"ლინჩის სამართალი"

                                 
                                     





                                                     ის, რაც ვიცოდი
                1996 წლის ზაფხულში სოფელში ხმა გავრცელდა, დოესში კაცი დაწვეს ცოცხლადო. ამბობდნენ, რომ ამ კაცმა მეზობლის ბავშვი გააუპატიურა და ამიტომო. იმასაც ამბობდნენ, რომ ცეცხლის მოკიდების წინ დასცინეს: -სიკვდილის წინ ბოლო სურვილი თქვი და შეგისრულებთო. მან კი უპასუხა, -ჩემი რძალი (ძმის ცოლი) მომატყ.....ნეთო.  ისიც მახსოვს, ამ კაცის თანატოლი ჩემი თანასოფლელი კაცები ამბობდნენ, კარგი ბიჭი იყო და რა მოუვიდაო.

                                                         ის, რაც იყო
     30 ივნისს ბეგლარ ბეგლარაშვილი და მისი ბათუმელი მეგობარი ოლეგ ბერიანიძე სოფელ დოესიდან ქალაქ კასპში ჩავიდნენ. ბანკიდან კრედიტის გამოტანას იმ ხანად გამგეობის, საბჭოს, პოლიციის და ათასი ვინმეს თუ რამეს ნებართვა სჭირდებოდა. ბეგლარმა და მისმა მეგობარმაც მოიარეს ეს დაწესებულებები. მერე, სადღაც წაიქეიფეს და სოფელში დაბრუნდნენ. სახლამდე, ალბათ ,ორასიოდე მეტრი იქნებოდა დარჩენილი, რომ მეგობრები პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს, ბეგლარს უთხრეს, რომ კასპის პოლიციის განყოფილებაში უნდა გაჰყოლოდა, ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს. ოლეგ ბერიძე კი ბეგლარის ძმასთან, სერგო ბეგლარაშვილთან მივიდა და მომხდარი შეატყობინა.
   ორიოდე საათის შემდეგ ბეგლარის დედა თამარ ბეგლარაშვილი და მეუღლე ლელა გიორგაშვილი კასპის პოლიციის შენობაში მივიდნენ, სამორიგეოში შევიდნენ და ბეგლართან გამოლაპარაკება მოახერხეს დროებითი დაკავების საკნის გისოსებს მიღმა.
    გაირკვა, რომ ბეგლარმა ჯერ კიდევ არ იცოდა, რისთვის იყო დაკავებული და სთხოვა პოლიციის უფროსთან გაერკვიათ. 
    პოლიციის უფროსის, ლექსო ხაჩიძის კაბინეტი მეორე სართულზე მდებარეობდა.  ქალბატონ თამარს და ლელას კიბეზე უფროსის მოადგილე ალიკა პაპინაშვილი შეხვდა. ქალბატონმა თამარმა სთხოვა პაპინაშვილს აეხსნა, რატომ იყო დაკავებული ბეგლარი.  პაპინაშვილი ამის საპასუხოდ გაცოფებული მივარდა ქალბატონ თამარს და ცემა დაუწყო. 62 წლის ქალს კედელზე არტყმევინა. ქალმა გონება დაკარგა და კიბეზე დავარდა. პაპინაშვილმა მისი ცემა ფეხებით განაგრძო და თან დაჰყვიროდა -შენი შვილი ,,დასაწველია“  და დაიწვება კიდეცო. ქალბატონი თამარის გონზე მოსაყვანად სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა აუცილებელი.
 აქედან ბეგლარის დედა და მეუღლე კასპის პროკურატურაში მივიდნენ ბეგლარის დაკავების მიზეზის გასარკვევად. კასპის რაიონის პროკურორი ლევან გზირიშვილი ადგილზე არ დახვდათ. შენობაში პროკურორის თანაშემწე ტარიელ გეჯაძე ნახეს. გეჟაძემ უთხრა, რომ ბეგლარი მისივე მეზობლის, 16 წლის ინგა აბრამიძის გაუპატიურების გამო იყო დაკავებული და მანაც პაპინაშვილის სიტყვები გაიმეორა, -,,დასაწველია“ შენი შვილიო. ბრალდების მოსმენისას ლელა გიორგაშვილმა თავი ვერ შეიკავა, გეჯაძეს ხელი გაარტყა და სრულიად დარწმუნებულმა უთხრა, ბეგლარი ამას არ გააკეთებდაო.
   ამავე დღეს სოფლის საკრებულოს თავმჯდომარემ (გამგებელმა) გივი ტურაშვილმა სოფლის საბჭოს შენობაში მოსახლეობა მოიხმო. კრებას სათავეში გელა ბარჯაძე, ტარიელ ხორბალაძე და ინგა აბრამიძის ნათლია, კასპის გამომძიებელი გოდერძი (ნუკრი) ხორბალაძე ედგნენ. მოთავეებმა სოფელს შეატყობინეს, რომ ბეგლარმა ასეთი რამ ჩაიდინა და მისი ოჯახის სოფლიდან გაძევებას მოითხოვდნენ.
    მეორე დღეს, 1 ივლისს ლელა გიორგაშვილმა კასპის პროკურატურაში მიიტანა ცნობა, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს უროლოგიის განყოფილების ექიმ შოთა ლაბაძის მიერ იყო გაცემული. ცნობის თანახმად შოთა ლაბაძე 1993 წლიდან მკურნალობდა ბეგლარ ბეგლარაშვილს იმის გამო, რომ მას აფხაზეთის ომში მიღებული ჭრილობის გამო სექსუალური ურთიერთობა არ შეეძლო. ამის გამო ბეგლარმა რამოდენიმეჯერ თვითმკვლელობა სცადა.
     პოლიცია ამტკიცებდა, რომ ინგა აბრამიძეს ექსპერტიზა ჩაუტარდა და მისი გაუპატიურება დადასტურდა. თუმცა ექსპერტიზის დასკვნის ქაღალდი არსად ჩანდა. 
 ლელა გოგონასთან მივიდა სახლში. გოგონა ამბობდა, რომ ბეგლარმა მართლაც იძალადა მასზე და ყელზე მიყენებული დალურჯებული ნათითურები და სისხლჩაქცევებიც აჩვენა. 
       ბეგლარი გოგონასთან დაპირისპირებას მოითხოვდა მაგრამ ამის საშუალებას არ აძლევდნენ.
        33 წლის ბეგლარ ბეგლარაშვილს ბრალად საქართველოს სისხლის სამართლის 117-ე მუხლი (გაუპატიერება) წაუყენეს. საქმეს კი ინგა აბრამიძის ნათლია, გოდერძი ხორბალაძე იძიებდა.სოფლის საბჭოს შენობაში ყოველდღიურად იკრიბებოდა მოსახლეობა და ახალ-ახალ მოთხოვნებს აყენებდა. მოთავენი ახლა ბეგლარაშვილების სახლის დაწვას ითხოვდნენ.
       3 ივლისს ბეგლარის მეუღლესთან ბეგლარის ნათესავი სულიკო თაბუკაშვილი მივიდა. თაბუკაშვილი კასპის პოლიციაში მუშაობდა და ბეგლარის დაკავების დღეს შვებულებაში გავიდა თუ გაუშვეს.
     თაბუკაშვილმა აცნობა, რომ გამომძიებელი გოდერძი ხორბალაძე და სოფლის გამგებელი გივი ტურაშვილი ხალხს აბუნტებდნენ ისევ და ბეგლარის პოლიციიდან წამოყვანას და მის ცოცხლად დაწვას აპირებდნენ. თაბუკაშვილმა ურჩია  ლელას, კასპში ჩასულიყო, პოლიციის უფროსი და რაიონის გამგებელი ენახა და ბეგლარის თბილისში, ციხეში გადაყვანა მოეთხოვა. 
    იმავე დღეს ლელა გიორგაშვილი და დედა თამარ ბეგლარაშვილი კასპის გამგებელთან, ირაკლი ბოჭორიძესთან მივიდნენ. გამგებლის კაბინეტში შეხვედრას კასპის პროკურორი ლევან გზირიშვილი, პროკურორის თანაშემწე ტარიელ გეჯაძე, პოლიციის უფროსი ლექსო ხაჩიძე, პოლიციის უფროსის მოადგილე ალიკა პაპინაშვილი და თავად გამგებელი ირაკლი ბოჭორიძე ესწრებოდნენ.
 ქალბატონებმა აცნობეს, რომ სოფელი ბეგლარის პოლიციიდან გაყვანას და მოკვლას აპირებდა. ამიტომ სთხოვეს, რომ ბეგლარი ციხეში გადაეყვანათ. პაპინაშვილმა უპასუხა, რომ ბეგლარი უკვე გადაიყვანეს თბილისში ბადრაგის თანხლებით და დახარჯული საწვავის საფასური 20 ლარი მოითხოვა, რაც მიიღო კიდეც ქალბატონებისგან. 
   30 ივნისიდან ბეგლარ ბეგლარაშვილი გამუდმებული ცემისა და წამების ქვეშ იმყოფებოდა. პოლიციის სამორიგეო ჟურნალში 5-ჯერ არის დაფიქსირებული სასწრაფო დახმარების გამოძახება ბეგლარის გონზე მოსაყვანად. ცემისაგან ნეკნები ჰქონდა დამტვრეული და მთელს ტანზე ერთთავად გაშავებული იყო.
 იმავე ღამეს პოლიციის შენობას მცირერიცხოვანი ბრბო მიადგა და ბეგლარის გადაცემა მოითხოვა, თუმცა პოლიციის უფროსმა მალევე გაისტუმრა უკან.
 4 ივლისს ,სოფლის საბჭოს შენობიდან უზარმაზარი ბრბო დაიძრა და გეზი ბეგლარის სახლისაკენ აიღეს, სადაც ბეგლარის ხანშიშესული დედა, მეუღლე და სამი მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობდა.  ბეგლარის ერთ-ერთმა მეზობელმა პრეტენზია გამოთქვა: -ეგ სახლი რომ დაწვათ, ჩემს ბაღში გადმოვა ცეცხლი და ვაშლის ხეები დამეწვებაო. ბრბომ მისი სიტყვა გაითვალისწინა. ბეგლარის სახლიდან ავეჯი და სხვა დანარჩენი საყოფაცხოვრებო ნივთები გამოიტანეს, ეზოს შუაგულში დაყარეს და ცეცხლი მოუკიდეს. ამის შემდეგ ბრბო ბეგლარის ძმის, სერგო ბეგლარაშვილის სახლს მიადგა. ხროვას ძირითადად მოზარდები შედგენდნენ და სათავეში ინგა აბრამიძის ბიძა, გოჩა აბრამიძე ედგა. (ჯგუფის ბავშვებით დაკომპლექტებას სერგო იმით ხსნის, რომ სოფლის გამგებელმა გივი ტურაშვილმა იცოდა, სერგოს რომ ავტომატური იარაღი ჰქონდა და ბავშვებს არ ესროდა. და თუ ესროდა, მისი გასახლების მეტი მიზეზი ექნებოდა) .
