06-06-2014
გუშინ გაეროში კენჭი ეყარა რეზოლუციას "აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ". რეზოლუციას მხარი შვიდმა ქვეყენამ არ დაუჭირა, მათ შორის სომხეთმაც. ამ თემაზე კომენტარი ვთხოვეთ სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველო" -ს ხელმძღვანელს არნოლდ სტეფანიანს:- ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც სომხეთმა მსგავსი პოზიცია დაიკავა. ჩემთვის სამწუხარო იყო ეს ფაქტი, რადგან მე, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს მოქალაქე ვარ. ძალიან ხშირად სომხეთის პოლიტიკა ისეთ საერთაშორისო ტრიბუნაზე, როგორიცაა მაგ. გაერო, ხელს უწყობს რუსეთის ინტერესების გატარებას.სომხეთის მხრიდან ეს სიურპირიზი არაა, მათი მხრიდან სიურპრიზი იქნებოდა სხვა გადაწყვეტილება რომ მიეღოთ.
- როდესაც ეთნიკური სომხების უფლებები ირღვევა, საქართველოში მცხოვრები სომხები ამას აპროტესტებენ, რატომ არ გამოხატავენ იგივე ადამიანები პროტესტს სომხეთის ამ გადაწყვეტილებაზე?
- ეს უფრო იმათ უნდა ჰკითხოთ ვინც საპროტესტო აქციებზე დადის. თუ ეს კითხვა ირიბად მეც მეხება, გეტყვით რომ ყოველთვის ვაფიქსირებ ჩემ პოზიციას -ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ უფრო მეტად დავაახლოვოთ ეს ორი ქვეყანა ერთმანეთს და ერთად ვიფიქროთ ერთიან ევროპულ მომავალზე. დარწმუნებული ვარ სომხურ მოსახლეობაში ძნელად მოიძებნება ადამიანი რომელსაც სომხეთის გუშინდელი გადაწყვეტილება მოეწონებოდა.
- თუ ეს ყველაფერი ასე ელემენტარულია, რატომ არ ფიქრობენ სომხები, რომ ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა შეუშალოს ხელი ჩვენს სამომავლო ურთიერთობას?
- მათ, რა თქმა უნდა, იციან, რომ ეს ნაბიჯი ურთიერთობის გაღმავებას არ უწყობს ხელს, თუმცა ამ შემთხვევაში სომხეთისათვის უალტერნატივო იყო ეს გადაწყვეტილება, რადგან ქვეყანას აქვს ყარაბაღის პრობლემა, სადაც ძალიან მწვავედ დგას აზერბაიჯანელი ლტოლვილების დაბრუნება და თუ ამ რეზოლუციას დაუჭერს მხარს, გამოვა, რომ სომხეთი ირიბად უჭერს მხარს აზერბაიჯანელი ლტოლვილების დაბრუნებასაც. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მე ძალიან დამწყდა გული გუშინდელ გადაწყვეტილებაზე. ამას ვამბობ, როგორც საქართველოს მოქალაქე, რომელსაც უნდა, რომ ჩვენი დევნილი მოსახლეობა დაბრუნდეს აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში. სომხეთის ეს ნაბიჯი ჩემთვის სავსებით მოსალოდნელი იყო, რადგან სომხეთი საერთაშორისო არენაზე ხშირად ყარაბაღის მძევალია და ამავე დროს ითვალისწინებს რუსეთის ინტერესებსაც, რადგან სწორედ რუსეთი არის მისი უსაფრთხოების გარანტი.
ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)