რას ყვება მეუფე იობი ციხეში ბაჩო ახალაიასა და ვანო მერაბიშვილთან შეხვედრაზე




გაზეთ „ასავალ-დასავალისთან" ინტერვიუში ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი, საქართველოს საპატრიარქოს საღმრთისმსახურო წიგნების შესწავლისა და რედაქტირების კომისიის თავმჯდომარე მეუფე იობი „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ გენერალურ მდივან ვანო მერაბიშვილთან და თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიასთან ციხეში შეხვედრის დეტალებს იხსენებს.


„რამდენიმე ხნის წინ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს შევხვდი, ციხეში... მე ბავშვობიდან ასეთი ბუნება მაქვს - როცა ჩემს მტერს  წაქცეულს დავინახავ, სიბრალულის გრძნობა მიპყრობს და ყოველთვის მიჩნდება სურვილი მივიდე და ხელი გავუწოდო. სწორედ ასე გავუწოდე ხელი ვანო მერაბიშვილს და ბაჩო ახალაიას. ციხეში მივედი, შიგნიდან საუბარი მესმოდა: მერაბიშვილს ეუბნებოდნენ - მამაოები არიან გარეთ და თქვენი ნახვა უნდათო.  მამაოებთან არ გამოვალო - უპასუხა. მერე უთხრეს, ეპისკოპოსიაო, თუმცა არ უთქვამთ რომელი ეპისკოპოსი. რომ შემოვიდა, შემომხვდა და გაოცებულმა მკითხა - თქვენ რატომ მობრძანდით ჩემთან? თქვენ სხვა ხართ და მე სხვა. თქვენ კონსერვატიზმს ქადაგებთ და მე კი ლიბერალი ვარო. ვკითხე - რას გულისხმობთ ლიბერალიზმში - ამ ლგბტ საზოგადოებას რომ უჭერთ მხარს და უზნეობის დაკანონებას ცდილობთ, ტრადიციების უარყოფისა და იგნორირების ხარჯზე, ესაა თქვენი ლიბერალიზმი-მეთქი? მერე მითხრა - შენ ვის დაუდექი გვერდში, ივანიშვილსო?  ვუპასუხე, ივანიშვილს დავუდექი გვერდით იმიტომ, რომ ქვეყანაში ცვლილებები მინდოდა. მერე თქვა, ივანიშვილმა რამდენიმე მღვდელმთავარს ფული გადაუხადა, მოისყიდა, თუმცა თქვენ არ გგულისხმობთ, თქვენ შეგპირდათ, მაგრამ არაფერს შეგისრულებთ, აი ნახავთო...

შეხვედრის და საუბრის შესახებ რომ უწმინდესს მოვუყევი, მითხრა - ეს აუცილებლად დაწერე, ისტორიული ფაქტიაო. მერაბიშვილს ვუთხარი, გავიგე, სადღაც დამიცავით და რატომ მეთქი? არა, ეგ არასოდეს არ მოხდებოდა და თქვენს მხარეზე არასოდეს დავდგებოდიო. მაშინ ჩემამდე ტყუილი ინფორმაცია  მოვიდა და ისიც, ალბათ, თქვენი მომხრეების მხრიდან-მეთქი... თვალს ვერ მისწორებდა, აქეთ-იქით იხედებოდა. ბოლოს წამოვარდა, ერთი კი მითხრა, გმადლობთ რომ მობრძანდითო და წავიდა.  გამოსვლისას კი ვუთხარი, რომ თავის ასეთ დამოკიდებულებას ოდესმე აუცილებლად ინანებდა.

ახალაია, მერაბიშვილისგან განსხვავებით, საღად აზროვნებს. მითხრა, ჩვენ ჩავიდინეთ დანაშაულები და  გვქონდა შეცდომებიო. ციხეში წავიღე ორი სამაჯური, რომლებზედაც ეწერა „ესეცა წარვალს". მერაბიშვილმა არ გამომართვა. ისიც მითხრა, ID ბარათებთან დაკავშირებით ხალხს რატომ ატყუებთო? მე კი ვუთხარი, რომ ეს ჩვენი რწმენის საკითხია და ამაზე იოანე ღვთისმეტყველიც ბრძანებს, რომ ვისაც ანტიქრისტეს ბეჭედი არ ექნება, ის ვერც იყიდის და ვერც გაყიდის - მეთქი. თუ თქვენ ეს გწამთ, მაშინ პატივს ვცემ თქვენს სარწმუნოებასო. მერე მკითხა, ვინაა იოანე ღვთისმეტყველიო? არ იცით ვინაა-მეთქი? არა, არ ვიცი ვინ არის და რას წარმოადგენსო. ვუთხარი, იგი ქრისტეს ყველაზე საყვარელი მოწაფეა - მეთქი. არც გამიგიაო.. მართლმადიდებელი ხართ-მეთქი? ჩემი რწმენა ეს ისეთი საკითხია, რომ ამაზე საჯაროდ ვერ ვილაპარაკებო, წამოვარდა და გაიქცა. ახალაიამ კი ეს სამაჯური გამომართვა", - იხსენებს მეუფე იობი.