რატომ მალავდა ჭრილობას ქეთი ორჯონიკიძე


არ დაიჯერებთ და ეს პატარა ბუბუ-სკვინჩა დათვებზე მონადირე ძაღლი ყოფილა. ქეთი ორჯონიკიძის ძაღლი გერმანული ჯიშია, იაგდტერიერი. ახლა 6 წლისაა და, როგორც ქეთი ამბობს, ახალგაზრდულად გამოიყურება. მომღერლის სიყვარული შინაური ცხოველების მიმართ ამ ერთი ძაღლით არ შემოიფარგლება. ქეთის სახლში ერთდროულად ოთხი ძაღლიც კი ბინადრობდა. სხვა დანარჩენ ცხოველებზე ჩემი რესპონდენტი თავად გიამბობთ. 
''თათებს ვტკენდი და მოწყენილი ცეკვავდა''.
- ქეთი, რა დამოკიდებულება გაქვს შინაურ ცხოველებთან, ფრინველებთან? 
- მიყვარს სტანდარტული ოთხფეხა შინაური ცხოველები. 
- ოთხზე მეტი ფეხი რომელ ცხოველს აქვს? 

- მწერებს ხომ აქვთ. მაგალითად, ობობებს, ვიღაცებს უყვართ, მე - არა. მყოლია კატა, ზღვის გოჭი, კურდღელი, თევზი არ არის ცხოველი, მაგრამ ისიც მყოლია. იყო პერიოდი, როცა ოთხი ძაღლი ერთად მყავდა: ტოიტერიერი, მეძებარი, პუდელი და კოკერ სპანიელი. ჩემი მეძებარი ეზოში ცხოვრობდა, ჭკვიანი იყო ჯეკა. რასაც მე იმას ვუკეთებდი, არც ერთი ძაღლი არ მოითმენდა. ორ ფეხზე დავაყენებდი და ვეცეკვებოდი. სავარაუდოდ, თათებს ვტკენდი და მოწყენილი ცეკვავდა. ბოლოს სიბერით გარდაიცვალა. პუდელს კოკი ერქვა და ავადმყოფობით გარდაიცვალა. ტოიტერიერი, მაცაცო, ძალიან ცოფიანი იყო. კიდევ მყავდა ტოიტერიერის და პინჩერის ნაჯვარი, შედარებით დიდი და მასაც მაცაცო დავარქვი. ბუბუკაც ტოიტერიერივით გამოიყურება, მაგრამ ეს კიდევ უფრო დიდია. ამისთვისაც მაცაცო უნდა დაგვერქმია, მაგრამ ბოლოს გადავიფიქრე. 
- ყველას მაცაცოს რატომ არქმევდი? 
- დაახლოებით ერთნაირი ჯიში რომ იყო, იმიტომ. ბოლო მაცაცო ტრაგიკულად გარდაიცვალა, მომიწამლეს. მე ამ დროს ლონდონში ვიყავი. იქ არ გამაგებინეს ეს ამბავი. რომ ჩამოვედი, შემოვდგი თუ არა სახლში ფეხი, დედაჩემმა მითხრა, ოთახში ალბა დაგხვდებაო, პასპორტში ჩემს ძაღლს რატომღაც ალბა უწერია. ვერაფრით ვერ მივხვდი, ვინ უნდა ყოფილიყო ალბა. თუ სტუმარია ან ახალი მეზობელი, ოთახში რატომ მალავენ-მეთქი, ვფიქრობდი. შევედი და დამხვდა მუშტის ხელა ლეკვი. მაშინ მივხვდი, რომ მაცაცო აღარ იყო. ვისაც ჰყავს ძაღლი, გამიგებს, რამხელა ტრაგედია იყო ეს ჩემთვის. 
- როგორ გადაიტანე? 
- თავიდან ძალიან გაბრაზებული ვიყავი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ამ ლეკვის ბრალი არაფერი არ იყო და შევიყვარე ბუბუ სკვინჩა. 
- ეს ამდენი ძაღლი გაჩუქეს თუ ყველა შეიძინე? 
- შეიძლება, ცრურწმენაა, მაგრამ მე ვიცი, რომ ჩუქება არ შეიძლება, ამიტომ სიმბოლური თანხა მაინც უნდა გადაიხადო. ძაღლი არა, მაგრამ კურდღელი მაჩუქეს ერთხელ. დეკორატიული კურდღელი მინდოდა, ბაჭია. ჩემმა დაქალმა გადაწყვიტა, სიურპრიზი გაეკეთებინა ჩემთვის და მომიყვანა, თავისი ჭკუით, ბაჭია. ბაჭია კი არა, ბოცვერი იყო, თან ორსული. იმხელა იყო, ხელში რომ ავიყვანე, წიხლი მომარტყა და გადავვარდი. ის თავის ადგილზე დარჩა. მსგავსი კურდღელი არ მინახავს. ჩემს ძაღლზე დიდი იყო. ძაღლი გაიქცა, რომ დაინახა, შეეშინდა. 
