ვინ აფინანსებს ჯაბა ქარსელაძის ძვირადღირებულ ცხოვრებას საფრანგეთში და აპირებს თუ არა მომღერალი პოლიტიკაში მოსვლას

მომღერალი ჯაბა ქარსელაძე უკვე წლებია საზღვარგარეთ ცხოვრობს. სიმღერას თავი დაანება და მთელ დროს სწავლას უთმობს. ახლა პარიზის პრესტიჟულ ბიზნესსკოლაში დოქტორანტურაში სწავლობს. ქარსელაძე თბილისში სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.

- ამჟამად ვარ პარიზში, ვსწავლობ დოქტორანტურაში, დისერტაცია უნდა დავიცვა, შევარჩიე თემა "ბიზნესგარემო საქართველოში". ვფიქრობ, უფრო ადვილად შევძლებ საქართველოში ინფორმაციის მოპოვებას ბიზნესის გარემოს შესახებ. მგონი, ამ თემაზე დისერტაცია არავის დაუცვია და საინტერესო იქნება. რაღაც წლები, რომ გავა, იმედია დავბრუნდები საქართველოში და აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე ამ თემის გაკეთება, კიდევ უფრო მეტი ინვესტორი რომ მოვიზიდოთ.
ბევრმა ინვესტორმა არ იცის საქართველოს შესახებ, ჯერ კიდევ რუსეთის ტერიტორია ვგონივართ. თუ გავიხსნებთ ათი წლის წინანდელ დროს, ბევრი ბრენდი არ იყო საქართველოში. დღეს კი ბევრი მსოფლიო ბრენდია შემოსული ქვეყანაში, წარმატებული ბიზნესგარემო რომ არ გვქონდეს, არ შემოვიდოდა ეს ბრენდები. უბრალოდ, ვთვლი, რომ დასახვეწი და გასამართია რაღაცეები და სწორედ ჩემს ხედვას დავამატებ ჩემს სადისერტაციო ნაშრომში. თითქმის ყველა საერთაშორისოდ აღარებული სასტუმრო შემოსულია. ჩემი აზრით, რაღაცეები დასახვეწია, როგორ შეიძლება უკეთესი გახდეს, თუნდაც გადასახადების შემცირებით და ა.შ. ამავე დროს, ვმუშაობ წიგნზე, რომელიც იქნება სახელმძღვანელო იმ სტუდენტებისთვის, ვინც ფინანსებით არის დაინტერესებული.

