ალექსანდრე ელისაშვილი: სააკაშვილის დროსაც კი, ოპოზიციას ზრდილობის გულისთვის, რამე თანამდებობას შესთავაზებდნენ

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებით, სააკაშვილის დროსაც კი, ოპოზიციას ზრდილობის გულისთვის, რაიმე თანამდებობას შესთავაზებდნენ.

„წინასწარ ვიცოდით, რომ ასე მოხდებოდა. დღევანდელი გადაწყვეტილებით „ქართულმა ოცნებამ" ძალიან ცუდი პოლიტიკური კულტურა გამოავლინა. სააკაშვილის დროსაც კი ოპოზიციას დეკორატიულად და  ზრდილობის გულისთვისაც კი რაიმე თანამდებობას შესთავაზებდნენ ხოლმე და დღეს,
„ქართულმა ოცნებამ" თანამდებობები 100%-ით აიღო. „ქართულ ოცნებას" არჩევნები 100%-ით არ მოუგია შესაბამისად უფრო მართებული და საქმისთვის უკეთესი იქნებოდა, რომ თუნდაც სარევიზიო კომისია ოპოზიციისთვის შეეთავაზებინათ. ჩემს თავზე არ ვსაუბრობ, რევიზიის არაფერი გამეგება, ამის ამბიციაც არ მაქვს. დასანანია და ძალიან ცუდია ეს, პირველ რიგში თავად „ქართული ოცნებისთვის", ზოგადად ქალაქისთვის, როდესაც საკრებულოში წამყვანი ძალა ასე იწყებს საქმიანობას", - აღნიშნა ელისაშვილმა.


ელისაშვილის თქმით, ერთპიროვნული გადაწყვეტილებები მაინც იქნება თავიდან აცილებული, რადგან ქალაქი ისეთი სირთულის პრობლემების წინაშე დგას, სადაც მარტო „ქართული ოცნების" იდეები ვერ გავა.