ავტორი: ლილუ მიროტაძე
გადავწყვიტე, წლების წინ მცხოვრები ანასტასიას შესახებ მოგიყვეთ, რომელიც თბილისში, ნაძალადევის რაიონში ცხოვრობდა და „მჯდომარე ანასტასიას" სახელითაა ცნობილი. კუკიის სასაფლაოზე დღესაცაა მისი საფლავი, სადაც მლოცველები ხშირად ადიან, მიაქვთ საფლავზე წითელი ვაშლები და ანასტასიას სიყვარულთან, ავადმყოფობასთან და სხვა პრობლემებთან დაკავშირებით შემწეობას თხოვენ. რა დატვირთვა აქვს ვაშლს და რატომ არის ანასტასია შეყვარებულთა შემწე, ამას ქვემოთ მოთხრობილი ისტორიიდან შეიტყობთ.
მჯდომარე ანასტასიას საოცარი ისტორიის შესახებ რამდენიმე წლის წინ შევიტყვე. დღესაც ალბათ ძალიან ბევრმა ადმაიანმა არ იცის, რომ კუკიის სასაფლაოზე, მჯდომარე ანასტასიაა დასაფლავებული, სადაც მიდიან საფლავზე, ანთებენ სანთლებს, ლოცულობენ და ამ საოცარ, ყველასთვის მეოხ ადამიანს, შემწეობასა და დახმარებას სთხოვენ.
აი, რას წერდა ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ დედა ანასტასიას შესახებ არქიმანდრიტი რაფაელი, თავის წიგნში „გადარჩენის საიდუმლო": „ცხოვრებაში ისეთ ადამიანებს შევხვედრივარ, რომლებიც მუდმივი სასწაულის ატმოსფეროში ცხოვრობდნენ. მათთვის თითქოს არ არსებობდა ფიზიკის კანონები, ადამიანის უძლურება, ვნებები, რომლებიც სულს აზიანებს. თითქოს მათთვის, ხატოვნად რომ ვთქვათ, არ არსებობდა მიზიდულობის ძალა. ასეთი ადამიანი იყო ანასტასია, რომელსაც ხალხი „მჯდომარე ანასტასიას" ეძახდა. მისი ღვაწლი ადამიანურ შესაძლებლობებს აღემატებოდა, ისევე, როგორც ძველი მესვეტეებისა. საკუთარი თვალით რომ არ მენახა და მხოლოდ გამეგონა ანასტასიას შესახებ, ალბათ, გულში ეჭვი შემეპარებოდა, ისევე, როგორც შესაძლოა, ამ სტრიქონის მკითხველს. მაგრამ, ჯერ კიდევ ცოცხლები არიან მოწმეები, თვითმხილველები, ჩვენს დროში მოვლენილი ამ სასწაულისა".
ერთ-ერთი ასეთი თვითმხილველი, მჯდომარე ანასტასიას დისშვილი, გიორგი საზანოვია, რომელიც სწორედ იქ ცხოვრობს, სადაც დედა ანასტასია ათეული წლების განმავლობაში, სიცხესა და სიცივეში, წვიმასა და ყინვაში, მუხლებზე იდგა და მუდმივად ლოცულობდა.
„დეიდას 1940 წლიდან სულ მე ვუვლიდი, დილით რომ ვდგებოდი, მასთან ეზოში მივდიოდი. დეიდასთან ძალიან ბევრი ადამიანი მიდიოდა. მის წინ სკამებს ვდგამდი - სხდებოდნენ, ერთად გალობდნენ, ლოცულობდნენ. 1970 წლის 7 ივნისს, როდესაც ეზოში ჩავედი, დეიდა გარდაცვლილი დამხვდა. ანასტასიას მუხლებზე დგომისგან, ფეხები სულ შეხორცებული ჰქონდა. როდესაც გარდაიცვალა, სპეციალური ყუთი გავუკეთე, სადაც ჩავაწვინეთ და ისე დავკრძალეთ. არასდროს გამხდარა ავად. ის ადგილი მოგვიანებით გადავხურეთ, მაგრამ გარეთ გამოვიდა, არ უნდოდა სახურავი, წვიმასა და თოვლშიც ასე იყო. ზოგიერთი ადამიანისგან იღებდა ხილს, საჭმელს, სულ მოდიოდნენ და მოჰქონდათ, ზოგს კი ეზოშიც არ უშვებდა", - იხსენებს ანასტასიას დისშვილი გიორგი საზანოვი.