– ამ კუთხით, რას ურჩევ მთავრობას?
– ამ ეტაპზე რჩევის მიცემა რთულია, რადგან გარდამავალ პერიოდში ვართ. რაც ვნახე და მომეწონა, თავისუფლად ხდება ინვესტიცების შემოსვლა. ზოგ ქვეყნებში როცა ინვესტიციების შეტანა გინდა, დიდი გადასახადებია დაწესებული, მაგალითად, ავიღოთ აზია, ავტომობილი გასაყიდად რომ გაიყვანო, განბაჟების 100 % უნდა გადაიხადო. ბევრი ამბობს ასოცირების ხელშეკრულება რაში გამოგვადგებაო, პირველი, რაც მოვიძიე და გამეხარდა არის ის, რომ ჩვენ მალე შევძლებთ თავისუფალ ვაჭრობას ევროპასთან. დარწმუნებული ვარ, მეტი კომპანია შემოვა. პირადად ვიცნობ ბევრ ადამიანს, ვისაც შემოტანა უნდა რაღაცის ქვეყანაში, მაგრამ რადგან არ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა, უარს ამბობენ, იმედი მაქვს განვვითარდებით. ევროკავშირში შესვლა ბევრს ვიზების გამარტვება ჰგონია, მგონი ეს ყველაზე უმნიშვნელოა. კოდექსებში და სამართალში ვერ ვერკვევი, მაგრამ ჩვენ მათ შორის მეც, თუ არ ვისწავლე სხვა ადამიანის პატივისცემა თავისი რწმენის და სხვა რამის მიუხედავად, პატივი თუ არ ვეცით და გავრიყეთ, რა ევროკავშირზეა საუბარი? ჩვენთან სამწუხაროდ ცუდი ტენდენციაა, ხალხი ორნაწილად არის გაყოფილი და ხოცავენ ერთმანეთს. ევროპაში 5 პარტიაა, მაგრამ არავინ არ ჭამს ერთმანეთს. თუ არ მივუჩინეთ პოლიტიკას თავისი, კულტურას თავისი ადგილი, ისე ევროკავშირში შესვლას აზრი არ აქვს. ძალიან მინდა ვიხილო ჩემი ქვეყანა ევროკავშირში, მაგრამ მართლა ბევრი გამოცდა გვაქვს ჩასაბარებელი, ევროკავშირში შესვლა არაფერს მოგვცემს. არ მგონია, ასე მარტივი იყოს. ბევრი რაღაც გვაქვს თუნდაც ბიზნესის მხრივ დასალაგებელი. ევროკვშირში ყოფნა პასუხისმგებლობაა და ბევრ რაღაცაზე უნდა დაფიქრდეს ადამიანი. ჩავიხედე ფრანგულ პოლიტიკაში და საინტერესოა, პარალელებს რომ ვავლებ, ვხვდები, რა ჯანსაღია იქაური პოლიტიკა, კი ბატონო, უნდა იყოს პოზიცია და ოპოზიცია, მაგრამ ადამიანებმა ერთმანეთი არ უნდა ჩადონ მიწაში. პარიზში ცხოვრებით ვრწმუნდები, რომ ადამიანობის ფასი არაფერი არ არის. 

სხვადასხვა სოციალური ფენის მეგობარი მყავს, მე პროფესიით ფინანსისტი ვარ, წიგნს რომ გადაშლი, წერია რომ ფული არის მეფე, მაგრამ ასე არ არის. მყავს ძალიან მდიდარი მეგობრები, მაგრამ არ არიან ბედნიერები. ფული საჭიროა არსებობისთვის, მაგრამ თუ ადამიანური ურთიერთობები არ გაქვს, აზრი არ აქვს ამას. თბილისში სხვანაირად ვუყურებდი ყველაფერს, მაგრამ რაც საქართველოდან წავედი, სხვანაირად ვუყურებ.

– ბედნიერი ხარ?
– კი, მარტო იმიტომ, რომ ვარ ჯანმრთელი. როცა ქუჩაში ვხედავ ინვალიდებს, მადლობას ვეუბნები ღმერთს, ხომ შეიძლება მეც ისეთი დავბადებულიყავი? ვთვლი, რომ ბედნიერი ადამიანი ვარ, რადგან ჯანმრთელი ვარ. როგორ შეიძლება ბოლომდე ბედნიერი იყოს ადამიანი? არანაირი სურვილი და ოცნება არ ექნება. რთულია მოწყდე ყოველდღიურ ცხოვრებას და წახვიდე აქედან მარტო, მაგრამ ეს გაძლიერებს შემდეგ. ამბობენ უცხოეთში წასულები ჟმოტდებიანო, უბრალოდ ფულის ფასს ვსწავლობთ. ადრე შემეძლო 300 ევრო მიმეცა ფეხსაცმელში, დღეს ამას არ გავაკეთებ, ადრე შეიძლება მეგონა, რომ არმანი ან სხვა ბრენდი უნდა გცმოდა, მაგრამ ახლა ასე არ ვფიქრობ. თავად ვქმნი მოდას, არ ვიცოდი არც საჭმლის გაკეთება, არც დალაგება, აბაზანის გახეხვა, სამზარეულოს დალაგება, უკვე ყველაფერი ვისწავლე. შორიდან ყველაფერი კარგად ჩანს, მაგრამ ბევრი სტრესი მაქვს გამოვლილი, თან პარიზიც სტრესული ქალაქია. თუნდაც იმიტომ, რომ პირადი არ მაქვს აწყობილი. სერიოზული პარტნიორის ყოლა სამსახურის ტოლფასია, თან კარიერისტი ვარ და ვერ ვუთავსებ ერთმანეთს. ევროპაში რთულია მეგობრის პოვნაც კი. ალბათ, ცხოვრებამ მოიტანა, აღარ გენდობიან. მით უმეტეს, რომ გაიგებენ ქართველი ხარ. ჩეხეთში ერთი წელი ველოდი საბუთებს. არც არალეგალი ვიყავი, არც ლეგალი და საბუთებს არ მაძლევდნენ. პირდაპირ მითხრეს, სხვა ერის წარმომადგენელი რომ იყოთ მაქსიმუმ ორ თვეში მოგცემდით საბუთებსო, მერე მივწერე გიჩივლებ-თქო და გავხდი რეზიდენტი. 