    სერგო ბეგლარაშვილი ოჯახთან ერთად ბრბოს გაერიდა და ხეხილის ბაღს შეაფარა თავი. სერგოს მეუღლე, ლია ბეგლარაშვილი და სამი ვაჟი ჰყავდა. უფროსი ლევანი სამხედრო სამსახურში იმყოფებოდა. შუათანა გიორგი ინგა აბრამიძის თანაკლასელი იყო. უმცროსი ვეფხია კი 10 წლისაც არ იქნებოდა.
    გოჩა აბრამიძემ დანარჩენებთან ერთად სახლს ცეცხლი მოუკიდა და წავიდნენ. ამ სურათს სერგო ბეგლარაშვილი ოჯახთან ერთად ბაღიდან უყურებდა. 
 ბრბო ცენტრალურ გზაზე გავიდა და გეზი კასპისაკენ აიღო. 
 მილიციის განყოფილებას ორასამდე კაცი, ქალი და ბავშვი მიადგა. ზოგი მანქანებში იყო თითქმის ძალად ჩატენილი. ვინც მანქანებში არ ჩაეტია, ერთი ავტობუსით მოვიდა. 
    პოლიციის უფროსი ლექსო ხაჩიძე განყოფილებაში არ იყო. ამ ხალხის მოსვლა და ხმაური მთელმა ქალაქმა გაიგო. ბეგლარის დასახმარებლად კასპის გვარდია მოვიდა. მათ ქალები აუმხედრდნენ და ეკითხებოდნენ, თქვენი შვილი რომ ეხმარა, რას იზამდითო. გვარდიელები უკან გაბრუნდნენ.
   ალბათ, ღამის ორი საათი იქნებოდა ბეგლარი რომ შენობიდან გამოიყვანეს. სამორიგეოში პირველები ბეჟან ყეინაშვილი და მაკა უხურგუნაშვილი შეიჭრნენ. შემდეგ სხვები მიჰყვნენ და ნაცემი და ნაწამები ბეგლარი ცემა-ლანძღვითა და ფურთხებით "ცაციას" (ედვარდ თაბუაშვილი) ავტობუსში აიყვანეს. ავტობუსი ისევ აქაფებული ხალხით გაივსო და დოესისაკენ დაიძრა. 
      დანგრეული ავტობუსი ძლივს მიჯანჯღარებდა კიდევ უფრო დანგრეულ გზაზე. დოესამდე 30 კილომეტრზე მეტი იყო და ამ ავტობუსით ამ გზის გავლას მინიმუმ საათ-ნახევარი სჭირდებოდა. გზა კი ისევ ბეგლარის ცემა-ფურთხებასა და ბეგლარის ტანზე ჩამქრალი სიგარეტების ფონზე მიიზლაზნებოდა. 
 ალბათ ,ნახევარი საათის შემდეგ ავტობუსი სოფელ მეტეხის აღმართზე შედგა და გაჩერდა. -გაფუჭდა.  "ცაცია" ავტობუსიდან ცამოვიდა და მის შეკეთებას ცდილობდა. ეს პროცესი კი საათზე მეტ ხანს  გაიწელა იმ იმედით, რომ იქნებ პოლიციიდან, გამგეობიდან, პროკურატურიდან ან ისევ გვარდიიდან ვინმე დასწეოდათ და ბეგლარი უკან, კასპში დაებრუნებინათ. ამ საათზე მეტმა კი ისევ ბეგლარის წარმოუდგენელ წამებაში გაიარა, მაგრამ "ცაციას"იმედს ახდენა არ ეწერა. გამგეობის, პროკურატურისა თუ პოლიციის თანამშრომლები და მაღალჩინოსნები კიდეც დაეწივნენ ავტობუსს, კიდეც გაასწრეს და დოესში, სამების ეკლესიის წინ, გამეგეობის ეზოში დაელოდნენ ბეგლარსაც და ბრბოსაც. 
 ბოლოსდაბოლოს, ბრბოც დაიძრა მეტეხიდან და "ცაციას" ავტობუსიც. გამგეობის ეზოში უამრავი ხალხი დახვდა "დელეგაციას", სოფლის გამგებელთან, პოლიციელებთან და გამომძიებლებთან ერთად. 
     ბეგლარი ისევ ცემა-ფურთხებით ჩამოათრიეს ავტობუსიდან, გამგეობის ეზოში შეათრიეს, ხელები და ფეხები ლითონის მავთულით შეუკრეს და ეზოში მდგარ ელექტროსადენის ლითონის ბოძზე მიაბეს.  თითქმის მთელს ტანზე შემოახვიეს მავთული. ლითონის რგოლები ყელში უჭერდა და სუნთქვას უხუთავდა უზომოდ განაწამებ კაცს. რეალურად კი სწორედ ამ მავთულის რგოლების "წყალობით-ღა“ იდგა ფეხზე ღონეგამოცლილი და ბრძოლისუნარისაგან დაცლილი კაცი.
 მოთავეები თითქოს გათენებამდე ცდილობდნენ ამ საქმის მოთავებას. მალე გამხმარი ფიჩხის კონები მოიტანეს და ბეგლარის ფეხებთან დაყარეს. მერე კი უთხრეს, სიკვდილის წინ ბოლო სურვილს აგისრულებთო. ბეგლარი რძალთან (ძმის ცოლთან) ითხოვდა დალაპარაკებას. ამბობდა, რძალთან დამალაპარაკეთ, ეს ყველაფერი მისი მოწყობილიაო, მაგრამ ამის გაკეთება არც ვინმეს უფიქრია და უცდია. ჩემთვის კი დღემდე გაურკვეველი რჩება ბოლომდე, რომელ რძალს გულისხმობდა. თუმცა იმ პერიოდის შემდგომ ხმებს თუ გავიხსენებ, ამბობდნენ რძალი ინტიმურ ურთიერთობას ცდილობდა ბეგლართან. ბეგლარმა კი უარი თქვა და ამის გამო რძალმა "გაუჩალიჩა"-ო. არც ის ვიცი ,რომელ რძალზე იყო ეს ლაპარაკი.  როგორც სერგო ბეგლარიშვილი ამბობს, მესამე ძმასთან, მალხაზ ბეგლარაშვილთან და მის ცოლთან მიწის ფართობის გამო ჰქონდათ დავა. ამის გამო აქტიურობდა ის რძალი ბეგლარის დაწვის დროსო. -მაშ რატომ იმას არ დაუწვეს სახლი? კითხვას სვამს სერგო. -რატომ დაწვეს ჩემი და რატომ არა მისი?.. (ლოგიკური კითხვაა)  ლია ბეგლარიშვილიც ამბობს, რომ მისი ოჯახის უბედურება სწორედ "იმ" რძლის ბრალია, თუმცა ამ ამბების ერთ-ერთი დამსწრის თქმით, ბეგლარი სწორედ ლია ბეგლარიშვილს გულისხმობდაო.
 მოსახლეობამ საკუთარი შვილები, ბავშვები გამოიყვანა სახლიდან, დედები შვილებს მოარბენინებდნენ ხელჩაკიდებულს, ბებიები  - შვილიშვილებს. ინკვიზიციური ბოძის გარშემო შემოჯარულ ხალხის წინა რიგებში დააყენეს და ეს ყველაფერი საკუთარი თვალით აცქერინეს. 
     ბეგლარს ბენზინი დაასხეს თავზე. ავისმომასწავლებელმა სუნმა და სისველემ გაჟღინთა ბეგლარის სხეული და ტანისამოსი. ინგა აბრამიძის ბიძამ გოჩა აბრამიძემ და ტარიელ ხორბალაძემ ასანთებს გაჰკრეს და ფიჩხს მოუკიდეს. ერთ-ერთი ვერსიით ამ დროს გელა ბარჯაძემ სანთებელა აანთო და ბეგლარს ბენზინიან ყურზე მოუკიდა.
 ამ დროისათვის ბეგლარის დედა, მეუღლე და შვილები მამისეულ სოფელში, ხოვლეში იყვნენ გახიზნულები და წარმოდგენა არ ჰქონდათ ,რა ჯოჯოხეთი ტრიალებდა ბეგლარის თავზე. იგი თბილისში, ციხეში ეგულებოდათ და რამდენადაც შესაძლებელი იყო, მშვიდად იყვნენ. ბეგლარის სოფელში მოყვანისა და დაწვის შესახებ არც მისმა ძმამ სერგომ იცოდა რამე. ის ოჯახთან ერთად იდგა საკუთარ ბაღში და შესცქეროდა როგორ იფერფლებოდა მისი სახლი.
    ბეგლარის გვამი გამთენიისას კასპის პროზექტურაში გადაიყვანეს. მეორე დილით ბეგლარის ბიძაშვილი ავთო ბეგლარაშვილი ცენტრალურ გზაზე იდგა. შემთხვევით გელა ბარჯაძემ და ნოდარ კოდანოვმა ჩამოიარეს. შენც მისი სისხლის ხარო და ხელით, ფეხით და ქვით ძვლების დალეწვამდე და გონების დაკარგვამდე სცემეს. როგორც ავთოს მეუღლე დარეჯან სხირტლაძე ამბობს, მისი მეუღლე შემდეგ სწორედ ამ ტრავმების შედეგად გარდაიცვალა. 
     7 ივლისს ,კასპში, სერგო ბეგლარაშვილი და მურაზ წერუაშვილი ჩავიდნენ. ბეგლარის დანახშირებული გვამი მორგის იატაკზე ეგდო და ბუზები ეხვეოდნენ. სერგომ და მურაზიმ მიმოფანტული ფერფლი ხელით მოაგროვეს და ტომარაში ჩაყარეს ბეგლარის ცხედართან ერთად. ხელ-ფეხიდან მავთული გაჭირვებით მოხსნეს. ყელიდან კი მისი მოხსნა შეუძლებელი აღმოჩნდა. ბეგლარის დანახშირებულ მკერდზე კი ისევ ბრწყინავდა პატარა ოქროს ჯვარი. 
    ცხედარს დოესში არ დაამარხვინებდნენ. ამიტომ მისი დამარხვა ხოვლეში გადაწყვიტეს. მეტეხის აღმართზე, ზუსტად იქ, სადაც სამი დღის უკან "ცაციას" ავტობუსი "გაფუჭდა", მცირე პროცესიას, რომელშიც მხოლოდ ბეგლარის ძმა სერგო, დედა თამარ მეგლარაშვილი, რძალი ლია ბეგლარაშვილი და მურაზ წერუაშვილი შეადგენდნენ, ხოვლედან მიმავალი ბეგლარის მეუღლე შემოხვდათ. ლელამ თქვა, რომ ხოვლეში დამარხვის უფლებას არ აძლევდნენ, რადგან დოესის გამგებელი გივი ტურაშვილი ოთხ შეიარაღებულ პირთან ერთად ხოვლელებს და მესაფლავეებს დაემუქრა, თუ საფლავს გაუთხრით, სოფელი სოფელს დაეჯახება და კონფლიქტი ორ სოფელს შორის გაგრძელდებაო. ამ დროს კასპის პოლიციიდანაც წამოეწივნენ და იმ მიზეზით, რომ ექსპერტიზა ჯერ არ ჩაგვიტარებიაო, ცხედარი უკან, მორგში მიაბრუნეს. 
   სერგომ პოლიციელ (საი-ს უფროსს) ვალიკო იაშვილს სთხოვა დახმარება. მანქანა მაშოვნინე, რომ ხოვლედან სასახლე ჩამოვიტანო და ცხედარი ჩავასვენოო. ვალიკო იაშვილმა იქვე მდგომ სატვირთო მანქანის მძღოლს დაავალა სერგოს დახმარებოდა და სერგოს რჩევაც მისცა, ცხედარი კასპის უპატრონოთა სასაფლაოზე დაემარხათ, რომ საფლავის წაბილწვა აეცდინათ თავიდან. ასეც გადაწყდა. სადღაც, მივარდნილ ხევში რამოდენიმე უპატრონო საფლავი ჩანდა და მათ შორის ბეგლარის განაწამები და დანახშირებული სხეული მიწას მიაბარეს.

