იმყოფებოდა თანამეინახეთა გარემოცვაში. როცა თაკოს "მეზობლებმა" დაშლა დააპირეს, მოულოდნელად მათ წინააღმდეგ მასშტაბური სპეცოპერაცია დაიწყო. გამოსასვლელში დახვდათ პატრული, სოდ-ი, კუდ-ი და თუკი სადმე ძალოვანი არსებობდა, ყველა იქ მივარდა. კაცებს და ქალებს ხელები გადაუგრიხეს, მანქანებში ჩაყარეს და ვინ იცის, როგორ გადაწყდებოდა მათი ბედი, საქმეში გოკა გაბაშვილი რომ არ ჩარეულიყო, რადგან ძალადობის ერთ-ერთი მსხვერპლი მისი უახლოესი ნათესავი, შეიძლება ითქვას, ოჯახის წევრი აღმოჩნდა. არა მგონია, გოკა გაბაშვილმა თუნდაც ახლა, ნერვიულობის გარეშე გაიხსენოს ის მძიმე საღამო.
- რატომ ააწიოკეს ეს ხალხი? ან აქამდე როგორ დარჩა ეს ამბავი გაუხმაურებელი?
- თავიდან ვერავინ გაიგო, რა მოხდა. მერე გაირკვა, რომ ქალბატონ თაკოს მოეჩვენა, თითქოს მეზობელი სუფრიდან სურათი გადაუღეს, როცა იგი სცენაზე მღეროდა, შეიძლება ჩათვალა, რომ მას დასცინეს... მერე მთელი სახელმწიფო მანქანა ამუშავდა, რომ ეს ამბავი მიჩუმათებულიყო. აწიოკებულ ხალხს მობილურები, ფოტოაპარატები და სხვა პირადი ნივთები დაუბრუნეს, ოღონდ მკაცრად გააფრთხილეს, რომ მომხდარის შესახებ სიტყვა არ დაეძრათ. სახალხო დამცველის ოფისში ერთი ქალბატონი მოვიდა, რომელმაც მოგვიყვა ზეწოლის შესახებ და ინფორმაციის გახმაურებაც კი ისურვა, მაგრამ ამის შემდეგ არნახული ზეწოლა უკვე სახალხო დამცველის აპარატზე დაიწყო და რიგი გარემოებების გათვალისწინებით, გვაიძულეს, გავჩერებულიყავით! გესმით, რა ხდებოდა? მთელი შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო მანქანა – მინისტრის მეუღლის თაკო სალაყაიას განკარგულებაში იყო, მისი თითის დაქნევაზე არბევდნენ ადამიანებს. რამხელა ცინიზმია, როცა ახლა იგი აცხადებს, რომ მასზე და მის მეუღლეზე პოლიტიკური დევნა ხორციელდება... სხვათა შორის, ეს ფაქტი არ იყო გირგვლიანის ამბის შემდეგ ერთადერთი...
- ნუთუ მსგავსი ისტორია კიდევ გადახდენია სალაყაიას ქალს?
- ხომ გითხარით, რომ გირგვლიანის ტრაგედიამ ეს ქალი ვერ დააოკა, ჭკუა ვერ ასწავლა-მეთქი. კიდევ ერთი ინციდენტის შესახებ არ იცის საზოგადოებამ, რომელიც ისევ რესტორანში მოხდა და ახლა ამ ამბავსაც პირველად "ასავალ-დასავალის" მკითხველი შეიტყობს. 2008 წელი იდგა. თაკო სალაყაია ჩვეულებისამებრ, რესტორანში ქეიფობდა. გვერდით სუფრაზე კი გოგონა იმყოფებოდა, რომელსაც სახელად თამრიკო ერქვა. მას მამაკაცი ახლდა, რომელიც სიცილით ხშირ-ხშირად ხმამაღლა ეძახდა სახელს თავის ქალბატონს. სალაყაიამ მაშინაც ჩათვალა, რომ ის ადამიანები მას დასცინოდნენ. შედეგად, ის მამაკაცი გაიტაცეს და შინაგან საქმეთა სამინისტროში
აწამეს, სასტიკად სცემეს! ფაქტობრივად, ნახევარი სახელმწიფო თაკო სალაყაიას კომპლექსებს გადავაყოლეთ... მე არ მაქვს იმ ადამიანების ნებართვის გარეშე მათი ვინაობის დასახელების უფლება, თუმცა, მერწმუნეთ, რომ რასაც გიყვებით, ფაქტებია, რომელთა ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, მითუმეტეს, რომ სახალხო დამცველის აპარატს დოკუმენტები აქვს შექმნილი და კვლევა-ძიება ჩატარებულია. სისტემა, რომელიც თაკო სალაყაიას "წამებულმა" მეუღლემ ვანო მერაბიშვილმა შექმნა, იყო გლობალური განუკითხაობა, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, კიდევ რომ უნდა გიამბოთ, ოღონდ გთხოვთ, ვინაობის დასახელება აქაც არ მომთხოვოთ. სამაგიეროდ, გარწმუნებთ, რომ ამ ფაქტის შესახებაც მაშინდელი სახალხო დამცველის აპარატმა შექმნა დოკუმენტაცია, რომელიც ინფორმაციის უტყუარობას ადასტურებს. ამ ამბავსაც პირველად თქვენ გიყვებით.
