რა იწვევს ახალგაზრდებში მეხსიერების დაქვეითებას და გონებაგაფანტულობას

ახალგაზრდა ასაკში მეხსიერების დაქვეითების მიზეზი ან რაიმე დაავადებაა ან ცხოვრების არაჯანსაღი წესი: ნარკოტიკი, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, სამედიცინო პრეპარატების არასათანადოდ მოხმარება. არასრულფასოვანი კვება, ძილის რეჟიმის უგულებელყოფა. თუ ძილისა (ღამის მანძლზე სულ მცირე 8 სთ ძილი) და კვების რეჟიმი მოწესრიგებული გაქვთ, ამასთან იკვებებით ხილითა და ბოსტნეულით დაბალანსებული რაციონით
(ნათელი აზროვნების შესანარჩუნებლად ტვინს სჭირდება ცილა, უჯერი ცხიმოვანი მჟავები,B ჯგუფის ვიტამინები, რკინა, კალიუმი, მაგნიუმი და სხვა ელემენტები), ფიზიკურად აქტიური ხართ (ვარჯიშობთ) და მეხსიერების პრობლემა მაინც არსებობს, მაშინ გირჩევთ ჩაიტაროთ გამოკვლევები სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონის დასადგენად. იოდის დეფიციტი პირველ ყოვლისა სწორედ ინტელექტუალურ შესაძლებლობებსა და მეხსიერებაზე აისახება ხოლმე ნეგატიურად.
ქრონიკულად მიმდინარე ანემიის გამოსარიცხად გირჩევთ ჩაიტაროთ სისხლის საერთო ანალიზი და სისხლში თავისუფალი რკინის შემცველობის დასადგენი ანალიზები. კვლევებს რომ მიზანმიმართული ხასიათი მისცეთ, უმჯობესია მიმართოთ ნევროპათოლოგს, რომელიც ამ პრობლემის დაძლევაში კვალიფიციურ დახმარებას გაგიწევთ.