                                                        რატომ(?)...
       1993 წელს, აფხაზეთის ომის დროს კასპის იმდროინდელი გამგებელი და კასპის ბატალიონის მეთაური, სოფელ ხანდაკში მცხოვრები ტარიელ შარიფაშვილი ომიდან თბილისში წამოვიდა ,რომ მებრძოლებისთვის საკვები მოეძებნა და ჩაეტანა. უკან გაბრუნებამდე შარიფაშვილმა შეიტყო, რომ ბეგლარის მეუღლე სამშობიარო სახლში დააწვინეს. როდესაც ტარიელ შარიფაშვილი აფხაზეთში დაბრუნდა, ეს ამბავი ბეგლარს შეატყობინა და სახლში გამოუშვა. ბავშვის დაბადებიდან მცირე ხნის შემდეგ, ისევე როგორც ჭრილობის მიღების შემდეგ, მეგლარი ისევ ომში დაბრუნდა, მაგრამ ტარიელ შარიფაშვილი დაღუპული დახვდა. ბეგლარი თავისთავად დაინტერესდა, ეს როგორ მოხდა და როგორც შემდეგ თვითონ ამბობდა, რაღაც საეჭვოსაც მიაგნო.
    აფხაზეთის ომში ბეგლართან ერთად სოფელ დოესის სხვა მკვიდრნიც იყვნენ. ომის დასრულების შემდეგ კასპის გამგებელი ირაკლი ბოჭორიშვილი გახდა. ბეგლარი კი ხშირად იმეორებდა, რომ ტარიელ შარიფაშვილი "ჩვენებმა" მოკლეს თანამდებობების გამო. 
    სხვათაშორის ტარიელ შარიფაშვილს პირადად ვიცნობდი. მისი დაღუპვის ამბავიც მახსოვს და ისიც მახსოვს, რომ მისი "ჩვენების" მიერ მისი მოკვლის ამბავი მაშინვე გავრცელდა. თუმცა ,როგორც ახლახანს ჩემთვის ცნობილი გახდა, ტარიელ შარიფაშვილი გაცილებით მაღალი ეშელონებიდან მოიშორეს და ეს იმის გამო, რომ გია ყარყარაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ტარიელის დანიშვნას უჭერდა მხარს. იმ დროს კი ამისათვის ხელის შეშლა მხოლოდ იმას შეეძლო, რომ შარიფაშვილი ცოცხალი არ ყოფილიყო. რაც შეეხება ტარიელ შარიფაშვილის პიროვნებას, ის შესანიშნავი პიროვნება იყო.
   სოფელ ხოვლეში, გენერალ გუჯარ ყურაშვილის ძმის, ოთარ ყურაშვილის ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმა მოხდა. ოთარ ყურაშვილმა სროლა დაასწრო და ერთ-ერთი დავდამსხმელი დაჭრა. თავდამსხმელთა შორის ამავე სოფლის მაცხოვრებლებიც იყვნენ. ერთ-ერთმა მათგანმა დაჭრილი ყურაშვილებისავე მეზობელთან არასრულწლოვან გელა გიორგაშვილთან მიიყვანა და სთხოვა დილამდე დაემალა ისე, რომ გელას მშობლებსაც არ გაეგოთ. მეორე დღეს დაჭრილი მეგობრებმა წაიყვანეს, მაგრამ ისინი მალე დააკავეს და ისიც გაირკვა ,იმ ღამეს სად შეაფარეს თავი. ოთარ ყურაშვილმა ამის გამო  გელას მამას უმოწყალოდ სცემა. (როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, ამ კაცმა დიდი გაჭირვებით მიაღწია სახლამდე, იმის თქმა მოახერხა, ვინ სცემა ასე უმოწყალოდ და მალევე გარდაიცვალა)  გელა გიორგაშვილი კი ბეგლარ ბეგლარაშვილის ცოლის ძმა იყო. 
   ბეგლარმა გამოძიებელი გოდერძი ხორბალაძე ნახა, დახმარება სთხოვა, რომ ბავშვისათვის, რომელმაც ისიც არ იცოდა, ვინ იყო ის დაჭრილი და რატომ იყო დაჭრილი, მცირე სასჯელი მიეცათ და ამისათვის საკმაოდ დიდი თანხა გადაუხადა, თუმცა გელა გიორგაშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამის გამო ბეგლარსა და გოდერძი ხორბალაძეს შორის უსიამოვნო კამათი გაიმართა, რომელსაც გივი ტურაშვილიც ესწრებოდა. ბეგლარი ხორბალაძეს იმას საყვედურობდა, რომ თუ არ შეგეძლო დახმარება, ფული რატომ გამომართვიო. შემდეგ ისიც მიაძახა, რომ კარგად იცოდა, ისინი როგორ ძარცვავდნენ ქართველთა სახლებს აფხაზეთის ომში. გივი ტურაშვილს კი ის გაუხსენა, რომ ბეგლარის ომში ყოფნის დროს გივიმ ბეგლარის დედას დენი ჩაუჭრა გადაუხდელობის გამო. კამათი იმით დასრულდა, რომ გოდერძი ხორბალაძე ბეგლარს დაემუქრა არ გაგახარებო.
 1996 წლის 29 ივნისს ბეგლარ ბეგლარაშვილი აბრამიიძების სახლში მივიდა არყის საყიდლად. მალევე უკან გამობრუნდა და თელიანისაკენ (ყარაღაჯი) მიმავალ გზაზე ძმას, სერგო ბეგლარაშვილს დაეწია. 
   ცოტა ხნის შემდეგ სერგო ბეგლარაშვილის ეზოში ხმაურის ხმამ შემოაღწია. გიორგი სახლში შემოვიდა და დედამისს, ლია ბეგლარაშვილს უთხრა, რომ ინგა აბრამიძეს ბიძამისი გოჩა აბრამიძე სცემდა. ქალბატონი ლია გარეთ გამოვიდა და დაინახა მისი სახლის უკან, სარწყავი წყლის არხში როგორ ჩააგდო გოჩა აბრამიძემ გოგონა და როგორ წაუჭირა ყელში ხელები დასახრჩობად. ამ ყველაფერის მიზეზი კი ის იყო, რომ გოგონამ მსმელ (ლოთ) ბიძას არაყი დაუმალა. იმავე საღამოს, უკვე დაღამებული იყო, რომ ბეგლარი ისევ მოვიდა სერგოსთან არყის ბოთლებით ხელში და ძმებმა სწორედ იმ ადგილას დალიეს, სადაც ინგა აბრამიძეს ბიძამისი ახრჩობდა. მეორე დღეს, 30 ივნისს კი ბეგლარ ბეგლარაშვილი ინგა აბრამიძის გაუპატიურებისათვის დააპატიმრეს და ძალადობის დასტურად გოგონას ყელზე დალურჯებული ნათითურები დაასახელეს. 
                                                            * * *
       ბეგლარისა და სერგოს სახლის დაწვის დროს სერგოს უფროსი ვაჟი ლევანი სამხედრო სამსახურს იხდიდა. სოფელში დატრიალებული ამბები ტელევიზიით შეიტყო და მაშინვე სოფელში დაბრუნდა. ლევანმა იმის გარკვევა დაიწყო, თუ ვინ იყო მისი სახლის დაწვის მთავარი ინიციატორი და კვალმა გელა ბარჯაძესთან მიიყვანა.
    ლევანმა და მისმა შუათანა ძმამ გელა ბარჯაძეს მიაკითხეს და მოსთხოვეს, რომ მასვე ეთავა და ბეგლარაშვილების სახლისათვის სახურავი მაინც გადაეხურათ, რომ წვიმა არ ჩასულიყო. ამას ბარჯაძის მხრიდან გინება მოჰყვა. გინებას კი -ხელჩართული ჩხუბი. იმავე დღეს გელა ბარჯაძემ კასპის პოლიციაში საჩივარი შეიტანა, სადაც აცხადებდა, რომ ლევან და გიორგი ბეგლარაშვილები მას ძარცვის მიზნით დაესხნენ თავს და 10 000 დოლარს სძალავდნენ. თუმცა ეს სარჩელი მალევე უკან გამოიტანა თავისივე შვილის ჩარევის შემდეგ. თუმცა როგორც გაირკვა, ბარჯაძეს ისედაც არ უნდოდა საჩივრის დაწერა და ამის გაკეთება კასპის პოლიციამ აიძულა იმ მუქარით, რომ თუ არ დაწერდა, თვითონ ბარჯაძეს გაუშვებდნენ ციხეში რაიმე მიზეზით.
   საჩივრის გაუქმების მიუხედავად, პოლიციამ ამ საქმის დახურვისათვის ლევანს 500 დოლარი მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო, რადგან ეს თანხა ლევანს და მის ოჯახს უბრალოდ არ გააჩნდა. ამის შემდეგ კი ლევან და გიორგი ბეგლარაშვილების მიმართ მუდმივი ზეწოლა მიმდინარიეობდა პოლიციის მხრიდან. ამის სათავეში კი გამომძიებელი გოდერძი ხორბალაძე იდგა. ყოველთვის, როდესაც სოფელ დოესსა თუ მის ახლოს მდებარე სოფლებში რამე იკარგებოდა, პოლიცია ცდილობდა ძმები ბეგლარაშვილებისათვის დაებრალებინა და საამისოდ ხმებსაც ავრცელებდნენ მოსახლეობაში, რომ ძმები ბეგლარაშვილები მძარცველები იყვნენ. აქცენტი უფრო ლევანზე იყო, როგორც უფროსსა და უფრო მომთხოვნზე მისი ოჯახის წინაშე დამნაშავეების მიმართ. ხშირად ჩასვამდნენ მანქანაში, წაიყვანდნენ განყოფილებაში, სისხლისდენამდე სცემდნენ და გამოუშვებდნენ. 
  ბეგლარის დაწვიდან ერთი თვის თავზე სოფლის გამგებელმა გივი ტურაშვილმა სოფლის მოსახლეობა კიდევ ერთხელ შეკრიბა გამგეობის შენობაში და ამცნო, რომ ინგა აბრამიძეს ექსპერტიზა ჩაუტარდა და გოგონა ქალიშვილი აღმოჩნდა.
 ამავე დროს სერგო ბეგლარაშვილი კასპის პროკურატურაში დაიბარეს იმის საცნობებლად, რომ ბეგლარის დაწვის საქმე პროკურატურამ დაამთავრა. სერგომ პროკურორის თანაშმეწეს, სოფელ მეტეხში მცხოვრებ ტარიელ გეჯაძეს ინგა აბრამიძის ექსპერტიზის პასუხები მოსთხოვა. გეჯაძემ უპასუხა, რომ ასეთი ფურცელი არ არსებობს. გეჯაძემ ისიც უთხრა, რომ ზუსტად იცოდა გოგონა ხელდაუდებელი იყო და ინგა აბრამიძე ოფიციალურად არც დაკითხულა არასდროს.  -მაშ რატომ დაწვეს ჩემი ძმა? იკითხა სერგომ. -აბა რა ვიცი... წადი და იმკითხავე-ო, იყო გეჯაძის პასუხი.
   ამავე პერიოდში სერგო პოლიციის უფროსს, ლექსო ხაჩიძესაც შეხვდა. ხაჩიძემ მობოდიშების ტონით მიმართა სერგოს და უთხრა, მე ნუ შემაგინებ და დამემდურები, მე არავინ მეკითხებოდა. იმ საბედისწერო ღამეს განყოფილებიდან გამიშვესო. ადრე თუ გვიან სიმართლეს გაიგებ. ახლა კი როგორც გავიგე სამი შვილი გყავს და იმათ მიხედე და გაუფრთხილდიო.
    ბეგლარზე შურისძიების სურვილს ისიც ამძაფრებდა, რომ იმ დროისათვის ის სოფელ დოესში რაიონის სამხედრო კომისარიატის წარმომადგენელი იყო და წვევამდელებს კურირებდა. ამით კი ის სოფლის გამგებელ გივი ტურაშვილს წვევამდელების "დაბრაკვით" თუ სამხედრო გაწვევის გადავადებით ფულის კეთების საშუალებას არ აძლევდა. 