– ვინ აფინანსებს შენს ცხოვრებას ევროპაში?
– ძალიან ძვირადღირებულ სასწავლებელში ვსწავლობ. ამერიკა მაფინანსებს. ყველაზე პატარა ვარ, მაგრამ ყველა მიცნობს, რადგან ბევრ კითხვას ვსვამ. უამრავი წარმატებული ბიზნესმენი სწავლობს ჩემთან, კერძო და დახურული ბიზნეს სკოლაა. 4 წლის წინ გავგზავნე საბუთები, მაგრამ ასაკის გამო არ დამაფინანსეს და მეორედ როცა გავგზავნე, დამაფინანსეს. ამიტომაც დავთანხმდი დოქტორანტურაში სწავლას. 

– პოლიტიკაში მოსვლას ხომ არ აპირებ?
– არ მინდა პოლიტიკაში მოსვლა, მაგრამ აუცილებლად გავაკეთებდი საკონსულტაციო ცენტრს, ერთი წლის წინ არასამთავრობო გავაკეთე. "დაცვა და ზრუნვა" ასე ჰქვია ჩემს არასამთავრობო ორგანიზაციას. სოციალურ პროექტებზე მინდა მუშაობა. ჯერ არაფერს ვაკეთებთ, მაგრამ ყოველთვის შეიძლება კარგი მიზნებისთვის გამოყენება. შეიძლება ვიღაცას გაეცინოს, მაგრამ 21-ე საუკუნეში პრეზერვატივში ფულს არ უნდა იხდიდეს ახალგაზრდა, არ ხდება უსაფრთხო სექსის პროპაგანდა, არ არის აღწერილი ზუსტად რამდენია შიდსით ან ცე ჰეპატიტით დაავადებული ადამიანი საქართველოში. ბევრმა არ იცის, როგორ უნდა დაავადდე ამით, არ არიან ქართველები ინფორმირებული ამ მხრივ. ჩეხეთშიც ცოტა ხნის წინ გაიხსნა ცენტრი, სადაც ხდება ინფორმირება უსაფრთხო სექსზე. მსგავს რამეს დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი. 

– ბინის ქირას ვინ გიხდის?
– ბინის ნაწილს სახელმწიფო მიფინანსებს. რადგან ჩეხეთის რეზიდენტი ვარ, ვმუშაობ ნახევარ განაკვეთზე. ჩვენთან იყო ასეთი ტენდენცია, თუ უცხოელი იყავი, მეტი პრიორიტეტი გენიჭებოდა, ჩვენ კი მათთვის მესამე ქვეყანა ვართ. როგორც ქვეყანამ, პირველ რიგში, შენი ქვეყნის მოქალაქეზე უნდა გააკეთო აქცენტი. 

– დაბრუნებას როდის აპირებ საქართველოში?
– ყველას თავისი ქვეყანა აქვს. უცხოეთში ვერადროს ვიქნებით ისე, როგორც ჩვენს ქვეყანაში. მაგრამ თუ გავიდა წლები და ვერ დავინახე ბევრ რამეში ცვლილება, ვერ დავბრუნდები საქართველოში.

თამარ ბოჭორიშვილი



ambebi.ge