''ძალიანაც რომ მოვინდომო, თამთა გოდუაძეს ვერ მივბაძავ''



სოფო ტოროშელიძე საზოგადოებამ ''ვარსკვლავების აკადემიიდან'' გაიცნო. შემდეგ იყო ''ელდრაინი'', ''ევროვიზია'', ''ემ-ტი-ვის'' ბათუმური შოუ. 23 წლის ასაკში სოფო ''რუსთავი 2''-ის მუსიკალურ ხელმძღვანელად დაინიშნა. მანამდე ''საქართველოს ვარსკვლავის'' მუსიკალური პროდიუსერი გახლდათ. ახლა ''X ფაქტორის'' მენტორია, როგორც ამბობენ, ერთ-ერთი ლოიალური. 

- სოფო, მახსოვს, როცა ''X ფაქტორს'' იწყებდით, მაშინ საკუთარ თავს ჟიურიში არ მოიაზრებდი, ამბობდი, რომ ფრთხილად უნდა შეგერჩიათ ჟიურის წევრები. ვისი იდეა იყო, პროექტის მუსიკალური პროდიუსერი ამ კონკურსის ერთ-ერთი მენტორი ყოფილიყო? 

- თავიდან პროექტის მუსიკალური პროდიუსერი ვიყავი. მენტორი თუ ვიქნებოდი, ამის შესახებ არ ვიცოდი. როგორც ჩანს, მოგვიანებით გადაწყვიტეს და შემომთავაზეს. დავთანხმდი ამ მოულოდნელ წინადადებას. ოღონდ ახლა პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელი მე არ ვარ, ამ ფუნქციას დღეს მანანა მორჩილაძე ასრულებს. 
- მახსოვს, ამბობდი, პროექტს ისეთი მენტორები სჭირდება, რომლებსაც მუსიკალურობასთან ერთად ქარიზმაც უნდა ჰქონდეთო... 
- მე არ მაქვს ქარიზმა? 
- არა, სხვა კითხვას ვსვამდი, ვის მიიჩნევ ყველაზე ქარიზმატულ მენტორად თქვენს ოთხეულში? 
- მე მაინც იმავე კითხვას დაგისვამ, მე არ მაქვს ქარიზმა? 
- ქარიზმატულობას მე უფრო გაბუნიაში ვხედავ. 
- გაბუნიას არ აქვს ქარიზმა. სხვა იმიჯი აქვს, რომელიც მარტო მისია. ამას ქარიზმას ვერ დავარქმევ. ქარიზმატულები რაღაც დოზით ყველანი ვართ და ალბათ, ამიტომაც ლაპარაკობს ყველა ''X ფაქტორის'' ჟიურიზე. 
- შენ და თამთას უფრო ლოიალურ მენტორებად მოგიაზრებთ მაყურებელი, ვიდრე სტეფანესა და გიორგის. როგორ გგონია, რატომ? 
- ალბათ, გოგონები რომ ვართ, მაგიტომ. თუმცა მე მაინც ვერ ვიტყოდი ამას, სკამების ტურზე იმდენი კრიტიკა მივიღე, მოულოდნელი გადაწყვეტილებების გამო...… 
- გაკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ ბიჭების ჯგუფი დატოვე საუკეთესო ოთხეულში...
- ვინც უნდა გამეშვა პროექტიდან, კრიტიკა ყველა შემთხვევაში იქნებოდა. ყველას თავისი გულშემატკივარი ჰყავს. მათ მოსწონთ თავიანთი რჩეულები, იცავენ, მათ მენტორებს აკრიტიკებენ. შეიძლება, ვოკალურად სხვები უკეთესები იყვნენ, მაგრამ ამ ბიჭებს ჰქონდათ ის, რომ ერთადერთი ბოიბენდი იყო პროექტში და თან ძალიან სიმპათიურები. ახლაც არც ერთი წუთით არ ვნანობ ჩემს გადაწყვეტილებას. 
- მარინა ბერიძე ვნახე ბოლო ლაივკონცერტზე დარბაზში, შემდეგ კულისში გნახეთ, საუბრობდით, როგორც გამოცდილმა მუსიკალურმა პროდიუსერმა, რამე ხომ არ გირჩია ან შენიშვნები ხომ არ მოგცა?
