"კურიერის" ინფორმაციით შალვა აბულაძე დაკავებულია

"კურიერის" ინფორმაციით პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი შალვა აბულაძე დაკავებულია. პოლიცია მას კვირაზე მეტ ხანს ეძებდა.

შალვა აბულაძე ბორჯომში ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში დააკავეს. "კურიერის" ჟურნალისტის ინფორმაციით, ბორჯომში საპატრულო პოლიციაა მობილიზებული და სპეცოპერაცია მიმდინარეობს. აყვანის სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს აბულაძის და სალომე აბულაძე.


დაკავების შესახებ ოფიციალურ განმარტებას არ აკეთებენ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურაში. დაკავების შესახებ ინფორმაცია არ აქვს არც ეჭვმიტანილის სახაზინო ადვოკატს.

აბულაძეს, სავარაუდოდ, დღეს ოფიციალურად წარუდგენენ ბრალს და სასამართლო დღესვე შეუფარდებს აღკვეთის ღონისძიებას.

შალვა აბულაძეს ბრალად ედება ორი პოლიციელის მკვლელობა. თავდასხმის ბოლო შემთხვევა 4 აპრილს თბილისში მოხდა. ვარკეთილში ის ორმა პოლიციელმა გადამოწმების მიზნით გააჩერა, რა დროსაც აბულაძემ ცეცხლი გახსნა. შედეგად დაიღუპა პოლიციელი ბექა მარგიშვილი. დაიჭრა მეორე პოლიციელი ვალერიან გრძელიშვილი.