- ისევ თაკოს ფათერაკია?
- არა, ამჯერად თაკოს არ ეხება. საზოგადოებას ახსოვს, როგორ აიძულებდნენ მოქალაქეებს, სახელმწიფოს ან ჩინოვნიკის სასარგებლოდ დაეთმო ქონება, გადაეფორმებინა ან ეჩუქებინა. როგორ აშანტაჟებდნენ, რომ უარის შემთხვევაში, სანათესაოს დაუჭერდნენ და თავადაც მზის სინათლეს არ აღირსებდნენ. მე ახლა გიყვებით 2008 წელს რიგითი მოქალაქის თავს გადახდენილ ამბავს, მას ჰქონდა მცირე ბიზნესი, დააგროვა მცირე თანხა და აუქციონით საბურთალოზე ფართის ყიდვა გადაწყვიტა. აუქციონის დღეს იგი დააკავეს სამოქალაქოტანსაცმლიანმა პირებმა, წაიყვანეს ტყეში. კაცი ვერ ხვდებოდა, რა ხდებოდა მის თავს. მძარცველები ეგონა და ჰპირდებოდა, რომ თუ არ მოკლავდნენ, ყველაფერს მისცემდა, რასაც სთხოვდნენ. ტყიდან ეს კაცი მიჰყავთ მოდულის შენობაში, სადაც ამყოფებენ გაურკვეველ მდგომარეობაში. ნერვიულობისგან პირგამშრალს "კოკა-კოლას" სთავაზობენ, შემდეგ უტარებენ ნარკოტესტს და ადამიანს, რომელსაც ცხოვრებაში სიგარეტიც კი არ მოუწევია, ნარკოტიკის შემცველობა უდგინდება! ამასობაში, დაკარგულ ადამიანს ოჯახის წევრები ეძებენ, მათთან ერთად მეც, რადგან მისი მგეობარი იყო ჩემი თანამშრომელი. საღამოს 6 საათისთვის გაოგნებული კაცი დაბრუნდა ჯარიმის ქვითრით ხელში და ახლობლებს მოუყვა, რომ თუ იმ აუქციონს თავს არ დაანებებს, მომავალში ჯარიმას აღარ აკმარებენ, სოლიდური რაოდენობით ნარკოტიკს უკვე ჯიბეში აღმოუჩენენ და ციხეში მიაბრძანებენ! აი, ასეთი ხერხით ჩამოიშორა აუქციონიდან კონკურენტი ხელისუფლების ფავორიტმა ვიღაც ნაძირალამ და მსგავსი ათასობით ისტორია არსებობს!
- სოფო, რატომ არ მივიდა ეს ისტორიები პროკურატურამდე?
- რას ამბობთ? ყველა დოკუმენტს უკლებლივ ვაწვდიდით პროკურატურას, მაგრამ მათი დანიშნულება ამ უკანონობების გამოძიება კი არა, მიჩუმათება იყო, რადგან დანაშაულებს ხელისუფლების მაღალჩინოსნები და ძალოვნები მფარველობდნენ. საკუთარ ყელს ხომ არ გამოიჭრიდნენ?
ყველა ეს დოკუმენტი დღემდე არსებობს და ახლა მე "ასავალ-დასავალის" ფურცლებიდან მოვუწოდებ ახალ მთავარ პროკურორს, დაიწყოს ობიექტური გამოძიებები სახალხო დამცველის აპარატში შექმნილ მტკიცებულებებთან დაკავშირებით!
აბა, მერე ვნახოთ, როგორ აჭიკჭიკდებიან ვანო მერაბიშვილი და მისი ამფსონები, როგორ მოირგებენ ტანჯულის მანტიას!
ზაზა დავითაია
გაზეთი "ასავალ-დასავალი"