ცნობილი ტანმოვარჯიშე და დეპუტატი ალინა კაბაევა მაისის შუალედში 31 წლის გახდა. მისი ცხოვრების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა ჭორი ბლომად დადის.
ყოფილი ტანმოვარჯიშე რუსეთის დუმის დეპუტატი და საზოგადო მოღვაწე გახდა, გარდა ამისა, გამუდმებით ჰყვებიან პრეზიდენტ პუტინთან მის ურთიერთობებზე. არც ისე დიდი ხნის წინ ხმაც კი გავრცელდა, რომ რუსეთის პრეზიდენტისგან შვილი გააჩინა.
ალინამ პუტინთან მისი ურთიერთობის შესახებ გავრცელებულ ხმებზე თამამად ისაუბრა: ''ეს ხმები, პირველ რიგში, იმისთვის ვრცელდება, რომ ჟურნალ-გაზეთებმა რეიტინგი აიწიონ. ეტყობა, მასმედია მეტს ვერაფერს იგონებს, რომ მკითხველი მიიზიდოს.
მე პირადად ეს არ მსიამოვნებს, როგორც ნებისმიერ ქალს. თუმცა მესმის, რომ ეს ჩემი ახლანდელი საჯარო სტატუსის თანმდევია. კიდევ კარგი, რომ ჩემს ცხოვრებაში არის სიყვარული და ეს დიდი ბედნიერებაა''.
მართლაც, წლის დასაწყისში ალინამ სოჭის ოლიმპიადის გახსნაში მიიღო მონაწილეობა და მის თითზე ნიშნობის ბეჭედი შენიშნეს. მაშინ ეს ბეჭედიც პუტინს დაუკავშირეს, მით უმეტეს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ცოლს ოფიციალურად დაშორდა.
''ეს არ იყო ნიშნობის ბეჭედი, არც მახსოვს, ბოლოს როდის მეკეთა. ასეთ რამეებზე საუბარი მართლა სასაცილოა. თუმცა ჩემთვის მთავარია, რასაც მე ვამბობ, იმან არ დააზარალოს ადამიანები. ყველას უნდა ჰქონდეს პატარა საიდუმლოებები და მეც მაქვს. ბედნიერი ვარ, რომ ჩემ გარშემო სიყვარულია. თუმცა არც მეტისმეტი სიხარული ღირს, რომ ბედნიერება არ შეაშინო'', - ამბობს ალინა და აღიარებს, რომ დედობაზეც ისე ოცნებობს, როგორც ნებისმიერი სხვა ქალი.