რუსები მარსსაც დაიკავებენ!

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის აზრით, პერსპექტივაში რუსეთი ევროკავშირის და ნატო-ს წევრი გახდება. ამის შესახებ ივანიშვილი რადიო "თავისუფლებასთან" ინტერვიუში აცხადებს და მიიჩნევს, რომ გლობალურ პოლიტიკაში ყველაფერი იცვლება.

"ჩემი აზრით, ახლოში არა, მაგრამ შორეულ პერსპექტივაში რუსეთი ევროკავშირის წევრიც გახდება (ვერსად ვერ წავა, ახლოს არიან და ქვეყნებს ერთმანეთი სჭირდებათ), ნატო-ს წევრიც გახდება და ახლო მეგობარი გახდება ამერიკის... ყველაფერი იცვლება გლობალურ პოლიტიკაში, დღევანდელი მტრები ხვალ მეგობრები არიან და პირიქით. აბა, ნახეთ - რუსეთი და გერმანია დღეს საუკეთესოდ მეგობრობენ. აბა ნახეთ, რამდენი წელიწადი გავიდა? და როგორი სიტუაცია იყო - მსოფლიო ომი და როგორი ომი თანაც", - განმარტავს პრემიერი.
რაც შეეხება კორესპონდენტის კითხვას საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილის თქმით, ეს მხოლოდ შესწავლის შემდეგ, მაშინაა შესაძლებელი, როცა დაინახავ, რომ აღნიშნული გაერთიანება საეჭვო აღარაა და ქვეყნისთვის მხოლოდ საინტერესო და სასარგებლოა.
"მე არასდროს არ გავხდი ჩვენს ქვეყანას საცდელად და გამოსაცდელად! ჩვენ უნდა დარწმუნებულნი ვიყოთ, რა გვინდა ჩვენ და რას ვაკეთებთ. შესაბამისად, ჩვენ ვუყურებთ, თვალყურს ვადევნებთ და ვსწავლობთ, თუ რა არის ეს (ევრაზიული კავშირი) და რას ნიშნავს ეს ყველაფერი", - აღნიშნა ივანიშვილმა რადიო "თავისუფლების" ჟურნალისტ კობა ლიკლიკაძესთან საუბრისას.