- თავიდანვე მინდა გითხრათ, რომ მე და მარინას ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა სხვანაირად. მივესალმეთ ერთმანეთს და პირველი, რაც მითხრა, იყო - გული აღარ მიძლებს, სახლიდან გიგულშემატკივროთ, დარბაზში მინდა ყოფნაო. 
- კონკრეტულ კონკურსანტზე არაფერი უთქვამს? 
- არა, თუმცა პირველ რიგში იჯდა და კარგად ჩანდა მისი ემოციები, რომელი კონკურსანტი მოსწონდა განსაკუთრებით. 
- ისიც ჩანდა, რომელი კონკურსანტის გამოსვლაზე თუ რეპერტუარზე იცინოდა. 
- მართლა? ეგ არ დამინახავს. 
- სოფო, შენ ფაქტობრივად ჩაანაცვლე მარინა ბერიძე ''რუსთავი 2''- ში. ეს დისკომფორტს არ გიქმნის მასთან ურთიერთობის დროს? 
- ასე თუ მივუდგებით საკითხს, მარტო მარინა არ ჩამინაცვლებია. ამ ტელევიზიას ჰყავდა მუსიკალური რედაქცია, დიდი გუნდი, მათ შორის იყო მანანა მორჩილაძეც, რომელიც ახლა დაბრუნდა და ჩემთან ერთად მუშაობს. რა მოხდა, რატომ ან რისთვის, ეს ჩემი საქმე ნამდვილად არ არის, ამაში არც არასდროს ჩავრეულვარ. 
- რისი თქმა გინდა, ამ დიდი გუნდის საქმეს ახლა შენ ერთი, სოფო ტოროშელიძე აკეთებ? 
- ასე გამოვიდა. ასე იყო ''საქართველოს ვარსკვლავის'' დროს. ახლა მანანა მორჩილაძესთან ერთად ვმუშაობ, აღარ ვარ მარტო. რაც შეეხება დისკომფორტს, ნამდვილად არ მიქმნის, რადგან ამის მიზეზი მათგან არ მიგრძნია. მე ვაფასებ პროფესიონალიზმს. მარინასა და მანანას გაზრდილი ვარ, თუ რამე ვიცი, მათგან ვიცი. ამიტომაც მგულშემატკივრობენ, ასე ამბობენ, გამოგვადექიო (იღიმება). 
- კარგი, პროექტს დავუბრუნდეთ. რომელი მენტორის კონკურსანტის გეშინია, არის კონკრეტული მონაწილე, რომლის მიმართაც განსაკუთრებულ სიმპათიას გრძნობ? 
- ასე გამორჩეულად ვერ ვიტყვი. თამთას გუნდთან თანაბარ პირობებში ვარ. ბიჭებს განსაკუთრებული გამოხმაურება აქვთ და სტეფანეს გოგონებიც რეალური კონკურენტები არიან. 
- ის ფაქტი, რომ წინა ლაივკონცერტზე ორივე აუტსაიდერი თამთას გუნდის წევრი იყო, მენტორის სისუსტეზე ხომ არ მიუთითებს? 
- არა, ეს მთლიანად მაყურებლის აქტივობაზეა დამოკიდებული. 
- თუმცა, ნათია თადიაშვილის რეპერტუარის გამო თამთა ბევრმა გააკრიტიკა. შენ რომ ნათიას მენტორი ყოფილიყავი, ''აბბას'' ამღერებდი?
- თამთას არჩევანი აბსოლუტურად გასაგებია ჩემთვის, ზუსტად ვიცი, რატომაც შეარჩია ეს სიმღერა. ნათიას მეც იმავე პრინციპით მივუდგებოდი. შეიძლება, ''აბბა'' არ მიმეცა და მიმეცა ''ბონი ემი'', მაგრამ ის ნაბიჯი, რაც თამთამ გადადგა, ნათიასთვის იყო სიახლე. ეს იყო ახალი დავალება, რომელიც ნათიას უნდა გადაელახა. ამას ნებისმიერი მენტორი აკეთებს და სულ არ მივიჩნევ, რომ თამთამ დანაშაული ჩაიდინა. ეს იყო ექსპერიმენტი და ნათიას უნდა დაეძლია.
