ვინც შევა, ჩვენი რელიგიის მოღალატეა

წარმოიდგინე, ტიპს აჰყავს ადამიანი, რომელიც ქალი ჰგონია, ლოგინში ჩაიწვინა და აღმოაჩინა, რომ კაცია და გალახა. ამ გალახულის უფლება როგორ უნდა დავიცვა?!

ვინც მართლმადიდებელია და არა ევანგელისტი, მათი სწავლებით ურწმუნოა

საპატრიარქოს მოწოდება რაღად გვინდა, როდესაც ვიცით, რომ ევანგელისტების შეკრებაა?!



6, 7, 8 ივნისს სპორტის სასახლეში "იმედის ფესტივალი" ტარდება. უფლებათადამცველი გიორგი გაბედავა ამ ფესტივალის გაპროტესტებას აპირებს, ჩვენ დავუკავშირდით მას და კომენტარი ვთხოვეთ:

- პირველად ბილბორდებზე გავეცანი, რომ რაღაც ფესტივალი ტარდება. ბილბორდები მთელ ქალაქშია მოფენილი (როგორც ჩანს, დიდი დაფინანსება აქვთ). ფესტივალს "იმედის ფესტვალი" ჰქვია". ბილბორდზე შევნიშნე ჯვარი (ძალიან პატარა) და ვიფიქრე, ალბათ, რელგიასთან არის დაკავშირებული-მეთქი. შევედი ინტერნეტში, მოვიძიე მასალა და თურმე ეს ფესტივალი ან კონცერტი კი არ არის, როგორც ბილბორდებზეა მითითებული, ეს არის ვინმე ბილი გრემის სიტყვა იმედის შესახებ (ბილი გრემი ევანგელისტური სექტის წარმომადგენელია) და ჩვენ შეგვიძლია წავიყვანოთ ჩვენი ურწმუნო მეგობრები ამ სიტყვის მოსასმენად; ანუ ვინც მართლმადიდებელია და არა ევანგელისტი, მათი სწავლებით ურწმუნოა. წარმოიდგინეთ, მე რომ ჩავიდე ირანში და ქრისტიანობის ასე ქადაგება დავიწყო, მაპატიებს ვინმე?

- ირანთან შედარება ცოტა უადგილო ხომ არ არის?
- კარგი, იყოს თურქეთი, იქ მომცემენ ამის უფლებას?

- ამ ადამიანებს შეკრების უფლებას კანონი აძლევს...
- ნუ მოატყუებენ ხალხს. ბილბორდზე რომ მიეთითებინათ, რომ ეს არის ევანგელისტების შეკრება, რომელზეც ბილი გრემი გამოვა სიტყვით, სულ სხვა ამბავი იქნებოდა, მაგრამ გვატყუებენ, რომ ტარდება ფესტივალი, სადაც გამოვლენ მომღერლები.

- ანუ მითითებული რომ ყოფილიყო, ეს ევანგელისტების შეკრებააა, აღარ გააპროტესტებდით?
- დიახ, ეს ცნობილი იქნებოდა ყველასთვის და იქ არავინ აღარ მივიდოდა.

- თუ ასეთი საფრთხის შემცველია ეს ფესტივალი, რატომ არ გააკეთა განცხადება საპატრიარქომ?
- როგორც ფესტივალის ორგანიზატორმა ქართველებმა თქვეს, მათ საპატრიარქო ეხმარებოდა. საპატრიარქომ კი განაცხადა, რომ ფესტივალთან არავითარი კავშირი არა აქვს.

- "ფესტივალთან არა გვაქვს კავშირი" და "იქ არ წახვიდეთ"-ს შორის დიდი სხვაობაა.
- ამის მსგავსი რამ მოხდა წლინახევრის წინ და მაშინ უწმინდესმა თქვა, რომ ასეთი ქმედება შეფარული ქადაგებაა. საპატრიარქოს მოწოდება რაღად გვინდა, როდესაც ვიცით, რომ ევანგელისტების შეკრებაა?!

- იმ ბილბორდზე არაფერია კანონით დაუშვებელი, თუ კანონი არ მოგწონთ, რატომ არ აპროტესტებთ კანონს?
- როცა ბილბორდზე წერია ტყუილი, ეს ჩემთვის მიუღებელია. მე ხალხის მოტყუებას ვაპროტესტებ. მე სპორტის სასახლესთან დავდგები და ხელს შევუშლი იქ ხალხის შესვლას. მისულებს გინებას ან ჩხუბს კი არ დავუწყებ, ვიტყვი, რომ ვინც შევა, ჩვენი რელიგიის მოღალატეა.

- ბატონო გიორგი, რატომაა მოღალატე ადამიანი, რომელიც სხვაზე ნაკლები მორწმუნე არ არის, მაგრამ აინტერესებს სხვადასხვა რელიგური მიმდინარეობა და ევანგელისტებზეც უნდა მეტის გაგება?
- რწმენაში განმტკიცებული ადამიანი იქ მხოლოდ ევანგელისტების სამხილებლად თუ შევა. 

- ვთქვათ, ევანგელისტების უფლებები დაირღვა, თქვენ, როგორც უფლებათა დამცველი, დაიცავთ მათ?
- ჩვენი უფლება არ ირღვევა, როდესაც გვატყუებენ? მე არავის მივცემ უფლებას, მათ შეურაცხყოფა მიაყენონ, ხოლო თუ მაინც მოხდა ეს, შუაში ჩავდგები და არ მივცემ ამის უფლებას.

- ვთქვათ, ევანგელისტებმა გთხოვეს, რომ მედიასთან, არასამთავრობოებსა და ა.შ. დაიცვათ მათი უფლებები, დაუდგებით გვერდში?
- გააჩნია, ადამიანს რა ფორმით დაერღვევა უფლებები. წარმოიდგინე, ტიპს აჰყავს ადამიანი, რომელიც ქალი ჰგონია, ლოგინში ჩაიწვინა და აღმოაჩინა, რომ კაცია და გალახა. ამ გალახულის უფლება როგორ უნდა დავიცვა?! ასეთს არ დავიცავ, იმიტომ, რომ ეს ადამიანი მატყუარაა და მე ტყუილს არასოდეს დავიცავ. 

- ყოფილა შემთხვევა, როდესაც მართლმადიდებელ სასულიერო პირს ადამიანი მოუტყუებია, დაგიცავს ასეთი ადამიანი?
- მე არ მახსოვს ასეთი შემთხვევა. თუმცა, როცა ყოფილა, ყოველთვის მქონია რეაქცია. მივსულვარ და პირადად მითქვამს, რომ არ მოქცეულა სწორად. ყოველთვის ვამხელ, პირად საუბარში თუ საჯაროდ. ყველა ადამიანი ვართ და ყველას გვეშლება რაღაც. სამწუხაროდ, ჟურნალისტებს ერთი რამე არ უნდათ, გაიგონ - როდესაც მღვდელს რამე ეშლება, ეს არ ნიშნავს, რომ მართლმადიდებლობას შეეშალა რამე. ეკლესიას არასოდეს არაფერი ეშლება, შეცდომა მოსდის კონკრეტულ ადამიანს. სად სექტა და სად ჩვენი ეკლესია, შედარებაც კი არ შეიძლება!

ლადო გოგოლაძე