- რა ბედი ეწია შენს ორსულ კურდღელს? 
- ორი დღე მყავდა სახლში. მესამე დღეს, როგორც მე შემომტენეს, ზუსტად ისე შევტენე ჩემს ძმაკაცს. კურდღელი არ გინდა, საყვარელი ბაჭია-მეთქი, ვუთხარი. რომ მივუყვანე სახლში ამხელა ძროხა, დაიბნა, მაგრამ უარი ვეღარ მითხრა და დაიტოვა. მერე იმანაც სოფელში გაუშვა. ამხელა კურდღლის ყოლა ბინაში შეუძლებელი იყო, ყეფდა (იცინის). სხვათა შორის, წესიერად იქცეოდა, ჩემს სახლში არც ერთხელ არ მოუსაქმებია, შევიდა თუ არა იმ ბიჭთან, დაულაგა ''ბუკეტები''. 
- შენი ბუბუ რამხელაა? 
- 6 წლის არის, მაგრამ ნახე, რა ახალგაზრდულად გამოიყურება. ძირითადად, ჩემი მშობლები უვლიან, მე უფრო აღმზრდელობითი ფუნქცია მაქვს. ჩემი ეშინია. ეზოში რომ გარბის, ვინც უნდა დაუძახოს, არ მობრუნდება. საკმარისია, ერთხელ დავუყვირო და მოდის. ყველა ძაღლი ასე იყო. მაცაცო რომ გარბოდა, - ''შეშ'' რომ ვეტყოდი, შეშდებოდა, ნახტომშიც რომ ყოფილიყო, იმავე პოზაში ეცემოდა ძირს. მართლა, არ ვხუმრობ. და სანამ არ ვეტყოდი, მოდი-მეთქი, არ დგებოდა. 
- როგორ სჯი, როცა ძაღლი არ გიჯერებს? 
- არ ველაპარაკები, არ ვაჭმევ, არ ვეკონტაქტები. იგნორირება საუკეთესო საშუალებაა. მერე მეტენება, მაგრამ არ ჭრის. ერთი-ორი რბილადაც მომიცხია. ერთი სიტყვით, დემაგოგიური როლი მაქვს ძაღლების აზრდაში. 
- გარეთ არ გაგყავს? 
- ერთხელ, ჩემს ბავშვობაში გავასეირნეთ მე და მამაჩემმა ძაღლი და დავკარგეთ. საყელურის გარეშე გვყავდა და გაიქცა. მოვედით სახლში ყურებჩამოყრილი. დედაჩემმა მაშინვე ჩაიცვა და წავიდა ძაღლის საძებნელად. ვერც იმან ნახა. მეორე დილას ისევ გაგვიშვა მე და მამა საძებნელად. მივედით და ზუსტად იმ საქანელებთან იჯდა, სადაც მე ვიჯექი წინა დღეს. უყურებდა სხვა ბავშვებს, რომლებიც ქანაობდნენ. რომ დამინა
ხა, ტირილი დაიწყო. პირველად ვნახე, ძაღლი ცხარე ცრემლებით ტიროდა... მას მერე არ გამისეირნებია ძაღლი და არც მამაჩემს აღარ გავუსეირნებივარ მე (იცინის)... 
ზოგადად ჩემი და მამაჩემის გასტროლები მთავრდებოდა იმით, რომ ან ხელ-ფეხი მქონდა დაკაწრულ-დაჩეხილი, ან ძაღლი იყო დაკარგული, ან მთელ ფულს, რაც დედამ გაგვატანა, უაზრო თამაშებში ვხარჯავდით. ერთხელ, მახსოვს, დედამ პედაგოგთან ნამცხვარი გაგვატანა. ჩვენ ''მზიურით'' წავედით და ამ ნამცხვრის თრევა რომ გვეზარებოდა, ბუჩქებში დავმალეთ. გავერთეთ, ვიბოდიალეთ, ტირის თოფი ვისროლეთ, მერე მივედით ბუჩქებთან, ავიღეთ ეს ჩვენი ნამცხვარი და წავედით პედაგოგთან (იცინის)... 
