მამუკა არეშიძე: მე ვიცი, ვინ არიან მოღალატე მინისტრები

„მე ვიცი, ვინ არიან არაპროფესიონალი მინისტრები. უტოლდება თუ არა მოღალატე მინისტრების ტერმინი არაპროფესიონალ მინისტრებს, გიპასუხებთ, რომ ამ შემთხვევაში ეს ორი ტერმინი თანაფარდია", - განუცხადა გაზეთ „კვირის ქრონიკას" მამუკა არეშიძემ.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრმა მთავრობაში საკადრო ცვლილებები აუცილებლად უნდა გაატაროს.


„თუ ირაკლი ღარიბაშვილმა თავის გუნდს არ გადახედა და ცვლილებები არ გაატარა, არაპროფესიონალი და უტვინო მინისტრები არ დაითხოვა, ძალიან გაუჭირდება ქვეყნის მართვა. მიუხედავად იმისა, რომ ღარიბაშვილი პოლიტიკურად გამოუცდელია, მან მოახერხა ხელისუფლების ხელში აღება, მისი იმედი მაქვს, რომ შეძლებს ქვეყნის სწორად მართვას. მაგრამ იმდენი ვალდებულება აიკიდა, არაპროფესიონალი, ხშირ შემთხვევაში უტვინო მინისტრების გადამკიდე, თუ მათ დროულად არ დაითხოვს, უფრო მეტ პრობლემას შეიქმნის", - განუცხადა „კვირის ქრონიკას" არეშიძემ.

ამასთან, ექსპერტი ე.წ. 4-5 მოღალატე მინისტრის თემაზე პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის, ვანო მაჭავარიანის განცხადებას გამოეხმაურა:

„თუ მაჭავარიანი მოღალატე მინისტრებში გულისხმობს სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას და არასახელმწიფოებრივ მდგომარეობას, ეს არ ვიცი, ასეთ მინისტრებს მე არ ვიცნობ", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.


წყარო: გაზეთი „კვირის ქრონიკა"