„ანაკლიის პორტის“ მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება. ამის შესახებ ბიზნესმენმა თეიმურაზ ქარჩავამ ანაკლიის ბიზნეს ფორუმზე განაცხადა. მისი განცხადებით, ანაკლიის პორტის მშენებლობაზე მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობს და აღნიშნული პროექტის განხორციელებაში ხელისუფლების მხარდაჭერის იმედი აქვს.

„ანაკლიის პორტის მშენებლობას, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, ყავს  სრულფასოვანი პარტნიორები, რომლებიც რეალურად მზად არიან მოქმედებაში მოიყვანონ ამ პროექტის დაფინანსების საკითხი. პორტის მშენებლობა უახლოეს მომავალში აუცილებლად დაიწყება ,დასრულებას ერთად ვიზეიმებთ“, – აცხადებს თეიმურაზ ქარჩავა.


ბიზნესმენის განმარტებით, „ანაკლია პორტის“ პროექტის ირგვლივ  შექმნილია კონსორციუმი, რომლის წევრები არიან: ამერიკის, ინგლისის, სინგაპურისა და საუდის არაბეთის კომპანიები.

პორტთან ერთად თეიმურაზ ქარჩავა ანაკლიაში ორი 44 სართულიანი ფინანსური და სასტუმრო ცენტის მშენებლობას გეგმავს, სადაც 130 მილიონ ლარზე მეტი ჩაიდება.

ანაკლიაში სატრანსპორტო კვანძის მშენებლობის ნებართვა შპს „ანაკლია პორტმა“, რომლის ხელმძღვანელი თეიმურაზ ქარჩავა იყო,  პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის 2009 წლის 20 ოქტომბრის № 732 განკარგულების საფუძველზე მიიღო. ხელშეკრულების თანახმად, მშენებლობა 20013 წელს უნდა დასრულებულიყო და მასში 5–6 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა ჩადებულიყო. პროექტი „ანაკლია პორტი“ საზღვაო ნავსადგურის, სარკინიგზო და საავტომობილო გზების, სარკინიგზო და საავტომობილო გადაზიდვების ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკული და საინჟინრო მომსახურების მშენებლობას მოიცავდა.

მან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლო, რადგან, როგორც ქარჩავა აცხადებს, მის საკუთრებაში ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები შეიჭრნენ და „ლაზიკა პორტის“ მშენებლობა დაიწყეს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2012 წლის სექტემბის თვეში შპს „ანაკლია პორტს“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში უჩივლა. უწყება შპს-გან 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმის დაკისრებას ითხოვდა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ შპს „ანაკლია პორტს“ 240 ათასი ლარის ჯარიმის გადახდა დააკისრა, რომელიც ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა.