ეკა ბესელია თაქთაქიშვილზე: ეს არანორმალური ფსიქიატრიულშია წასაყვანი!

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა ხმაურით წარიმართა. საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდა. ეკა ბესელიასა და ჩიორა თაქთაქიშვილს შორის კამათი სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიშში ასახულ რეკომენდაციებს მოყვა, რომელიც ეხება სასჯელაღსრულების  ერთი დაწესებულებიდან მეორეში პატიმრის გადაყვანას. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გადაყვანის დროს პატიმარს უნდა განემარტოს, თუ რისთვის უცვლიან საპატიმროს.

-ეკა ბესელია: ქალბატონო ჩიორა, თქვენ იყავით თანამონაწილე იმ უბედურების, როდესაც ადამიანებს ფეხქვეშ თელავდნენ...


-ჩიორა თქათაქიშვილი: დაასრულეთ ქალბატონო ეკა, ისტერიკული გამოსვლა!

-ეკა ბესელია: არ გრცხვენიათ მაინც, ამ კომიტეტში რომ იჯექით?

-ჩიორა თაქთაქიშვილი: მე არ ვიჯექი ამ კომიტეტში, გადაამოწმეთ ინფორმაცია... 9 წლის განმავლობაში ქვეყანა ავაშენეთ, ჯარი, პოლიცია...

-ეკა ბესელია: თქვენ შექმენით პოლიცია, რომელიც ხალხს ქუჩაში კლავდა, მკვლელების თანამოაზრე ხართ...

-ჩიორა თაქთაქიშვილი: სწორედ თქვენი რეჟიმის ამოცანაა კრიმინალების დაცვა!

-ეკა ბესელია: კრიმინალები თქვენი გუნდის წევრები არიან. კრიმინალური ბანდის თანამოაზრე იყავით, ადამიანებს აწამებდით და აუპატიურებდით და ტაშს უკრავდით იმ მინისტრს, რომელიც ადამიანებს აწამებდა და აუპატიურებდა...

-ჩიორა თაქთაქიშვილი: ყოველთვის ფეხზე ავუდგები ვანო მერაბიშვილის, ბაჩო ახალაიას მიერ გაკეთებულ  საქმეებს!

-ეკა ბესელია: ეგ არის თქვენი სახე და სტანდარტი ადამიანის უფლებების დაცვის, ქალბატონო ჩიორა!

-ჩიორა თაქთაქიშვილი: თქვენ ბრძანდებით კრიმინალების ადვოკატი!

-ეკა ბესელია: თავად წარმოადგენთ კრიმინალურ ბანდას - მთელი „ნაციონალური მოძრაობა" დიახ, ხართ კრიმინალური ბანდა! რომელ სახალხო დამცველზე საუბრობთ, 7 ნოემბერს რომ  ცემეთ ქუჩაში? ესაა თქვენი სტანდარტი! არანორმალურია ეს ქალბატონი, ფსიქიატრიულშია წასაყვანი!

ბესელიასა და თაქთაქიშვილს შორის დაპირიპირება დასრულდა მას შემდეგ, რაც უმცირესობის წარმომადგენელმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა.