«Lragir»: ალექსანდრ ლუკაშენკოს სენსაციური პასაჟი: სომხეთის ნაცვლად, იგი საქართველოში ჩადის

ნაირა აირუმიანი, მიმომხილველი


(შემოკლებით)


ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო 22-24 აპრილს ოფიციალური ვიზიტით მოემგზავრება... არა, სომხეთში კი არა, საქართველოში. თანაც საინტერესო ისიცაა, რომ 24 აპრილს „ბატკა" ბათუმშიც ჩადის და, როგორც ამბობენ, აჭარის ავტონომიის ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობის რაღაც დოკუმენტებს გააფორმებს.



არადა, სწორედ 24 აპრილს ერევანში მინიმუმ ოთხი ქვეყნის - რუსეთის, საფრანგეთის, სერბეთის და კვიპროსის პრეზიდენტები ჩამოდიან, სომეხთა გენოციდის 100 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად. სამწუხაროდ, ბელარუსი, ისევე როგორც საქართველო, გენოციდს არ აღიარებს. ჰოდა, ამ ორი ქვეყნის ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, 24 აპრილს ორმხრივი ურთიერთობები განევითარებინათ.


კიდევ კარგი, რომ ალექსანდრ ლუკაშენკო 24 აპრილს თურქეთში არ ჩადის და გალიპოლის ბრძოლაში თურქეთის გამარჯვების 100 წლისთავის აღსანიშნავ ზეიმში არ იღებს მონაწილეობას. ამაზედაც დიდი მადლობა „ბატკას".


(შენიშვნა: გალიპოლის ბრძოლა 1915 წლის მარტ-აპრილში მოხდა, პირველი მსოფლიო ომის დროს, ერთი მხრივ - დიდ ბრიტანეთს [ანტანტას] და მეორე მხრივ - ოსმალეთის იმპერიას შორის. სისხლისმღვრელი ბრძოლა ოსმალეთის გამარჯვებით დასრულდა. თურქეთის მთავრობის  გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს გალიპოლის ბრძოლის 100 წლისთავი 24 აპრილს  ზეიმით აღინიშნება, თუმცა რეჯეპ ერდოღანის მიწვევას უცხოეთის ქვეყნების ლიდერებმა უარით უპასუხეს - ს.კ.).


უნიკალური სიტუაციაა: 24 აპრილმა ბევრი ქვეყნის არჩევანი გვაჩვენა. მაგალითად, ნურსულთან ნაზარბაევმა ვადამდელი არჩევნების მომზადება მოიმიზეზა (26 აპრილს უნდა გაიმართოს და ვერ გეწვევითო), ვლადიმირ პუტინი კი მოდის, რადგან მას არ სურს, კავკასიაში სომხეთის სახით უკანასკნელი დასაყრდენი დაკარგოს.


(...)


მაგრამ ალექსანდრ ლუკაშენკო, როგორც ყოველთვის, სხვებზე მეტად ორიგინალური აღმოჩნდა - იგი სომხეთში არ ჩამოვა, რათა გენოციდის აღიარება არ მოუწიოს და ვლადიმირ პუტინის გვერდით არ დადგეს, სამაგიეროდ, იგი მიდის საქართველოში, რათა რუსეთისაგან დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დემონსტრირება მოახდინოს.


სხვათაშორის, ალექსანდრ ლუკაშენკო არც 9 მაისის გამარჯვების აღლუმს დაესწრება მოსკოვში და განაცხადა, რომ მას თავისი ქვეყანა აქვს, თავისი გამარჯვება და თავისი აღლუმი. ახლა იგი დემონსტრაციულად მიდის საქართველოში, რომელთანაც რუსეთს უკვე ხუთ წელზე მეტია დიპლომატიური ურთიერთობა არ გააჩნია. 8 მაისს კი მოსკოვში ევრაზიული კავშირის სამიტი უნდა გაიმართოს, სადაც სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანიცაა მიწვეული.