                                                             * * *
     ბეგლარის ოჯახი სოფლიდან საბოლოოდ გადაიხვეწა. მას სამი არასრულწლოვანი შვილი დარჩა. ბავშვებს სკოლაში აღარ უვლიათ, რადგან დანარჩენი მოსწავლეები და თანაკლასელები მანიაკის შვილებს ეძახდნენ და დასცინოდნენ. ინგა აბრამიძე კი არც თუ დიდი ხნის შემდეგ ბეგლარის ახლო ნათესავს, მამის მამიდაშვილს გაჰყვა ცოლად. 
       1999 წელს ბეგლარ ბეგლარაშვილის ლინჩის წესით გასამართლების ფაქტზე სასამართლო პროცესი გაიმართა. ამავე წელს უზენაესი სასამართლოს 10 მარტის დადგენილებით სასამართლომ ბეგლარ ბეგლარაშვილის დაწვის, თამარ ბეგლარაშვილის ქონების დაწვის და სერგო ბეგლარაშვილის სახლის დაწვის ფაქტზე დამნაშავეებად გოჩა აბრამიძე და ტარიელ ხორბალაძე სცნო. ტარიელ ხორბალაძეს ორიოდე წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. დანარჩენი კი მაშინვე სასმელით წაქეზებულ გოჩა აბრამიძეზე გადატყდა. მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამავე დროს თამარ მეგლარაშვილის სასარგებლოდ 2960 ლარის და სერგო ბეგლარაშვილის სასარგებლოდ 7360 ლარის გადახდა დაეკისრა. პროცესის დასრულების შემდეგ სასამართლოს შენობაში ტარიელ ხორბალაძე სერგო ბეგლარაშვილს მიუახლოვდა და უთხრა ,რომ ყველაფერი გოდერძი ხირბალაძის ბრალი იყო და ახლა მეც ეგ მიშვებს ციხეშიო. გოდერძის უშვერი სიტყვებით აგინა და წავიდა. (სხვათაშორის ბეგლარის სიკვდილიდან ცოტა ხნის შედმეგ მთელი სოფლისთვის ცნობილი გახდა, რომ ტარიელ ხორბალაძემ თავისი ბიძაშვილის 
  ცოლთან სცადა ინტიმური ურთიერთობის დამყარება რაზეც სავარაუდოდ უარი მიიღო).
  
                                                          * * *
    სერგო ბეგლარაშვილის მეუღლემ ლია ბეგლარაშვილმა გადაცემა "60 წუთი"-ს ინტერვიუ მისცა. გადაცემაში ქალბატონმა ლიამ მისი მაზლის მკვლელობასა და მათი სახლის დაწვაში ღიად დაადანაშაულა გამომძიებელი გოდერძი ხორბალაძე, დოესის გამგებელი გივი ტურაშვილი და გელა ბარჯაძე. ამის გამო გოდერძი ხორბალაძე მას დაპირდა, რომ მის შვილებს არ გაახარებდა და მათი მოკვლით დაემუქრა.
    2000 წელს, სოფელ ხოვლეში მცხოვრებმა კახა ლელაშვილმა, რომელიც ლევანთან მეგობრობდა (ძამაკაცობდა), ლევანს დახმარება სთხოვა. ლელაშვილმა უთხრა, რომ მისმა ბიძამ ფული წააგო და თუ "თავანს" არ ჩაიტანდა, სერიოზული პრობლემები ექნებოდა. ამისათვის ლელაშვილმა ხოვლეში თანასოფლელისვე სახლიდან საქონლის (ძროხის) მოპარვა შესთავაზა. ლევანმა უარი უთხრა. ლელაშვილი არ მოეშვა. ორი დღის მანძილზე სთხოვდა დახმარებას და ძმობას აფიცებდა. საობოლოოდ დაითანხმა კიდეც. 
      ნადავლი რომ მოჰყავდათ, ლევანი და ლელაშვილი პოლიციამ დააკავა. თუმცა ლელაშვილი მალე გამოუშვეს. როგორც ირკვევა, ლელაშვილს ცოტა ხნით ადრე თავისი მეგობარი (ძმაკაცი) ჰყავდა მოკლული გლდანის დასახლებაში 30 ლარის გამო. ამის გამო მას პოლიციამ მიაკითხა და შესთავაზეს, რომ თუ ლევან ბეგლარაშვილს დააჭერინებდა, ამ მკვლელობასაც ლევანს "შეტენიდნენ", თუ არა და თვითონ მოუწევდა ციხეში ჯდომა. ლელაშვილმაც თანხმობა განაცხადა, მაგრამ ლევანი არც სხვის ჩადენილი მკვლელობის თავის თავზე აღებას აპირებდა და არც თავისი ჩადენილის აღიარებას. საბოლოოდ ,პროკურორის თანაშემწემ ტარიელ გეჯაძემ ურჩია, რომ ქურდობა ეღიარებინა და მცირე ხნით ჩამჯდარიყო, თორემ პოლიცია არ მოეშვებოდა და მერე უფრო დიდი ხნით ჩაჯდომას ,,გაუჩალიჩებდნენ“. ასეც მოხდა და ლევანს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

