"ყველამ გაიგოს, რა ხდება თურქულ კლინიკაში!!!" - სიმსივნით დაავადებული "იმედის" ჟურნალისტი სტამბულის კლინიკაში გაქურდეს

"შენს ჩანთაში მედდა ხელს უფათურებდა, ნახე, ხომ არაფერი მოიპარაო"

"მედდა ამტკიცებდა თურმე, ჩანთიდან ხელსახოცი გადმოვარდა და იმის ჩადებას ვცდილობდიო"

"კვირის პალიტრას" ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტი სოფო ნიკოლაიშვილი დაუკავშირდა, რომელმაც, სტამბოლში "აჩიბადების" კლინიკაში, რამდენიმე დღის წინ ძუძუს სიმსივნის გამოკვლევა ჩაიტარა. ჟურნალისტის თქმით, კლინიკაში მედდამ მისი ჩანთიდან გამოკვლევებისთვის განკუთვნილი თანხის ნაწილი მოიპარა, ხოლო უსაფრთხოების სამსახურმა და კლინიკის ადმინისტრაციამ პაციენტის განცხადებას და პროტესტს ყურადღება არ მიაქციეს. 


სოფო ნიკოლაიშვილი:

- შარშან თბილისში, ძუძუს კიბოს დიაგნოზი დამისვეს, რისთვისაც ორი ოპერაცია გავიკეთე, გავიარე ქიმიო და სხივური თერაპია. მკურნალობას საქართველოში მოვრჩი, მაგრამ წელს ე.წ. "პეტის" გამოკვლელევებზე პაციენტთა ჯგუფს სტამბულში გავყევი. გამოკვლევაზე შესვლისას ჩანთა მეგობარს ჩავაბარე, რომელიც ჩემს შემდეგ უნდა შესულიყო. რომ გამოვედი, ჩვენი თარჯიმანი ვალენტინა მეუბნება, შენმა მეგობარმა დაინახა, შენს ჩანთაში მედდა ხელს უფათურებდა, ნახე, ხომ არაფერი მოიპარაო. თავიდან არ მჯეროდა, მაგრამ ჩანთა მაინც მოვჩხრიკე - სამკაულები ადგილზე იყო, მაგრამ 1150 ევროს, რომელიც მკურნალობისთვის მქონდა წაღებული, 550 ევრო აკლდა. ანა უკვე შეყვანილი ჰყავდათ და მასთან დალაპარაკებაც ვერ მოვახერხე, რომ მოეყოლა, რა მოხდა. უსაფრთხოების სამსახური და ვალენტინა რადენიმე საათის განმავლობაში მარწმუნებდნენ, კლინიკისთვის არ მეჩივლა. 

- როგორ მოხვდა მედდა თქვენს ჩანთასთან?

- როცა ჩანთა ჩემს მეგობარს ჩავაბარე და კვლევით ოთახში გამიყვანეს, მასთან თარჯიმანი ვალენტინა მისულა და უთქვამს, სასწრაფოდ უნდა აგწონოთ, გამოკვლევისთვის არის საჭიროო. ლამის ძალით გამოურთმევია ჩანთა და იმ ოთახში შეუტანია, სადაც კამერა არ იყო დამონტაჟებული. აწონვის შემდეგ ანა გაქცეულა ოთახისკენ, დაუნახავს, რასაც აკეთებდა მედდა და ყვირილი აუტეხია. მედდა ამტკიცებდა თურმე, ჩანთიდან ხელსახოცი გადმოვარდა და იმის ჩადებას ვცდილობდიო, მოგვიანებით ექთანი, რომელმაც გამქურდა, საერთოდ გააქრეს შენობიდან.. ანა ადმინისტრაციას დამუქრებია საერთაშორისო სკანდალით - სოფო ჟურნალისტია და ამ ამბავს არ შეგარჩენთო. 

ვითხოვდი პოლიციის გამოძახებს, მაგრამ თარჯიმანი და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები მეუბნებოდნენ, მარტო შენ კი არა, ყველა პაციენტს ვინც შენთან ერთად ჩამოვიდა, პოლიციაში მოგიწევთ სირბილი და შეიძლება, გაურკვეველი ვადით დარჩენაც მოგთხოვონ სტამბოლშიო. ამის გარდა, მეორე დღეს კვლევის პასუხები უნდა მიმეღო ამიტომაც შევიკავე თავი პოლიციაში გაცხადებისაგან. 

- რას აპირებთ ახლა?

- არაფერს არ ვითხოვ, უბრალოდ მინდა, ყველა ქართველმა გაიგოს, რაც ხდება თურქულ კლინიკაში. ჩვენი ქართველი ექიმები უკეთეს რჩევებს მაძლევენ და უკეთესად მიკვლევენ - ამხელა პრობლემა მქონდა ორგანიზმში, მათთან ერთი პატარა გადახრაც არ აღმომაჩნდა. ნუთუ ქიმიოთერაპიის კურსის შემდეგ ყველაფერი იდეალურ წესრიგში ჩადგა? მოკლედ იქ, სადაც ადამიანებს ქურდავენ, მე პირადად გამოკვლევებსაც ვერ ვენდობი. ჩემი ისტორია მინდა მაგალითი იყოს სხვებისთვის, რომ ასეთ შემთხვევაში სიფრთხილე გამოიჩინონ. 

უტა ბიწაძე (სპეციალურად საიტისთვის)