ერთი შემთხვევა გამახსენდა კიდევ, რომელიც ხიფათით დამთავრდა. დილის 8 საათზე მქონდა ხოლმე ფორტეპიანოს გაკვეთილი. ერთხელ საღამოს დამინიშნა მასწავლებელმა. მივდივართ მე და დედა გაკვეთილზე. ზამთარია, ნახევრად ბნელა. რატომღაც თვალები მაქვს დახუჭული. დედაჩემი მეუბნება, გაახილე თვალები, თორემ დაეცემიო. მე, რა თქმა უნდა, არ მესმის. უცებ შუბლთან ტკივილს ვგრძნობ, თავში რაღაც შემერჭო. გავახილე თვალი და რას ვხედავ, ფეხსაცმელების შეკეთების ჯიხურზე გამოშვერილ სამკუთხედ რკინას დავერჭე შუბლით. რამეს ხომ არ დაეტაკე, - მესმის დედაჩემის ხმა უკნიდან. რომ გავამხილო, რა მჭირს, დედაჩემის ისტერიკა დაიწყება, ჩემთვის საძულველი ფრაზის გამეორება, - ''ხომ გეუბნებოდი''. ამიტომ გამოვაძრე შუბლი რკინას და გავაგრძელე გზა. წითელი ''შლემი'' მახურავს თავზე. მივდივარ და ვგრძნობ, რომ თავბრუ მესხმის. მოვედი სახლში. გამოჟონა სისხლმა და ''დავიწვი''. მთელი შუბლი მქონდა გადახსნილი. ''შლემი'' რომ მომხადეს, სისხლმა ისე იფეთქა, სამზარეულოში რემონტი გავაკეთეთ. 
- ასე მგონია, საშინელებათა ფილმს მიყვები. 
- ჰო, ყოველთვის ასეთი ხიფათიანი ვიყავი. 
- დღესაც გრძელდება შენი ხიფათიანობა? 
- დალურჯებული მუხლებით აღარ მოვდივარ სახლში, არც გადატყავებული იდაყვებით. სამაგიეროდ, ახლა კენჭები მაქვს თირკმელში. გარეგანი ტრავმები მოვიშორე, ახლა შინაგანი მაწუხებს. 
- ძაღლებს დავუბრუნდეთ. ძირითადად, სუსტი სქესის ძაღლები გყავს. ესწრები ხოლმე მშობიარობას?
- რა თქმა უნდა. ახლახან 3 ლეკვი გავაჩუქეთ. ჩემი ძაღლი გონიერია, ლეკვები რომ გააჩინა, ორი დღის მერე დედაჩემის საწოლში აწვენდა. მიჰყავდა სათითაოდ კბილებით და აწვენდა (იცინის). მოვიდოდა დედა სახლში და საწოლში სიურპრიზი ხვდებოდა. 
- როგორ შეეგუა ახლა უშვილობას? 
- ნელ-ნელა გამოვაცალეთ შვილები. ერთი მაინც გოგო მინდოდა ჰყოლოდა. გოგოს დავიტოვებდი, ამიტომ ერთ-ერთს სასწრაფოდ ვარდისფერი ლენტი გავუკეთე. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩემი ბუბუ სამი ვაჟკაცის დედაა და მომაძრობინეს ვარდისფერი ბანტი, ორიენტაცია არ შეიცვალოსო (იცინის)... სხვათა შორის, დათვებზე მონადირე ძაღლია ჩემი ბუბუ. პირველივე დღეს სანადიროდ რომ წაიყვანეს, მაჩვი მოინადირა, აი, ამ დოლიძეზე გაზრდილმა ძაღლმა. წარმოგიდგენია, სოფელში რომ გაზრდილიყო, რას იზამდა? 
- რა არის მთავარი, რაც შეგიძლია, ძაღლის პატრონებს ურჩიო? 
- მთავარია, ყველამ თავისი ადგილი იცოდეს ოჯახში, მათ შორის ძაღლმა. მე ვიცი ძაღლები, რომლებიც თავიანთ პატრონებს კბენენ. ძაღლი ერთხელ თუ გიკბენს, ის ან უნდა გააჩუქო, ან არ ვიცი... ჩვენ გვყავდა ერთი ძაღლი, რომლის გამოც ერთხელ ჩემს ეზოში 45 წუთი ტურნიკზე ვეკიდე, სანამ ვინმე მოვიდოდა და ძაღლს გაათრევდა იქიდან, რომ ჩემთვის არ ეკბინა. ქვევით დარბოდა პირ-დაღებული და ყეფდა. ის ძაღლი სასწრაფოდ გავაჩუქეთ სოფელში. ლეკვი თამაშის დროს კბილს თუ გამოგდებს, ეს სხვაა, თამაშის დროს შეიძლება, დიდმა ძაღლმაც გამოგდოს კბილი. მე სხვა შემთხვევაზე ვლაპარაკობ, როცა შეგნებულად გიღრენს და გკბენს. 

ნინო მჭედლიშვილი 
ჟურნალი ''რეიტინგი''