                                                             * * *
       ბეგლარაშვილების ოჯახი სამართალს ეძებდა. ბეგლარის დედამ თამარ ბეგლარაშვილმა სახალხო დამცველის აპარატს მიმართა, რათა გოჩა აბრამიძის თუ მისი ოჯახისაგან სასამართლოს მიერ დადგენილი მატერიალური ზარალი, რომელსაც არავინ იხდიდა, იძულების წესით ამოეღოთ. სახალხი დამცველის აპარატმა კი იუსტიციის სამინისტროს სააღმსრულებლო დეპარტამენტს მიმართა. 2002 წლის 14 მარტს შიდა ქართლის სააღმსრულებლო ბიუროს სასამართლო აღმასრულებელი ჯემალ მერებაშვილი "აქტი"-ში წერს, რომ იგი ეწვია გოჩა აბრამიძის სახლს, რათა განეხორციელებინა იძულებითი სააღმსრულებლო წესი სოფელ დოესის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ტურაშვილთან ერთად, მაგრამ აბრამიძის სახლში ვერ აღმოაჩინეს ვერავითარი ქონება, რომელიც დაყადაღებას დაექვემდებარებოდა. ამასვე ადასტურებს ამავე დღეს გივი ტურაშვილის მიერ ჯემალ მერებაშვილის მისამართით "გაგზავნილი" მიმართვა, რომ გოჩა აბრამიძის სახელზე არ ფიქსირდება არავითარი ქონება, კერძოდ ,სახლის ან მიწის ფართობის სახით.
  მერებაშვილმა "აქტი" იუსტიციის სამინისტროს გადაუგზავნა. იუსტიციის სამინისტრომ  - სახალხო დამცველის აპარატს და დაურთო რეკომენდაცია, რომ თუკი სახალხო დამცველის აპარატი აღმოაჩნდა გოჩა აბრამიძის სახელზე არსებულ ქონებას, შეატყობინონ იუსტიციის სამინისტროს და სამინისტრო იმოქმედებს კანონით გათვალისწინებული მეთოდით. სახალხო დამცველის აპარატმა კი ამავე რეკომენდაციიის დართვით დაუბრუნა იგივე პასუხი თამარ ბეგლარაშვილს და ეს ამბავიც დამთავრდა. თუმცა ,მანამდეც და შემდეგშიც ასეთი და ბევრი სხვა მისი მსგავსი მიმართვები და პასუხები უხვად დაგროვდა ქალბატონ თამარის "არქივში".
 ლევანის ციხეში ჩაჯდომიდან მალევე სერგო ბეგლარაშვილმა შეიტყო, რომ ლევანის საკანში გოჩა აბრამიძე გადაიყვანეს. სერგო მაშინვე ჩავიდა ლევანთან და გააფრთხილა, რომ გოჩა აბრამიძე შეგნებულად იყო შემოგდებული, რათა ლევანს ან ეცემა, ან მოეკლა და ამით ბრალი დამძიმებოდა. თუმცა, ლევანმა ეს ისედაც კარგად იცოდა და თქვა, რომ მისგან მხოლოდ ინფორმაციის მოპოვებას ცდილობდა.  ასეც მოხდა და როდესაც ლევანმა 2003 წლის 28 ოქტომბერს ციხე დატოვა, მან ზუსტად იცოდა ბიძის და სახლის დაწვის ყოველი ფარული წვრილმანი. თუმცა მისი ამ ცოდნის შესახებ კასპის პოლიციამაც იცოდა უკვე და ლევანის გათავისუფლების და შურისძიების ბევრს აშინებდა.
 ... მაგრამ მანამდე, ორი დღით ადრე სოფელ თელიანში ზაურ ქვრივიშვილს ბოსლიდან ძროხა მოპარეს. მასთან მისული ოურის უფროსი ნუკრი ხუციშვილი და მილიციის უფროსის მოადგილე მუხიგულაშვილი ქვრივიშვილს არწმუნებდნენ, რომ ეს ლევან და გიორგი ბეგლარაშვილების გაკეთებული იყო. ქვრივიშვილი ბეგლარაშვილებს იცნობდა და დარწმუნებული იყო, რომ მათი გაკეთებული არ იყო. ამ ვარაუდს იმითაც ამყარებდა, რომ მას ქურდის ფეხის ნაკვალევი გაეზომა და დაადგინა, რომ ფეხის ზომა სავარაუდოდ 44-45 უნდა ყოფილიყო. 22-25 წლის ბიჭებს კი ასეთი დიდი ზომის ფეხი უბრალოდ ვერ ექნებოდათ. (ცნობისათვის, ლევანის და გიორგის ფეხის ზომა 39-41 იყო) თუმცა ყველაფრის უტყუარი პასუხი მაინც ის არის, რომ ლევანი ციხიდან ამ ქურდობიდან ორი დღის შემდეგ გამოვიდა. 
 ლევანის გათავისუფლებას იმავე დღეს ოჯახში სუფრა მოჰყვა. რამდენიმე სადღეგრძელოს შემდეგ ლევანმა იმ ოჯახისათვის სამძიმრის თქმა მოისურვა, რომელის ახალგაზრდა შვილიც ავტოავარიაში დაიღუპა და იმ დღით უნდა მოესვენებინათ. ჭირისუფლამდე არ მისული ლევანი გელა ბარჯაძეს გადაეყარა. ლევანმა ისევ შეახსენა გადაუხურავი სახლი. ბარჯაძემ ისევ გინებით უპასუხა და ამას ისევ ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა. ამ ფაქტს მორის ხეჩიკაშვილი და სხვა პოლიციის თანამშრომლებიც შეესწრნენ, მაგრამ გაშველება არავის უცდია. ბოლოს კი, როდესაც ლევანმა თავგატეხილ ბარჯაძეს თავი დაანება, პოლიციელებმა "დაზარალებული" მანქანაში ჩასვეს და გორში ექსპერტიზაზე წაიყვანეს. 
       მეორე დღეს ლევანი, როგორც ციხიდან ახალი განთავისუფლებული, ვალდებული იყო კასპის პოლიციაში გამოცხადებულიყო და გათავისუფლების შესახებ ეცნობებინა. ასეც მოიქცა. პოლიციაში მისული ლევანი პოლიციის უფროსის სოფელ ხანდაკში მცხოვრებ რამაზ გოგიაშვილის კაბინეტში შეიყვანეს. გოგიაშვილმა მას ნარკოტიკული საშუალების (წამლის) გაყიდვა შესთავაზა. (რაიონში ცნობილი ამბავი იყო, რომ რამაზ გოგიაშვილი და გორის სამმართველოს უფროსი სუხიტაშვილი წამალს ყიდიდნენ ,,მოძველბიჭო ელემენტების" ხელით. შემდეგ კი მყიდველებს იჭერდნენ და ფულის სანაცვლოდ ათავისუფლებდნენ. თუმცა, ეს ყველამ თავისთვის და ჩუმად იცოდა). გაყიდვასთან ერთად ის ინფორმაციაც უნდა მიეწოდებინა, თუ ვინ იყიდიდა და ამასთან ერთად, ლევანს გზა ხსნილი ჰქონდა გლეხებისათვის საქონლის მოპარვაში, მაგრამ გაყიდული საქონლიდან წილი გოგიაშვილთან უნდა მიეტანა. ამის ყველაფრის სანაცვლოდ კი ლევანი ხელშეუხებელი იქნებოდა.  ლევანმა ამ შემოთავაზებაზე უარი თქვა და ამის გამო უფროსის მოადგილე ნუკრი მუხიგულაშვილმა იქამდე სცემა, ვიდრე თვით ერთ-ერთმა პოლიციელმა დავით ბაიდაურმა (ტყემალამ) არ გააჩერა.  
      ორი დღის შემდეგ ბეგლარაშვილების სახლს 25-მდე შეიარაღებულმა  პოლიციელმა ალყა შემოარტყა ყოველგვარი ორდერისა და კანონის დაცვის გარეშე, თუმცა ლევანმა გაქცევა მოახერხა. 
 ბეგლარაშვილების შევიწროვება გრძელდებოდა. ერთხელ, სერგო ბეგლარაშვილს მანქანით მიმავალმა გოდერძი ხორბალაძემ არჩილ იმერლიშვილთან ერთად გზა გადაუჭრა, მიაძახა: -შენ და შენს შვილებს სისხლი უნდა გარწყევინოთო და გინებაც მიაყოლა. სერგომ გინებითვე უპასუხა, თუმცა ხორბალაძე იმერლიშვილმა გააჩერა. მსგავის მუქარები ხშირად მეორდებოდა. 
     2004 წლის 28 იანვარს გიორგი ბეგლარაშვილის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. მოქეიფეებს თავზე დაათენდათ. გამთენიისას, დილის 6 საათისათვის პოლიციამ ბეგლარაშვილების სახლს ისევ ალყა შემოარტყა. ხმაურზე გამოსულ მეზობლებს განუმარტეს, რომ გელა ბარჯაძის განცხადების საფუძველზე იყვნენ მოსულები, თუმცა ბარჯაძის განცხადებიდან და გაუქმებიდან საკმარისზე მეტი დრო იყო გასული. 
    ლევანმა და გიორგიმ ისევ მოახერხეს გაქცევა და მიმალვა, თუმცა საამისოდ მათ არც დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი და არც პოლიციას ჰქონდა მათი დაკავების რეალური მიზეზი. -თავისთავად არც დაკავების ან ჩხრეკის ორდერი. 
 ბეგლარაშვილების სახლში დედ-მამასთან ერთად გიორგის 16 წლის ორსული მეუღლე იმყოფებოდა, რომელიც ერთი თვის შემდეგ შვილს ელოდა და როგორც ძმების მშობლები იხსენებენ, ერთ-ერთმა პოლიციელმა გოგონას ავტომატის კონდახით სცემა მუცელში. 
 ამის შემდეგ ლევანმა თურქეთში წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ გიორგი არ ეშვებოდა. ეუბნებოდა, რომ მარტოს არ დატოვებდა და ისიც თან გაჰყვებოდა. ლევანი კი ამის წინააღმდეგი იყო, რადგან გიორგი ფეხმძიმე მეუღლეს ვერ დატოვებდა. გიორგი მაინც არ იშლიდა და ლევანმა დარჩენა გადაწყვიტა. 
     5 თებერვალს პოლიციამ ძმებს სოფელ ქვათახევთან ახლოს, შურა გურგენიძის ქოხში მიაგნო. პოლიცია აქ გელა ბარჯაძის ძმამ, გივი ბარჯაძემ მოიყვანა. პოლიციის მტკიცებით ლევანმა ბეგლარაშვილმა მათ ხელყუმბარა ესროლა. ლევანის მშობლების თქმით კი ხელყუმბარა პოლიციელებმა შეაგდეს ქოხში. ლევანმა სხარტად აიღო და უკან გადმოაგდო. (რაც ნაკლებად სავარაუდოდა). ასეა თუ ისე, ხელყუმბარა აფეთქდა და ორი პოლიციელი დაიჭრა. ვიდრე პოლიციელები გონს მოვიდოდნენ, ლევანი და გიორგი გარეთ გამოცვივდნენ. ლევანმა დანდუროვს დანა დაარტყა, ტაბელური იარაღი ("მაკაროვი" N1382) გამოჰგლიჯა და გაიქცნენ.
      
