„ალასანიას გარკვეული ურთიერთობა ჰქონდა ბოკერიასთან და ხვდებოდა მას კიდეც“

„ირაკლი ალასანიას გარკვეული ურთიერთობა ჰქონდა გიგა ბოკერიასთან და ხვდებოდა კიდეც მას“, – აღნიშნული განცხადება პოლიტოლოგმა მამუკა არეშიძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა. არეშიძის განცხადებით, ირაკლი ალასანიას გარკვეული პოლიტიკური მოძრაობები ახასიათებდა, რომელიც ხშირ შემთხვევაში კოალიციის პოლიტიკის ჩარჩოში არ ჯდებოდა.

პოლიტოლოგი ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრის პოსტზე საქმიანობის საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც ირაკლი ალასანია მთავრობასთან შეუთანხმებლად იღებდა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.
„ირაკლი ალასანიას გარკვეული ურთიერთობა ჰქონდა გიგა ბოკერიასთან და ხვდებოდა კიდეც მას მაშინ, როდესაც ის იყო უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე, ახლაც ვიცი, თუმცა ზუსტად რა ინტენსივობით ჰქონდათ შეხვედრები, არ ვიცი. რბილად რომ ვთქვათ, ირაკლი ალასანიას ახასიათებდა გარკვეული პოლიტიკური მოძრაობები, რომელიც ხშირ შემთხვევაში არ ჯდებოდა კოალიციის პოლიტიკის ჩარჩოში. ირაკლი ალასანიას სახელს უკავშირდება ორი ამბავი, პირველია ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განლაგებაზე განცხადება და მეორე იყო სირიელი მეამბოხეების ბაზების განთავსება საქართველოში, რამდენადაც ვიცი, არცერთი მათგანი არ იყო შეთანხმებული ხელისუფლებასთან. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ორივე მხარე შეგნებულად მიდოდა კონფრონტაციისკენ “, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.


http://kvira.ge/