მსოფლიოში აღიარებული უცხოელი პროკურორები თბილისში საქართველოს მთავარი პროკურატურის მოწვევით ჩამოვიდნენ

დღეს, 22 ივლისს, საქართველოს მთავარი პროკურატურის მოწვევით, თბილისში ჩამოვიდა მსოფლიოში აღიარებული სისხლის სამართლის პრაქტიკოსი სპეციალისტების ჯგუფი. მოწვეული სტუმრები არიან ყოფილი პროკურორები, რომლებსაც წარსულში ეკავათ მაღალი თანამდებობები საკუთარი ქვეყნების სამართლადამცავ ორგანოებში, უძღვებოდნენ ყოფილი სახელმწიფო მოხელეების გახმაურებულ საქმეებს, ასევე აქტიურად იყვნენ ჩართული საერთაშორისო ტრიბუნალების საქმიანობაში.

მთავარი პროკურატურა გეგმავს, რომ მოწვეული სპეციალისტებისგან დააკომპლექტოს კონსულტანტთა ჯგუფი, რათა მაქსიმალურად იქნას გაზიარებული მათი გამოცდილება და გათვალისწინებულ იქნას რეკომენდაციები. ეს მნიშვნელოვანია მაღალი თანამდებობის პირების საქმეების გამოძიების წარმოების და პროცესის გამჭვირვალობის საერთაშორისო სტანდარტების ამაღლებისათვის. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს საქართველოს პროკურატურის ახალ, განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლას.

მოწვეული სპეციალისტების ჯგუფს წარმოადგენენ:

სერ ჯეფრი ნაისი  (Sir Geoffrey Nice)  - 1998-2006 წლებში იყო იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის მოადგილე და პირადად უძღვებოდა სერბეთის ყოფილი პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის საქმეს. ნაისი, სერ დეზმონდ დე სილვასა და დევიდ კრეინთან ერთად,  არის 2014 წელს გამოცემული საერთაშორისო ანგარიშის ავტორი, რომელიც სირიაში დაკავებულთა წამებისა და სიკვდილით დასჯის ფაქტებს ეხება. ამჟამად ის პერიოდულად მუშაობს მოსამართლედ და ლონდონის გრეშამის კოლეჯის სამართლის პროფესორია;

მოშე ლადორი (Moshe Lador) -  იყო ისრაელის სახელმწიფო პროკურორი 2013 წლის ბოლომდე. თანამდებობაზე  ყოფნისას ის ზედამხედველობდა არაერთი პოლიტიკოსის წინააღმდეგ აღძრულ და გამოძიებულ საქმეებს, რომელთა შორისაც იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრის ეჰუდ ოლმერტის საქმეც. ამ თანამდებობის დაკავებამდე მოშე ლადორი იყო იერუსალიმის მთავარი პროკურორი;

პოლ კაფი  (Paul Coffey) -  ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების ყოფილი დირექტორი. საჯარო სამსახურიდან წასვლის შემდეგ, ის გაეროს მისიით  იმყოფებოდა კოსოვოში. პოლ კაფი აქტიურად მონაწილეობდა კოსოვოს იუსტიციის სისტემის რეფორმაში, ასევე ზედამხედველობდა გაეროს მიერ კოსოვოში წარმოებულ ყველა საქმეს, მათ შორის, ომის დანაშაულებათა გამოძიებას. 

უმაღლეს კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმთან ერთად, მოწვეული ექსპერტები სარგებლობენ მაღალი რეპუტაციითა და აღიარებით პროფესიულ წრეებში, როგორც მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი პროფესიონალები.

სამუშაო პროცესში მოწვეული სპეციალისტების ჩართულობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართველი პროკურორების პროფესიულ წინსვლას, თვით პროკურატურის ორგანიზაციულ და სისტემურ ოპტიმიზაცია-განვითარებას, ასევე სხვა ქვეყნების პროკურატურებთან ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას.

ჩვენი მიზანია, უცხოელმა სპეციალისტებმა მთავარი პროკურატურის თანამშრომლებს გაუზიარონ ცოდნა და საერთაშორისო პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება ამ სფეროში ათწლეულების განმავლობაში მიღებულ გამოცდილებას, მათ შორის, გამოძიების წარმოების, საპროკურორო ზედამხედველობისა და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის კუთხით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, უცხოელი სპეციალისტების საქმიანობა საქართველოში ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურ გავლენას მოახდენს ზოგადად, სამართალწარმოების პროცესზე; ამავე დროს, ის ხელს შეუწყობს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენისაკენ მიმართული ძალისხმევისადმი ნდობის ამაღლებას ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ.



http://pog.gov.ge/