 6 თებერვალს ძმებ ლევან და გიორგი ბეგლარაშვილებზე ძებნა გამოცხადდა. ამავე დღეს ბეგლარაშვილების ბინაში ჩხრეკა ჩატარდა.  ამოღებულია:  3 ცალი ფერადი და ერთიც შავთეთრი ფოტოსურათი. "ჩხრეკისას გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი სხვა რამ საგანი ნანახი ვერ იქნა".
    7 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ,,ნულოვანი ტოლერანტობა" გამოაცხადა და ნებისმიერი სახის "დამნაშავის" გაუფრთხილებლად, ადგილზე ლიკვიდაციის ბრძანება გასცა.
     8 თებერვალს ლევანისა და გიორგის დედა ლია ბეგლარაშვილი პროკურორის თანაშმეწე ტარიელ გეჯაძესთან მივიდა და უთხრა, რომ ორივე შვილს თავად ჩააბარებდა, თუკი გარანტიას მისცემდნენ, რომ კანონგარეშეს არაფერს დაუშავებდნენ.
 იმ დროისათვის უკვე კასპში შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი ბარამიძეს ელოდებოდნენ.
    ამავე დღეს გორის რაიონის მთიან, მიტოვებული სოფლის ნათლიმცემლის შესასვლელთან მეგობრები გაიყარნენ. ლევან ბეგლარაშვილი ავთანდილ და ეფრემ თათანაშვილების ბინაში მივიდა, სადაც არასრულწლოვანი ძმები დედასთან ერთად მესაქონლეობას მისდევდნენ, თუმცა, ამ დღეს სახლში მხოლოდ უფროსი ძმა 17 წლის ავთანდილი იყო. ირაკლი ბეგლარაშვილი, რამაზ უხურგუნაშვილი და ზალიკო უხურგუნაშვილი კი დოესში წავიდნენ იმ პირობით, რომ მეორე დღეს უკან მობრუნდებოდნენ და ლევანის საჭმელს მიაწვიდიდნენ.
    ამ სოფელში რამდენიმე მაცხოვრებელი თუ იყო შემორჩენილი და ისიც მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მესაქონლეობას ეწეოდნენ და ამისათვის აქ უფრო მეტი ადგილი და შესაძლებლობა იყო.
    ლევანის სოფელში მისვლა ვინმე ,,ოსმა ზურამ" შენიშნა. ლევანს აქ იცნობდნენ, რადგან ციხეში ჩაჯდომამდე აქ ორი თვის მანძილზე იმალებოდა. ავთანდილ და ეფრემ თატანაშვილების დედა იხსენებს, რომ ლევანი ისევე ეხმარებოდა მათ საქონლის მოვლასა თუ შეშის დაჩეხვაში, როგორც ამას თვითონ აკეთებდნენ. იხსენებს, რომ ეს ახალგაზრდა კაცი მშვიდ ცხოვრებაზე ოცნებობდა. უნდოდა, რომ ამ მივიწყებულ, ბუნებას მიბარებულ სოფელში დარჩენილიყო, პირუტყვი მოეშენებინა და ეცხოვრა მშვიდი და შრომატევადი გლეხური ცხოვრებით.
     9 თებერვალს ნათლიმცემელში გიორგი ავიდა და ლევანისათვის გამოსაცვლელი ტანისამოსი მიიტანა. ამ რამით ძმები კახეთში აპირებდნენ წასვლას, მცირე ხნით იქ გაჩერებას და გიორგის მეუღლის მოლოგინების შემდეგ თურქეთში გადასვლას. შუადღისათვის ლევანის და გიორგის უმცროსი ძმა, 19 წლის ვეფხია მოვიდა ლევანის თანაკლასელ ალიკა ბეგლარაშვილთან ერთად და საჭმელი მოიტანა. ლევანს ძალიან გაუკვირდა მათი დანახვა და გაბრაზდა კიდეც. როგორც გაირკვა, წინა დღით საჭმლის მოსატანად წასულმა ბიჭებმა ეს საქმე ვეფხიას მიანდეს. ასე უთქვამთ, ლევანმა დაგვაბარა, რომ საკვები ვეფხიამ ამოიტანოსო. თვითონ კი დოესში დარჩნენ, თუმცა პოლიცია მათაც ლევანთან ერთად ეძებდნენ ქვახვრელში ხელყუმბარის აფეთქების შემდეგ. ლევანმა  წყენითა და მუქარით სავსე წერილი დაწერა, ალიკას ბიჭებთან გამოატანა და გამოისტუმრა ვეფხიასთან ერთად. 
  ამავე დღეს ეფრემ თათანაშვილი, რომელსაც ის ის იყო 14 წელი შესრულებოდა, დოესში შემთხვევით შემხვედრმა დავით ზუბიაშვილმა გააჩერა. ზუბიაშვილს ნათლიმცემელშიც ჰქონდა სახლი და ხშირად იყო იქ. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ეფრემი და ავთანდილი მის თვალწინ იზრდებოდნენ. 
 ზუბიაშვილმა ეფრემს ჰკითხ,ა საით მიდიხარო. ბავშვმაც უპასუხა, რომ ნათლიმცემელში მიდიოდა. (ეფრემი გარკვეული პერიოდი არ იყო ნათლიმცემელში ნამყოფი და წარმოდგენა არ ჰქონდა იქ რა ხდებოდა) .დავით ზუბიაშვილმა რატომღაც ურჩია, დღეს ნუ ახვალ, ხვალ წადიო, მაგრამ როდესაც ეფრემმა ისევ წასვლა გადაწყვიტა, დავითსაც თავი აღარ გამოუდვია. საღამოს 4 საათვისათვის ეფრემი, ავთანდილი, გიორგი და ლევანი ამ ბარაკის მსგავსი სახლის ერთად-ერთ ოთახში ისხდნენ და პურსა და ყველს შეექცეოდნენ.
    6 საათი სრულდებოდა, ბინდდებოდა, რომ ეზოში ძაღლმა ყეფა ატეხა. ლევანმა ფანჯარაში გადაიხედა და აუღელვებლად თქვა: -პოლიცია მოვიდა და გახედეთო.
პირველი ავთანდილი გამოვიდა. პოლიციელებმა ბრძანება გასცეს -ხელები ასწიეთო და იარაღის ჩხაკუნი ატეხეს. ავთანდილი დაიბნა, შიშმა აიტანა და სახლის უკანა მხარეს გაიქცა. სახლის ჩუსტებით გაქცეულ ბავშვს მუხლებზე მომდგარ თოვლში მალევე დაეწია ვალიკო იაშვილი, რომელიც საი-დან სამძებრო პოლიციაში გადასულიყო და იარაღის კონდახი რამოდენიმეჯერ ჩაარტყა. ამ დროს პირველი ტყვია გავარდა ეზოში. შემდეგ კიდევ რამდენიმე გასროლის ხმა განმეორდა და სიჩუმე ჩამოვარდა.
      ავთანდილის გაქცევის შემდეგ, კარიდან ლევანი და გიორგი გამოვიდნენ. როგორც პოლიციის მიერ შედგენილი ოქმი იუწყება, ძებნილებმა სროლა ატეხეს და ორმხრივი სროლა გაჩაღდა. თუმცა ლევანმა მხოლოდ ერთხელ გაისროლა დანდუროვისთვის წართმეული "მაკაროვის" პისტოლეტით და ისიც ჰაერში. ეს კი იმიტომ გააკეთა, რომ "მოლაპარაკება შეძლებისდაგვარად თანაბარ ძალებს შორის გამართულიყო. 
 როდესაც ვალიკო იაშვილმა ავთანდილი ისევ ეზოში ამოათრია, თოვლში დააგდო და იარაღის კონდახით ცემა გააგრძელა, ლევანი და გიორგი სახლიდან გამოსასვლელ კართან ეყარნენ თოვლითა და ყინვით გაჟღენთილ ტალახში. პოლიციელები გიორგის სცემდნენ, გიორგი კი ემუდარებოდა არ მომკლათ, შვილს ველოდები რამდენიმე დღეშიო. ლევანი ხმას არ იღებდა. მალე გიორგიც მიჩუმდა.
       ავთანდილის ცემაში ვალიკო იაშვილს "ოპერაციის" ხელმძღვანელი, პოლიციის უფროსი რამაზ გოგიაშვილი მიეხმარა. ავთანდილს თავზე ფეხი დაადგა და თოვლში ჩააფლო. ამ ყველაფერს გორიდან გამოძახებული ჟურნალისტი, ია თინიკაშვილიც ესწრებოდა. იამ ვეღარ აიტანა ამ უმოწყალო სადიზმის ცქერა და რამაზ გოგიაშვილს უთხრა, რომ ბავშვის ცემა შეეწყვიტათ. თუმცა გოგიაშვილს არც უფიქრია ამის გაკეთება. ამიტომ ია თინიკაშვილმა უკვე მბრძანებლური ტონით მიმართა და ისიც დააყოლა, რომ კარგად იცოდა, ვინ და რაში აიღო „ის 200 ლარი". რამაზ გოგიაშვილმა მაშინვე შეწყვიტა ავთანდილის ცემა და დატუქსული ბავშვივით გადგა გვერდზე. 
   რა მოხდა ეზოში ავთანდილის გაქცევის შემდეგ, ალბათ ამას ვერასოდეს გავიგებთ ზუსტად დამნახავის ენით, რადგან არცერთი იმ პოლიციელთაგანი ამას არ იტყვის, მაგრამ 13 თებერვალს დამოუკიდებელი ექსპერტის, მაია ნიკოლეიშვილის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის პასუხები ძალიან მარტივად ყველაფრის მთქმელია, რომელიც სახელმწიფო ექსპერტიზის შემდეგ ჩატარდა და მკვეთრად განსხვავდება ერთი მეორისაგან. 
ამონარიდი ექსპერტიზის დასკვნიდან 
ლევან ბეგლარაშვილი 16 წლის
„1. ნიკაპქვეშა მიდამოში, ქვედა ყბის ძვლის პროექციაზე, ცენტრალური ხაზიდან ოდნავ მარცხნივ აღინიშნება სექციური ნაკერით გაკერილი ჭრილობა. ნაკერების მოხსნის შემდეგ ჭრილობა ვარსკვლავისებრი ფორმისაა. ჭრილობის კიდეები წარმოადგენს სხვადასხვა ზომის გაუხეშებულკიდეებიან ნაფლეთებს, შავი ფერის მცირე ზომის მტვრისებრი და კრისტალისებრი ჩანერგილი  ნაწილაკებითა და ნადებით. ჭრილობის კიდეებზე და ჭრილობის არხის სიღრმეში შეიგრძნობა სხვადასხვა ზომის ქვედაყბის ძვლის ფრაგმენტები. ჭრილობის კიდეების სრული მიახლოება არ ხერხდება. ჭრილობის არხი სრულდება პირის ღრუში. უცხო სხეული პირის ღრუში არ აღინიშნება. 
 კისრის წინა ზედაპირზე აღინიშნება ხაზოვანი ნაჭდევი და სისხლნაჟღენთები, რომლებიც სიცოცხლისდროინდელ ნიშნებს არ ატარებენ."
    ანუ, ლევანს ერთი ტყვია მოხვედრილი აქვს ნიკაპის ქვემოდან და გამოსულია პირის ღრუში, ანუ კბილებიდან. იქნებ ვინმემ მითხრას, ორმხრივი სროლის დროს, როდესაც მოწინააღმდეგე პირდაპირ გიყურებს და გიმიზნებს თუ გესვრის, მას მოხვდეს ტყვია ნიკაპის ქვეშ და გამოვიდეს კბილებიდან?




    ახლა მეორე...
2. გულმკერდის უკანა ზედაპირზე,  მარცხენა ნახევარში,  პარავერტბრალურ  ხაზზე,  ტერფის ძირიდან 123-125 სმ-ის დაშორებით, IX-X ნეკნთა შუა სივრცეში აღინიშნება მრგვალი ფორმის ჭრილობა, დიამეტრით 0,7 სმ. მინუს ქსოვილით ჭრილობით ცენტრში, მუქი მოწითალო ფერის სიმეტრიული ნაჭდევის რგოლით.
ანუ ერთი ტყვია გულთან ახლოს ზურგიდან აქვს ნასროლი. 




3. გულმკერდის წინა ზედაპირის მარცხენა ნახევარში, სექციური განაკვეთიდან 3 სმ-ით მარცხნივ, ლავიწის ძვლის სამკერდე მოლის მიდამოში აღნიშნება სექციური ნაკერით გაკერილი ჭრილობა, ძაფების მოხსნის შემდეგ ჭრილობის კიდეები ნაფლეთოვანია, მინუს-ქსოვილის გარეშე 3X1,3 სმ. 
ანუ ეს უფრო დიდი ჭრილობაა, ვიდრე ზურგის. ანუ ეს იმ ტყვიის გამოსასვლელია, რომელიც ზურგიდან აქვს მოხვედრილი და ტყვია ქვემოდან, გულის ქვედა ნაწილიდან შედის და წინ, ლავიწის ძვალთან გამოდის. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ტყვია ლევანის ვერტიკალურ მდგომარეობაში ყოფნის დროს არ არის ნასროლი, თორემ პირდაპირ გაივლიდა.



 ამას გარდა, ლევანს კიდევ ორი ნატყვიარი აქვს. ერთი მარჯვენა იდაყვის ზემოთ და ერთიც მარჯვენა ბარძაყზე, რომელიც წინიდან შემავალია.