- მაგრამ ექსპერიმენტებს არ ატარებენ, მაგალითად, მებოზე…...
- მებოზეც ატარებენ ექსპერიმენტებს. ამას მალე ნახავთ, ისევე როგორ აკესა და ანას და შპარკლე-ის შემთხვევაში. 
- ზოგადად მენტორებს ხშირად აკრიტიკებენ კონკურსანტის რეპერტუარის გამო. თუნდაც სტეფანესა და სალომე ტეტიაშვილის შემთხვევა გავიხსენოთ. შენ თუ გქონია მსგავსი ფაქტი და როგორ იქცევი, როცა შენს კონკურსანტებს რომელიმე სიმღერა არ მოსწონთ?
- ჩემი კონკურსანტები რეპერტუარით უკმაყოფილო არასდროს ყოფილან. სიმღერას მე ვარჩევ, მაგრამ მათი გემოვნების გათვალისწინებით, შეთანხმებით. 
- საკმაოდ დატვირთული დღის რეჟიმი გაქვს, ამ პროექტის გამო შენმა კარიერამ მეორე პლანზე ხომ არ გადაინაცვლა?
- ვერ ვიტყოდი. ''ელდრაინთან'' ერთად მეორე ალბომზე დავიწყეთ მუშაობა, გვაქვს საზაფხულო გეგმებიც. თუმცა ''ხ ფაქტორი'' მართლაც დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. ყურადღების ცენტრში ყოფნა ნამდვილად არ არის ადვილი. 
- არ მითხრა, რომ არ მოგწონს.
- ზოგჯერ მომწონს, ზოგჯერ - არა. 
- როდის არ მოგწონს?
- როცა გადავიღლები ხოლმე. ბოლო დროს ეს ხშირად მემართება. ყურადღების ცენტრში ყოფნა ყველას მოსწონს, უბრალოდ, ზღვარი უნდა არსებობდეს.
- ბოლო დროს ჟიურის ამპლუაში ექსტრავაგანტურად გამოიყურები. იმასაც კი ამბობენ, თამთა გოდუაძეს ჰბაძავსო. 
- მე?! ძალიანაც რომ მოვინდომო, თამთას ვერ მივბაძავ, სხვა გარეგნობისა და სხვა ყალიბის ადამიანი ვარ. ასეთი ჭორი პირველად გავიგე თქვენგან, აქამდე არავისგან მსმენია, რომ თამთას ვბაძავ.
- აქამდე სხვა იმიჯი გქონდა.
- მანამდე ჟიურიში არ ვყოფილვარ. მხოლოდ ''ელდრაინის'' ჟანრში მხედავდით. შეიძლება, ძალიანაც მინდოდეს დახეული ჯინსით, მაისურზე ''ბულავკებითა'' და ჩაშავებული ტუჩსაცხით დაჯდომა ჟიურიში, მაგრამ ყველაფერს თავისი ადგილი აქვს. რაც გადაცემა დაიწყო, ვცდილობ, სხვადასხვანაირი ვიყო, ვის ვგავარ, არ ვიცი.
- შენს მეუღლეზეც მინდა გკითხო, თუ მოდის კონცერტებზე და რა გირჩევს ხოლმე?
- ჩემი მეუღლე ამ პროექტში აქტიურად არის ჩართული. რჩევებსაც მაძლევს, ამას უფრო მეტი ყურადღება მიაქციე, ამაზე არ ინერვიულო, და ა.შ. მეგობრულ რჩევებს მაძლევს, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თან მუსიკაშიც აქტიურად არის ჩართული, ოღონდ ჰობის დონეზე. უკრავს დრამზე, გიტარაზე. 
- ყურადღების ცენტრში რომ ხარ, ხომ არ აღიზიანებს?
- არა, რომ აღიზიანებდეს, არ ვიქნებოდი ყურადღების ცენტრში. 
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
ნინო მჭედლიშვილი'