ანასტასია საზანოვა 1886 წელს დაიბადა თბილისში. ცხოვრობდა „ნახალოვკაში". დედა პატარა ასაკში გარდაეცვალა და დედინაცვალმა გაზარდა. ანასტასია ძალიან მორწმუნე გოგონა იყო და სახლთან ახლოს მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში გალობდა. მჯდომარე ანასტასია სლავური გარეგნობის ანასტასიას ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა, მაგრამ მას ერთი უბრალო ღარიბი ოფიცერი შეუყვარდა და მასზე დაინიშნა კიდეც. დედინაცვალს გერის ეკლესიური ცხოვრება ძალიან აღიზიანებდა და არც მისი საქმრო მოსწონდა. 1905 წელს პირველი მსოფლიო ომის ფრონტზე ანასტასიას საქმროც გაიწვიეს. ოფიცერი მასთან სახლში გამოსამშვიდობებლად მივიდა, მაგრამ დედინაცვალმა უთხრა: ანა ჭკუიდან შეიშალა, გაკოჭეს და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში წაიყვანესო. სასოწარკვეთილმა ოფიცერმა იარაღი ამოიღო და ადგილზევე მოიკლა თავი. ანასტასია წირვაზე იმყოფებოდა, სახლში რომ დაბრუნდა და საქმრო მკვდარი იხილა, მუხლებზე დაეშვა და ამ დღიდან დაიწყო მისი მოწამეობრივი მოღვაწეობა. სურდა, თვითმკვლელის სულისათვის ელოცა. ხალხმა მას „მჯდომარე ანასტასია" შეარქვა. ანასტასია ათეული წლების მანძილზე, 1905 წლიდან 1970 წლამდე, სიცოცხლის ბოლომდე უძრავად, ქარსა და წვიმაში, მზესა თუ თოვლში საკუთარ ქუსლებზე იჯდა და განუწყვეტლივ ლოცულობდა.
1956 წლის 9 მარტს, როდესაც ხრუშჩოვმა ქართველების გადასახლება მოინდომა, ვასილ მჟავანაძეს, რომელიც მასთან ხშირად დადიოდა, ანასტასიასთვის უკითხავს, რა გვეშველებაო. მას კი უთქვამს, ნუ გეშინია, ქართველებს ვერაფერს უზამს, ვილოცებო. მასთან დადიოდა ასევე ლავრენტი ბერიას დედაც და სხვა ცნობილი ადამიანები. თავად ანასტასია ძალიან ცოტას ლაპარაკობდა. ანასტასია ავადმყოფებთან ვერ მიდიოდა, ამიტომ აიღებდა ვაშლს, „მამაო ჩვენოს" იტყოდა, გადასწერდა პირჯვარს და გაატანდა. ამ ვაშლის ჭამის შემდეგ, ბევრი ადამიანი განკურნებულა. ამიტომ, მიაქვთ დღეს ანასტასიას საფლავზე წითელი ვაშლები და მას შემწეობას, განკურნებას ევედრებიან.
დღეს დედა ანასტასიას საფლავს ქურთი - რამაზ სალიმიანი და მისი მეუღლე უვლიან, რომლებიც იქვე, კუკიის სასაფლაოსთან ცხოვრობენ. შესაბამისად, ეს ადამიანები ძალიან ბევრი სასწაულის მომსწრენი არიან.
„ ერთი ქალი მოვიდა, რომელსაც გული აწუხებდა. მაგრამ, ფული არ ჰქონდა, რომ ოპერაცია გაეკეთებინა. რამდენჯერმე იყო ანასტასიას საფლავზე - ილოცა, კარგად გახდა. ექიმთან რომ მივიდა, გასინჯეს და არაფერი აღარ აწუხებდა. ერთი ახალგაზრდა ქალი მოდიოდა, რომელსაც 15 წლის განმავლობაში შვილი არ უჩნდებოდა. ანასტასიას საფლავზე ილოცა, რამდენჯერმე მოვიდა და, ახლა ორსულად არის. რამდენიმე ხნის წინ იყო მოსული, რომ ანასტასიასთვის მადლობა გადაეხადა. პატარა ბავშვი მოიყვანეს, რომელიც ვერ ლაპარაკობდა, მალევე დაიწყო ლაპარაკი - ეს ხომ სასწაულია?! ძალიან დიდი მადლი გადმოდის საფლავიდან. ყოველდღიურად იმდენი ხალხი მოდის - ზოგი ისეთი აფორიაქებულია და აქედან უკვე დამშვიდებული მიდის. პირადად მე, ძალიან მტკიოდა მუხლები, ვერ დავდიოდი. ახლა საერთოდ აღარ მაწუხებს. მოვდივარ, ვუვლი საფლავს, ვასუფთავებ. საფლავიც გააკეთეს, ალბათ, მათ ცხოვრებაშიც მოხდა რაღაც სასწაული, ისინი აფხაზეთიდან იყვნენ და უკან დაბრუნდნენ. ერთი გოგონა მოდიოდა, ინვალიდი, ისიც ეხმარებოდა მათ, როდესაც საფლავს აკეთებდნენ. დღეს უკეთესად არის. ბევრი ოჯახს ქმნის. მაგალითად, აქ რამდენიმე წყვილმა გაიცნო ერთმანეთი და შემდეგ ოჯახები შექმნეს. მთელი უბანი მოდის სალოცავად. ქურთების დიდი ნაწილი გაქრისტიანდა. ჩემი შვილიშვილები ანასტასიას შეწევნით უკვე მოინათლნენ, ასევე ჩემი შვილიც. მე და ჩემი მეუღლეც ვაპირებთ, მონათვლას. არ შეიძლება, აქ მოვიდეს ადამიანი და წყალობა არ წაიღოს", - აცხადებს რამაზ სალიმიანი.
წყარო: reportiori.ge