 ექსპერტიზა დასკვნაში წერს:
"გულმკერდის მიდამოში არსებული დაზიანების შესავალი ხვრელი მდებარეობს სხეულის უკანა ზედაპირზე, ზურგის მიდამოში. მიმართულია უკნიდან წინისაკენ მკვეთრად ქვემოდან ზემოთ. აზიანებს გულმკერდის აორტას. გასროლა ნაწარმოებია გ. ბეგლარიშვილის მიმართ უკნიდან, ლ. ბეგლარიშვილის დახრილ მდგომარეობაში ყოფნისას. 
  სახის მიდამოში არსებული დაზიანება მიყენებულია ახლო მანძილიდან გასროლით. სროლის დამატებითი ფაქტორების მოქმედების ზონაში მიმართულია მკვეთრად ქვემოდან ზემოთ, ქვედაყბის დამსხვრეული მოტეხილობით.
მარჯვენა ბარძაყის მიდამოს გამჭოლი ცეცხლსასროლი დაზიანება მიმართულია შიგნიდან გარეთ თითქმის ჰორიზონტალურად".
 ამ ყველაფრის გათვალისწინებით ადვილი წარმოსადგენია სცენა, რომელიც ლევანის სიკვდილს ასახავს. თუმცა, მოდით ჯერ გიორგისთვის ჩატარებული ექპერტიზის პასუხიც განვიხილოთ, რაც ეზოში განვითარებული მოვლენების მთლიანი სურათის უკეთ დანახვის შესაძლებლობას მოგცემს. 
 გიორგი ბეგლარაშვილი -23 წლის.
"1. შუბლის მარჯვენა ნახევარში აღინიშნება 4X3  სმ ფართობზე განფენილი ღია-მოლურჯო ფერის არაინტენსიური სისხლნაჟღენთი, რომლის ფონზეც განირჩევა მორუხო-მოწითალო უფხო, კანის დონეზე დაბლა მდებარე მრგვალი ფორმის ნაჭდევი, 0,3 და 0,4 სმ დიამეტრის. 
2. მუცლის წინა კედელზე, მარჯვენა ნახევარში, პარასტერნალურ  ხაზზე, ტერფის ძირიდან 115 სანტიმეტრის დაშორებით მდებარეობს ოვალური ფორმის ჭრილობა, დიამეტრით 0,6 სმ. ქსოვილის დეფექტით ჭრილობის ცენტრში. 



3. სხეულის უკანა ზედაპირზე, წელის მიდამოში მარცხნივ, ბეჭისა და იღლიის უკანა ხაზებს შორის, წელის მე-4-5 მალების დონეზე, ტერფის ძირიდან 107 სმ-ის დაშორებით აღინიშნება ირიბ-ვერტიკალურად მდებარე გაკერილი ჭრილობა, რომლიდანაც სხეულის მდებარეობის შეცვლისას გადმოედინება სისხლის წვეთები. 

4. მარჯვენა ბარძაყის შუა მესამედში, წინა. გვერდით ზედაპირზე, ტერფის ძირიდან 63 სმ-ს დაშორებით აღინიშნება გაკერილი ჭრილობის შესავალი ხვრელი, მინუს ქსოვილით ჭრილობის ცენტრში. ჭრილობის არხი მიედინება წინიდან უკან ოდნავ ქვევიდან ზევით. 


5. მარჯვენა ხელის მიდამოში, იდაყვსა და მხარს შორის შემავალი ოვალური ფორმის სხეულის წინა მხრიდან შემავალი ჭრილობა.


დასკვანა
    სხეულის წინა ზედაპირზე არსებული დაზიანება მიმართულია წინიდან უკან, შიგნიდან გარეთ, ზევიდან ქვევით. აზიანებს წვრილი ნაწლავის ჯორჯალსა და თირკმლის ახლო ცხიმოვან ქსოვილს. დაზიანებებს მოჰყვა სისხლდენა, რამაც გარკვეული დროის გასვლის შემდეგ გამოიწვია სიკვდილი." 
 ანუ რაც ერთი შეხედვითვე ადვილად შესამჩნევია, ლევანსაც და გიორგისაც თითო ტყვია მოხვედრილი აქვთ მარჯვენა ფეხის ბარძაყში და თითოც მარჯვენა ხელის იდაყვს ზემოთ, ანუ ფეხში, რათა მათი გაქცევა და უბრალოდ ფეხზე დგომა გამორიცხულიყო და მარჯვენა ხელში, რომლითაც შეიძლებოდა, რომ საპასუხო ცეცხლი გაეხსნათ. ეს მოხდა ოთახიდან გამომსვლელი კარის ზღუდეზე, -გამოსვლისთანავე. ამის შემდეგ მათი დაპატიმრება, საავადმყოფოში გადაყვანა და გასამართლება სრულიად უპრობლემოდ შეიძლებოდა, მითუმეტეს, რომ გაქცევის ან წინააღმდეგობის გაწევის აბსურდულობა ძმებს თავიდანვე კარგად ესმოდათ. ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ გიორგის, რომელსაც გადაჭრილი თოფი "აბრეზი" უბეში ედო, მისი ამოღება არც უცდია. ხოლო სანადირო თოფი პოლიციამ შემდეგ ლეიბის ქვეშიდან გამოიღო, ანუ, არც მისი გამოყენება უცდია ვინმეს. 
   მოკლედ, ფაქტია, რომ ლევანიც და გიორგიც პირველი ორი ტყვიის შემდეგ ბრძოლისუუნარონი იყვნენ. 
    ამის შემდეგ გიორგის აქვს მესამე ტყვია წინიდან, ზემოდან ქვემოთ. ანუ ტყვია მოხვედრილია მკერდთან და გასულია ზურგის მხარეს მენჯთან. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ტყვიის მოხვედრის დროს გიორგი უკვე მუხლებზე იყო დავარდნილი და წინ იყო გადახრილი, ანუ ეს რეალურად საკონტროლო გასროლა იყო. 
 ...თუმცა გიორგი არც ამას მოუკლავს. ამის შემდეგ ის იხვეწებოდა, ნუ მომკლავთ, შვილს ველოდებიო. პოლიციელები კი მას სცემდნენ ამ დროს, რაზეც შუბლზე ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანება მეტყველებს. (ერთ-ერთი ვერსიით გიორგი 6 საათის მანძილზე ცოცხალი იყო და ის ცოცხალი შეიყვანეს მორგში, სადაც მან 2-3 საათი ცოცხლმა, მომაკვდავმა გაატარა, ვიდრე სისხლისაგან არ დაიცალა). 
    რაც შეეხება ლევანს, მისი მესამე ტყვია, რომლიც ზურგიდან აქვს მოხვედრილი და მიმართულია ქვემოდან ზემოთ, ანუ მოხვედრილია გულის ქვემოთ და გამოსულია ყელთან, ლავიწის ძვალთან, - ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ტყვიის მოხვედრისას ლევანიც მუხლებზე იდგა და წინ მიწამდე იყო დახრილი. მსროლელი კი მასთან მაქსიმუმ ორ ნაბიჯში იდგა  ამ გასროლის დროს ზურგის მხრიდან და ის უპრობლემოდ იდგა წელში გამართული. ყოველგვარი მისალოდნელი საფრთხის გარეშე. 
     ხოლო, რაც შეეხება ლევანის მეოთხე ტყვიას, რომელიც ნიკაპქვეშ აქვს მოხვედრილი და კბილებიდან არის გამოსული, ნიკოლეიშვილის დასკვნაში წერია, რომ ჭრილობის ადგილას წვერი შეტრუსულია. ეს იმას ნიშნავს, რომ ტყვია მიბჯენით არის ნასროლი. ალბათ, ბევრი ფიქრი აღარ ჭირდება ამ სცენის წარმოდგენას. ვიღაცამ პირქვე დავარდნილი ლევანი გადმოაბრუნა, დაიხარა, პისტოლეტი ხელამობრუნებით მიაბჯინა ნიკაპის ქვეშ, რადგან ლულის მიმართულება თავის მიმართულებით ყოფილიყო და გაისროლა. ესეც კიდევ ერთი საკონტროლო გასროლა.
     ამის შემდეგ გორიდან გამოიძახეს სატვირთო მანქანა. ძმებს ხელბორკილები დაადეს და დაახლოვებით ერთი საათის შემდეგ შეყარეს მანქანის ბორტზე და გორის სამმართველოს უფროსმა სუხიტაშვილმა, რომელიც ასევე მონაწილეობდა ამ დახვრეტაში, ისინი გორის პროზექტურაში გადაიყვანა.
     გაურკვეველი რჩება ორი რამ - იმ პირების (ახლობლების) მტკიცებით, რომლებმაც შემდეგ ცხედრებს ტანისამოსი გამოუცვალეს, გიორგის სუფთა ფეხსაცმელები ეცვა, მაგრამ შიგნით, წინდები და ფეხები სულმთლად ტალახში ჰქონდა ამოსვრილი. ამას პირადად მე მხოლოდ ის ახსნა მოვუძებნე, რომ გიორგი გარეთ ფეხსაცმელებით კი არა, სახლის ჩუსტებით გამოვიდა. ეს თეორია (თუკი ის სიმართლეს შეეფერება) იმას ადასტურებს, რომ ის არც გაქცევას აპირებდა და არც ბრძოლას და სწორედ ამ მოსაზრების გასაქარწყლებლად ჩააცვეს მას ოთახში დარჩენილი ფეხსაცმელები გორში გადმოყვანამდე.
 ...და მეორე; პოლიციელებმა ოთახი გაჩხრიკეს და ერთ-ერთი საწოლის ლეიბის ქვეშ სანადირო თოფი აღმოაჩინეს. (ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ძმები ბეგლარაშვილები წინააღმდეგობის გაწევას არ აპირებდნენ, თორემ თოფს ლეიბის ქვეშ არ დატოვებდნენ) .პოლიციამ სხვა საწოლებიც შეამოწმა, რა თქმა უნდა და თუ რამ იყო, თუნდაც მცირედი, არ დატოვებდნენ, როგორც ნივთმტკიცებას. მაგრამ როდესაც მეოთხე დღეს მაია ნიკოლეიშვილმა შემთხვევის ადგილას მოკვლევა ჩაატარა, ორი საწოლის ლეიბის ქვეშ საკმაოდ დიდი ზომის დანები აღმოაჩინა. თუმცა ამ დანების შესახებ ბინის მესაკუთრეებმა საერთოდ არაფერი იციან.


                                               
     


                                                              დასკვნა

     თუკი ლევანმა მართლაც გაისროლა, რაც ჯერ კიდევ დაუზუსტებელი ინფორმაციაა, ეს რა თქმა უნდა შეცდომა იყო მისი მხრიდან და რომ არა წინასწარ დაგეგმილი ძმების ლიკვიდაცია, ეს გასროლა აუცილილებლად იგივე შედეგით დამთავრდებოდა, რითაც დამთავრდა, მაგრამ ლიკვიდაცია რომ ნებისმიერ შემთხვევასა და სიტუაციაში წინასწარ გადაწყვეტილი იყო, ამაზე წინასწარ გაანგარიშებული სროლის მეთოდიც მეტყველებს. 

