სალომე ჭაჭუა: "ცეკვა ბავშვს არა მხოლოდ ფიზიკურად, გონებრივადაც ავითარებს"

ბავშვის ჩამოყალიბებაზე, განსაკუთრებით მის გონებრივ და ფიზიკურ განვითარებაზე, სკოლის გარდა სხვადასხვა წრეც დიდ როლს თამაშობს, რაც მშობლების დამატებითი საფიქრალი და საზრუნავია. გადავწყვიტეთ, დროდადრო თავისი სფეროს ყველაზე ცნობილ მასწავლებლებს გავესაუბროთ, მივიღოთ მათგან საჭირო რჩევები და რეკომენდაციები. 
ამჯერად, საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მოცეკვავედ აღიარებულ სალომე ჭაჭუას დავუკავშირდით, რომელსაც აქტიური ცეკვის პარალელურად, წლებია, გამოცდილი მასწავლებლის სახელიც აქვს და საკუთარ სტუდიაში პატარებსა და დიდებს ცეკვას ასწავლის.


- სალომე, საინტერესოა, ყველაზე ოპტიმალური ასაკი რომელია, როცა შეიძლება ბავშვის ცეკვის სტუდიაში მიყვანა?
- სასურველია, 6-7 წლის იყოს. უმჯობესია, ბავშვმა ცეკვაზე სიარული სკოლასთან ერთად დაიწყოს, რადგან ამ დროს გონება უფრო მეტად აქვს გახსნილი.
- და მაქსიმუმ რამდენი წლის ბავშვმა შეიძლება დაიწყოს სწავლა?
- პირადად მე ცეკვა 13 წლის ასაკში დავიწყე, ასე რომ, 13-14 წლიდანაც შეიძლება, სერიოზულად მოჰკიდო ხელი ამ საქმეს, ეს ყველაფერი მაინც ბავშვის მონდომებაზეა დამოკიდებული.
- რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მოზარდი იმისთვის, რომ სამეჯლისო ცეკვები ისწავლოს? ვთქვათ, თქვენ პირადად თუ აქცევთ ყურადღებას წონას, გარეგნობას...
- ბავშვებს ვიზუალურად არ ვარჩევ, ნებისმიერს ვიღებთ სტუდიაში, მიუხედავად მისი წონისა და გარეგნული მონაცემებისა. ცეკვისთვის მთავარი სურვილია და არც ყველა სწავლობს იმისთვის, რომ აუცილებლად სცენაზე გავიდეს. 


- გარდა ცეკვისა, კიდევ რას სწვლობს ბავშვი ასეთ დროს? რა უნარები უვითარდება?
- გონებრივად იხსნებიან. ერთი შეხედვით, ეს ცეკვები მარტივი ჩანს, რეალურად კი რთულია, რადგან მოითხოვს როგორც გონებრივ, ასევე ფიზიკურ დატვირთვას, თითოეულ დეტალს ექცევა ყურადღება, თვლა, რიტმი, ნაბიჯი - ამ ყველაფრის გაკონტროლება უწევს მოცეკვავეს, რაც პირდაპირ ტვინთანაა დაკავშირებული. გარდა ამისა, უვითარდებათ ლამაზი მანერები, სიარული, კარგი ფიგურა და რაც ყველაზე მთავარია, ხერხემალი ყოველთვის კარგ მდგომარეობაში ექნებათ.
- რა წარმატებას შეიძლება მიაღწიოს ბავშვმა, რომელიც ბოლომდე გამოგყვებათ?
- ჩვენი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდი წარმატება საქართველოს ჩემპიონობაა თავის კატეგორიაში. შემდგომ, სასურველია, საზღვარგარეთაც გავიდეთ, მაგრამ ეს ყველაფერი თანხებთანაა დაკავშირებული, ბავშვს უწევს კოსტუმის შეკრევა და ა.შ წარმატებისთვის ასევე აუცილებელია მუდმივი მომზადება პირად მწვრთნელთან, საკმარისი არაა ჯგუფური მეცადინეობა. ბავშვი, რომელიც ორიენტირებულია წარმატებაზე, საჭიროებს ინდივიდუალურ გაკვეთილებს. მოცეკვავე სრულყოფილად რომ ჩამოყალიბდეს, აუცილებელია, გაიაროს კლასიკური ბალეტი, სასურველია, ტანვარჯიშზეც იაროს, ეს ყველაფერი ეხმარება ცეკვას. ამას ჩემი გმოცდილების გათვალისწინებით გეუბნებით.
- და ეს ბალეტის კლასიკა, ტანვარჯიში თუ სხვა, როგორც წესი, ცალკე ისწავლება და ბავშვმა დამოუკიდებლად უნდა იაროს შესაბამის წრეებზეც...
- საერთოდ, ასეა ხოლმე. მე პირადად სექტემბრიდან ვაპირებ კლასიკის დამატებას, იმ ბავშვებს, ვინც შედარებით სერიოზულად არის განწყობილი ამ საქმისადმი და მონაცემებიც უწყობს ხელს, ბალეტი ჩაუტარდებათ, ასევე დაემატებათ იოგა და ზუმბა (საცეკვაო ფიტნესპროგრამა).


- სხვადასხვა წრეზე სიარული გარკვეულ თანხებთან არის დაკავშირებული, რაც დამატებით პრობლემას უქმნის ხოლმე მშობლებს. კონკრეტულად თქვენი სფერო რამდენად მისაწვდომია ფართო მასებისთვის?
- საერთოდ, სამეჯლისო ცეკვები ძვირიან სპორტად მიიჩნევა, რადგან ელიტური სპორტის სახეობას მიეკუთვნება, მაგრამ პირადად მე ვითვალისწინებ საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას და ისეთი ფასები გვაქვს, რომ ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი სოციალური ფენისთვის. ფასი 6 წლიდან სამოყვარულო ჯგუფებამდე, 20 წლის ჩათვლით, 70 ლარია და ამაში იგულისხმება კვირაში ორი აკადემიური მეცადინეობა. რაც შეეხება მოყვარულებს, ესეც კვირაში ორჯერ, ორსაათიანი მეცადინეობა, 100 ლარი ღირს.

ასე რომ, ცეკვის მოყვარულო დედიკოებო, შეგიძლიათ, არა მხოლოდ ბავშვი ატაროთ ცეკვის წრეზე, შეიძლება, იმ დროში, სანამ პატარას უტარდება გაკვეთილები, თავადაც დაკავდეთ ამ სასიამოვნო სპორტით და სამოყვარულო წრეში გაწევრიანდეთ. ქართული სტუდიები ამის საშუალებას უკვე იძლევა. დედაც კარგ ხასიათზე იქნება და კარგ ფიზიკურ ფორმაში, შვილიც მიიღებს საჭირო უნარ-ჩვევებს, ფიზიკურად განვითარდება, გალამაზდება და იქნებ, მომავალში ცნობილი მოცეკვავეც დადგეს?

ციცი ომანიძე