კანის მოვლის 10 მცნება 40 წელს გადაცილებულთათვის

სამწუხაროდ, დაბერება გარდაუვალი პროცესია, თუმცა არ არის აუცილებელი დაჯილდოებული იყოთ სრულყოფილი გენეტიკით იმისთვის რომ დიდხანს შეინარჩუნოთ ახალგაზრდული იერი. დაბერების პროცესის შესანელებლად, დერმატოლოგების თქმით, საჭიროა მხოლოდ დამატენიანებელი საშუალებები და კანის მოვლის სწორად შერჩეული სქემა. რა თქმა უნდა, ბოტოქსი მარტივად გააქრობს 2- 3 ნაოჭს, თუმცა საბედნიეროდ, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ნემსის ეშინია, არსებობს სხვა ალტერნატივა.


1. მოიშორეთ მაკიაჟი
სიბერის ნიშნების შესანიღბად ქალები ზედმეტ მაკიაჟს იყენებენ და ამით კიდევ უფრო შესამჩნევს ხდიან ნაოჭებს. როდესაც საქმე მოწიფული კანის მაკიაჟს ეხება, აუცილებელია მისი მინიმუმამდე დაყვანა. მინერალებით გამდიდრებული კოსმეტიკური საშუალებები ყველა ტიპის კანისთვის კარგია, თუმცა მთელ ქონებას უახლეს პროდუქციაზე ნუ დახარჯავთ. ამის ნაცვლად, მიმართეთ დერმატოლოგს, ის დაგეხმარებათ კანის მოვლის ინდივიდუალური სქემის შერჩევაში.

2. დაიბანეთ სახე
მიუხედავად იმისა იკეთებთ თუ არა მაკიაჟს, აუცილებელია ყოველ დღე დაუთმოთ დრო სახის საფუძვლიან გასუფთავებას. სასურველია ისეთი დასაბანი საშუალების გამოყენება, რომელიც არ დაარღვევს თქვენი კანის ბუნებრივ ტენიანობას. არ დაიზაროთ! თქვენს ასაკს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ძილის წინ დაიბანოთ სახე. მაკიაჟით დაძინება (განსაკუთრებით თვალების ირგვლივ) იწვევს ქრონიკულ ანთებასა და კანის გაღიზიანების სინდრომს. ეს კი პირდაპირ ზიანს აყენებს კანს- შლის უჯრედგარე მატრიქსს, რომელიც კანის ელასტიურობასა და ბზინვარებას უზრუნველჰყოფს.

3. კოლაგენი
ცილა, რომელიც განაპირობებს კანის ელასტიურობას, აუცილებელია ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად. ასაკთან ერთად კანი კარგავს ტონუსს, რაც კოლაგენის სინთეზის შენელებასთან არის დაკავშირებული. შედეგად ვიღებთ არასასურველ ნაოჭებს. კანში კოლაგენის შემცველობის გაზრდა შესაძლებელია- ვიტამინ A- ს შემცველი ადგილობრივი გამოყენების საცხები აძლიერებს კოლაგენის სინთეზსა და ამცირებს პიგმენტაციას.

4. მიიღეთ საკმარისი რაოდენობით წყალი
დაიწყეთ და დაასრულეთ დღე 1 ჭიქა ცივი წყლით. თუმცა, მხოლოდ ამით ნუ დაკმაყოფილდებით. მოერიდეთ ტკბილ სასმელებსა და ყოველთვის თან იქონიეთ ბოთლით უგაზო წყალი. ეს არამხოლიდ მოგიკლავთ წყურვილს, არამედ შეუნარჩუნებს თქვენს კანს ჰიდრატაციას. როდესაც წყურვილის გრძნობა ჩნდება, ორგანიზმი უკვე დეჰიდრატაციას განიცდის, რაც კანზე თავისებურად აისახება. ჰიდრატაცია განაპირობებს ნივთიერებათა ცვლის პროცესების გააქტივებას: უჯრედები მდიდრდება საკვები ნივთიერებებით, ტოქსინები კი გარეთ გამოიდევნება.

5. არ დაგავიწყდეთ მზისგან დამცავი საცხი
ეს არის პროდუქტი, რომელიც მიუხედავად ასაკისა, უნდა გამოიყენოთ ყოველთვის. მზის სხივებს აქვს კანში კუმულაციის უნარი და ძალიან სწრაფად აბერებს მას.

6. ექსფოლიაცია
კვირაში ერთხელ კანის ექსფოლიაცია ისეთივე აუცილებელია, როგორც ყოველ საღამოს სახის გულდასმით დაბანა. ეს პროცედურა მოგაშორებთ მკვდარ უჯრედებს, რომლებიც ხაზს უსვამს თქვენს ნაოჭებს. ექსფოლიაცია აწარმოეთ ნაზად, რათა თავიდან აიცილოთ სახის კანის გაღიზიანება და სიწითლე. აღნიშნული პროცედურა საშუალებას აძლევს კანის მოვლის პროდუქციას ღრმად შეაღწიოს და ებრძვის დეჰიდრატაციის შედეგად განვითარებულ ნაოჭებს.

7. თვალის საცხი გამოიყენეთ რუტინულად
დერმატოლოგები გვირჩევენ, ყოველ ღამე თვალის საცხის გამოყენებას. რატომ ? თვალის ირგვლივ ყველაზე ნაზი და თხელი კანია, რომელიც ყველაზე მეტად საჭიროებს ჰიდრატაციას. 40 წლის შემდეგ ქალბატონებს თვალების ირგვლივ არსებული კანის ტონუსი უქვეითდებათ- შეშუპება და მუქი წრეები თვალის საცხის გამოყენებით საგრძნობლად შემცირდება.

8. გამოიყენეთ ანტიოქსიდანტური საშუალებები
ანტიოქსიდანტები კანს ჰმატებს ტონუსსა და, ამავდროულად, არბილებს. დერმატოლოგები გვირჩევენ, C და E ვიტამინების შემცველ საშუალებებს, რომელთა გამოყენება უმჯობესია დამატენიანებელთან ან მზისგან დამცავ საცხთან კომბინაციაში.

9. დამატენიანებელი საშუალებები
თქვენი სილამაზის რიტუალის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა იყოს დამცავი დამატენიანებელი საცხის წასმა სახის საგულდაგულოდ დაბანის შემდეგ. ეს დაიცავს კანს გარე ფაქტორების ზემოქმედებისგან, აორთქლების პროცესის შედეგად ტენიანობის დაკარგვისგან და შეამცირებს ნაოჭების წარმოქმნას. დამატენიანებელი საშუალება წაისვით ძილის წინ. თუ ცხიმიანი კანი გაქვთ შეარჩიეთ უცხიმო ვარიანტი. დღის დამატენიანებელი საცხი ყოველთვის მზისგან დამცავ საშუალებასთან ერთად გამოიყენეთ.

10. მიბაძეთ მძინარე მზეთუნახავს
იმისთვის რომ ყოველ დილით ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ… ჯანსაღი ძილი. ის ამცირებს სტრესით გამოწვეულ ორგანიზმის დაზიანებასა და აფერხებს დაბერების პროცესს.