                                                         * * *
     ბეგლარ ბეგლარაშვილს გამორჩეულად უყვარდა ლევანი და სხვა ძმის შვილებშიც გამოარჩევდა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე უთქვამს მისთვის, რომ ძველ სახლთან ახლოს, რაღაც აქვს მიწაში დაფლული. იქ ერთი ოქროს ჯვარი, ერთი პისტოლეტი და ერთი ვიდეო კასეტაა. ჯვარი ლევანის საქორწინო საჩუქარი იქნებოდა. დანარჩენი კი იმ შემთხვევაში აეღო, თუკი ბეგლარს რამე შეემთხვეოდა. 
   ლევანის მშობლების თქმით, ლევანმა ეს ნივთები ციხიდან გამოსვლის შემდეგ მოძებნა და იპოვა კიდეც. თუმცა იქ მხოლოდ ვიდეო კასეტა დახვდა. ამ კასეტაზე კი გადაღებულია ის, თუ როგორ უხდიდნენ ფულს ვიღაც "ჩვენები" ვიღაც ჩეჩნებს ტარიელ შარიფაშვილის მკვლელობისათვის აფხაზეთის ომის დროს. სერგო ბეგლარიშვილი იმასაც ამბობს, რომ როგორც ბეგლარი ამბობდა, ტარიელ შარიფაშვილი სიკვდილის წინა პერიოდში ხშირად იმეორებდა: -მე სნაიპერს "ვუზივარ" სამიზნეზე, განწირული ვარო. სერგო და ლია ბეგლარაშვილების თქმით, ეს კასეტა ლევანმა ნათლისმცემელში გაიყოლა. მას შემდეგ კი კასეტა გაქრა. 
 თუმცა არსებობს ყურმოკრული ვერსია, რომ ეს კასეტა ბიჭების დახვრეტის შემდეგ ვინმე გამძიებელ მაღლაკელიძის ხელში მოხვდა. მაღლაკელიძემ ამ საქმის გამოძიება რეალურად მოინდომა, მაგრამ სულ მალე ის საკუთარ სახლში გარდაცვლილი აღმოაჩინეს. ცხედრის გაკვეთამ კი მისი მოწამვლის ფაქტი დაადასტურა. ამის შემდეგ კი კასეტა ისევ ქრება.  თუმცა ჩემთვის ეს ფაქტი და თვით მაღლაკელიძის პიროვნებაც დაუდასტურებელია.

                                                          * * * 
     "სპეც-ოპერაციაში" თხუთმეტამდე პოლიციელი მონაწილეობდა. მათი ვინაობის დამადასტურებელი ოქმი ჩემთვის მიუწვდომელია, თუმცა შეძლებისდაგვარად ვეცადე ამ ინფორმაციის მოპოვებას. მაგრამ რაკი მათი გარკვეული ნაწილის მონაწილეობა ჩემთვის მაინც დაუდასტურებელია, დასახელებისგან თავს შევიკავებ. ის კი ნამდვილად ვიცი, რომ ამ ისტორიაში მონაწილე პოლიციელები და თანამდებობის პირები დღესაც პოლიციელები და თანამდებობის პირები არიან და სხვათაშორის გაცილებით მაღალ საფეხურებზე, ვიდრე მაშინ. ის კი არა და მათი უმრავლესობა სწორედ ამ ორი მკვლელობის წყალობით დაწინაურდა. არიან ისეთებიც, ვინც ცოცხალი აღარ არის და რამდენადაც ვიცი, ამ მკვლელობების მონაწილეთაგან ვინც აღარ არის, განსაკუთრებით ბეგლარის დაწვის მონაწილეთაგან, არცერთი სიბერით არ მომკვდარა. (ეს ისე, მისტიკისთვის).
    ასეა თუ ისე, ლევან და გიორგი ბეგლარაშვილების დახვრეტა იყო პირველი გამოძახილი თუ შედეგი იმ ავადსახსენებელი "ნულოვანი ტოლერანტობისა". სულ მალე კი კასპს, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ბარამიძე ესტუმრა. ზარ-ზეიმით და უდიდესი სიამაყის განცდით აცნობეს, რომ გაანადგურეს უაღრესად საშიში შეიარაღებული მძარცველების ბანდა. ამისათვის მინისტრისაგან ოფიციალური მადლობა თავზე ხელის გადასმა დაიმსახურეს.
    ლევან და გიორგი მეგლარაშვილების საქმე გამომძიებელ ჩუბინიძეს გადაეცა. მოულოდნელად მან საქმის ძიება შეწყვიტა და საქმე გიორგი ვანიძეს გადსცა. ვანიძე გულწრფელად იყო საქმის ობიექტური გამოძიებით დაინტერესებული, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ მან თავად განუცხადა ლია ბეგლარაშვილს, რომ ამ საქმეს ბოლომდე ვერ მიიყვანდა ,რადგან "ზემოდან" ზეწოლას განიცდიდა. ამ საქმეზე კი დღემდე არავინ დაკითხულა. მათ შორის არც "ოპერაციაში" მონაწილე პირები.
        ამის შემდეგ ბეგლარაშვილების ოჯახზე ზეწოლა ისევ გრძელდებოდა. სერგო და ლია ბეგლარაშვილებს 19 წლის ვეფხია დარჩათ. ბევრჯერ დაემუქრნენ, რომ თუ ამ საქმეზე ჩივილს და მშველელის ძებნას თავს არ დაანებებდნენ, ამ უკანასკნელ შვილსაც სიკვდილი ეწერა. ამის მიუხედავად, ბეგლარაშვილებმა ბევრი საჩივარი, ბევრი წერილი, მიმართვა და თხოვნა-მუდარა დაწერეს, მაგრამ ისინი დღემდე დაზარალებულადაც არ სცნო სახელმწიფომ. სოფლის მოსახლეობამ მიმართვა გაუგზავნა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ საკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეს, გენერალურ პროკურორს ირაკლი ოქრუაშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი ბარამიძეს. წერილში ასახულია ის უბედერებები, რაც ბეგლარაშვლების ოჯახს დაატყდა თავს და ხელს 500-ზე მეტი მოსახლე აწერს, მაგრამ უშედეგოდ. 
      საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სერგო ბეგლარაშვილმა კიდევ ერთხელ მიმართა პროკურატურას. როგორც თვითონ ამბობს, კბილაშვილი გულწრფელად დაინტერესდა ამ საქმით და მან გამოძიება გორის პროკურატურას დაავალა, მაგრამ როგორც ბატონი სერგო იხსენებს, გორის პროკურატურაში მისვლისას ნახა, რომ ისევ ის ხალხი განაგებს, ვინც იმ დროს განაგებდა როდესაც მისი შვილები დახვრიტეს და ივარაუდა, რომ საქმე ისევ არ დაიძვრებოდა. -ასეც მოხდა.
     1996 წელს დოესის დეპუტატი კასპის საკრებულოში ბერიანიძე იყო. ის შემდეგ პარლამენტის წევრი გახდა.როგორც თვითონ ამბობს, მან რამოდენიმეჯერ სცადა ბეგლარაშვილების უბედურება და მათი ოჯახის წინაშე ჩადენილი დანაშაული პარლამენტში გაეტანა, მაგრამ ამ საქმით ვერავინ დააინტერესა. 

                                                      თავი უკანასკნელი
        2011 წლის 3 ივნისს ვეფხია ბეგლარაშვილი ზედმეტად მთვრალმა მეზობელმა თუ მეგობარმა სოსო ტურაშვილმა მანქანაში ჩაისვა და სოფელ გრაკლისაკენ მიმავალ გზას დაადგა. გრაკლამდე ორიოდე კილომეტრია, მაგრამ ჯერ კიდევ არ მისული, მანქანა მაქსიმალური სიჩქარით გზიდან გადავიდა და რამოდენიმე ბრუნი გააკეთა. 
     სერგო და ლია ბეგლარაშვილების უკანასკნელი შვილი ვეფხია ბეგლარაშვილი ადგილზე დაიღუპა. ეს საქმეც გოდერძი ხორბალაძემ მოაგვარა. ვეფხიას კი ახლად მოყვანილი ორსული მეუღლე დარჩა. ამ ამბავში პირადად ჩემთვის ყველაზე საოცარი მაინც ის არის, რომ არც ვეფხიას დედ-მამისათვის, არც მეუღლისათვის და არც მამის სიკვდილის შემდეგ დაბადებული ბავშვისათვის არა თუ დახმარება რაიმე სახის, არამედ ბოდიშიც არავის მოუხდია. 

                                                        * * *

             დასრულდა იგი ამბავი... 
  თუმცა ვინ იცის... იქნებ არც დასრულდა?.. 
  იმ წუთიდან, როდესაც ეს ფურცლები გამოქვეყნდება, ბეგლარაშვილების ოჯახს ისევ საფრთხე ემუქრება და ისევ დაცვა სჭირდება. მათ ხომ ახლა ორი შვილიშვილი ჰყავთ, გიორგის პატარა და ვეფხიას პატარა. მე კი ჩემის მხრიდან ვიტყვი, რომ არავის დასჯის სურვილი არ მამოძრავებს. მე მხოლოდ ის მინდა, რომ ეს ოჯახი დაიცვას სახელმწიფომ, საზოგადოებამ. ვაღიაროთ მათ წინაშე ჩადენილი უსამართლობა  და დავეხმაროთ, რითაც შეგვიძლია და ყოველ თქვენთაგანს ამ ერთადერთხელ გთხოვთ, მუხლებზე დგომით, გაავრცელეთ ეს ყველაფერი, რადგან ამაზე საზოგადოებამ, ჩვენ ყველამ უნდა ვილაპარაკოთ. ეს ერთადერთი გამოსავალი და საშველია.

   P.S. მონათხრობში შესაძლებელია არსებობდეს უზუსტობები. მაგალითად ვინმეს, (პოლიციელის თუ სხვა) სახელი ან გვარი. დრო, ან კონკრეტული ფაქტის თუ დეტალის თანმიმდევრობა, ან კიდევ სხვა რამ. ამას არ გამოვრიცხავ, რადგან ჩემი ინფორმაციული შესაძლებლობების დიდი ნაწილი დამყარებულია ორი მხარიდან ერთზე. იმ შემთხვევაში, თუკი ამ მოვლენებში კომპეტენტურ პირს ექნება შენიშვნები, ვთხოვ, მაცნობოს. შენიშვნებს და შესწორებებს დაზუსტებული ინფორმაციით ასევე გავასაჯაროებ.





ირაკლი მამულაშვილი