ლევან ბუხაიძე დუმილს არღვევს - რა მოხდა 2006 წლის 27 იანვარს?


სანდრო გირგვლიანის მეგობარი, ლევან ბუხაიძე, 8 წლიან დუმილს არღვევს და 2006 წლის 27 იანვარს შარდენბარში დაწყებულ და ოქროყანის სასაფლაოზე ტრაგიკულად დასრულებულ ისტორიას იხსენებს: "შარდენ-ბარში" მისვლამდე, მე, სანდრო და ჩვენი მეგობრები ბარ "კაიზერში", სიონის ეკლესიასთან ახლოს, ნინოობას აღვნიშნავდით. ბარიდან რომ გამოვედით, სანდრომ მეგობარ გოგონას, თათია მაისურაძეს დაურეკა, რომელიც "შარდენ-ბარში" იყო და ჩვენც იქ მივედით ყავის დასალევად... იქვე, მეორე მაგიდასთან ისხდნენ ვასილ სანოძე, თაკო სალაყაია, დათა ახალაია, გურამ დონაძე, ოლეგ მელნიკოვი და თათია მაისურაძე. სანდრო თათიას დაელაპარაკა, რის შემდეგაც ბარიდან წამოვედით...

- გამოსვლამდე სანდროს კონფლიქტი ვისთან მოუვიდა?
- ამას მე არ შევსწრებივარ, საპირფარეშოში გავედი და შესაძლოა, იმ დროს მოხდა რამე. სხვა სუფრის წევრები ამბობენ, რომ სანდრომ შეურაცხმყოფელი რეპლიკები ესროლა მათ... გარეთ გამოსულები ლესელიძის ქუჩას ფეხით გავუყევით. 12 გრადუსი ყინვა იყო და მანქანები აღარც დადიოდა. მალე ML-ის მარკის ვერცხლისფერი ჯიპი წამოგვეწია, გადმოხტნენ, ხელები გადაგვიგრიხეს და მანქანაში ჩაგვყარეს. გვითხრეს, პოლიციის თანამშრომლები ვართო. საბუთები და მობილურები ჩამოგვართვეს და ოქროყანაში აგვიყვანეს. გზაში სანდრომ იკითხა, სად მიგყავართ, აქეთ განყოფილება არ არისო. სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, რომ ერთმა გაარტყა. მიგვიყვანეს სასაფლაოზე და პირდაპირ ცემა დაგვიწყეს. ცალ-ცალკე გვცემდნენ, მას შემდეგ სანდრო აღარ მინახავს... მირტყამდნენ ხელებს, წიხლებს და იარაღის ტარს. ერთხანს ჭკუა გადამეკეტა, წინააღმდეგობას ვუწევდი, წამოდგომა ვცადე და ჩემს დასაშოშმინებლად გერონტი ალანიამ ჰაერში გაისროლა... ბოლოს, როცა ნაცემი ძირს დამაგდეს, ვიღაცამ დაიძახა სანდროზე, გაიქცაო, რაზეც ალანიამ უპასუხა, გამოსირებულები რომ ხართ, იმიტომ გაიქცაო. სანდროს ლანდი არ დამინახავს, არც გაქცევის ხმა გამიგონია. მოძალადეებმა ტანსაცმელი გამხადეს და ყველა ერთად მცემდა, ძირითადად, სახეში მირტყამდნენ. ერთმა ტელეფონი მომანათა სახეში - ალბათ, ფოტო გადამიღო. გულზე ჯვარი და ხატი მეკიდა და ალანიამ მითხრა, ცოცხალი რომ ხარ, ამ ჯვარს და ხატს უმადლოდეო და წავიდნენ... წელი ძლივს ავითრიე და ფორთხვით ამოვედი ზემოთ, ტანსაცმელს ვეძებდი, მაგრამ ვერ ვიპოვე, ეტყობა, წაიღეს. ფეხშიშველმა ძლივს გამოვაღწიე სასაფლაოდან.
- მეგობარი არ გიძებნიათ?
- გზადაგზა ვეძახდი სანდროს, მაგრამ ხმა რომ არ გამცა, ვიფიქრე, ალბათ, თავს უშველა-მეთქი. შიშველს ორმა მანქანამ ჩამიარა, მაგრამ ასეთ ყინვაში მაისურისა და საცვლის ამარას არ გამიჩერეს. ავტოგასამართ სადგურს მივადექი, კარი დაკეტილი დამხვდა და ვერანდაზე ავედი. იქ მუყაო ვიპოვე და ცოტა ხანს იმაზე დავდექი, რადგან საშინლად გაყინული ვიყავი. იქვე ორი დაგდებული მანქანა ვნახე, ვიფიქრე, შალითებს მოვხსნი, შემოვიხვევ და მერე პატრონს დავუბრუნებ, ან ფულს მივცემ-მეთქი. ამ დროს ფანჯარაში შევნიშნე, რომ პირველ სართულზე სპირალიანი გამათბობელი ენთო, მივხვდი, ვიღაც იყო შიგნით. ჩამოვედი და კარზე ვაბრახუნე. მოხუცმა დარაჯმა გამიღო. ავუხსენი, დაგვაყაჩაღეს, გთხოვთ, დამარეკვინეთ-მეთქი. ტელეფონი არა მაქვს და ვერც პოსტს დავტოვებო, მითხრა. მერე მოხუცმა პლედი მომახურა და გავითიშე... დილით გზაზე ვიღაც მამაკაცი გამოვიდა, გამოვართვი მობილური და პატრულს დავურეკე. ჩამიყვანეს პოლიციაში. მათაც ვუთხარი, მე და ჩემი მეგობარი დაგვაყაჩაღეს-მეთქი, ვინაიდან არ ვიცოდი, რა მოხდა... დავიწყეთ სანდროს ძებნა, მეგობრებთან, ახლობლებთან, შემდეგ საავადმყოფო გადავამოწმეთ, მაგრამ ვერსად ვიპოვეთ. ბოლოს ჩვენი მეგობრები ავიდნენ ოქროყანაში და ცხედარი ტყეში იპოვეს,“ - აცხადებს ბუხაიძე „კვირის პალიტრასთან“ საუბარში