განო მელითაური განცხადებას აკეთებს: "უკანასკნელ ძალას ვიკრებ, რომ ეს სიტყვები თქვენამდე მოვიტანო"

მსახიობ კოტე თოლორდავას ქვრივი რეჟისორი განო მელითაური ადამიანებს, რომლებსაც სურვილი აქვთ, რომ მას ფინანსურად დაეხმარონ, განცხადებით პასუხობს, სადაც აღნიშნავს, რომ თანხების გადარიცხვა უხერხულ მდგომარეობაში აყენებს.

"მართლა უკანასკნელ ძალას ვიკრებ, რომ ეს სიტყვები თქვენამდე მოვიტანო! გამიხარდება, თუ ბოლომდე ჩაიკითხავთ და პოზაში არ ჩამომართმევთ!


ჩემი და კოტეს არაჩვეულებრივი მეგობრების კეთილი სურვილებისა და ინიციატივების შედეგად მომივიდა ხმები, რომ აქ გავრცელდა ჩემი ანგარიშის ნომერი. დილიდან მომდის სმს-ები "თქვენ ჩაგერიცხათ "ენ" თანხა". თუ ოდნავ მაინც გული შეგტკივათ ჩემს სიტუაციაზე, ფიზიკურ პირებს გეხებათ განსაკუთრებით, გთხოვთ შეწყვიტოთ თანხების გადმორიცხვა, რადგან ძალიან უხერხულ მდგომარეობაში მაყენებთ!

გასაგებია ჩვენი ფინანსური პრობლემები, ბინის სესხი და ასე შემდეგ, მაგრამ თქვენ, ჩემო მეგობრებო, უცნობებო, ნაცნობებო, საერთოდ არ ხართ ვალდებულები თუნდაც ის 5 ლარი მოიკლოთ. მართლა მთელი არსებით ვაფასებ თქვენს თანადგომას, გაღებას და გულისტკივილს, თუმცა იგივე თანხები სხვა ჩემზე გაჭირვებულ თუნდაც ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვებს შეგვიძლია გადავურიცხოთ. მე მართლა მაქვს იმედი, რომ გამოჩნდებიან

კომპანიები, განსაკუთრებით ბანკი, რომლის სესხიც მაქვს ამჟამად, ისინი თითოეულ თქვენგანზე მეტად არიან ფინანსურად მყარად და შეუძლიათ ჩემი ამ საშინელი მდგომარეობიდან გამოყვანა.

უღრმესი მადლობა მამუკა ხაზარაძეს, რომელმაც პირველმა გამოიჩინა ინიციატივა და ამხელა თანადგომა გამომიცხადა. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, მან ჩემი პირველი ფილმის პროექტიც დააფინანსა.

უღრმესი მადლობა ბატონ დავით ნარმანიას და თბილისის მერიას, ასევე კულტურის სამინისტროს.

მიყვარხართ ყველანი ძალიან და ბოდიშით, თუ ამ აურაცხელ წერილებს ვერ ვპასუხობ.
არ განვეკუთვნებით არც მე და არც კოტე იმ ადამიანების რიცხვს, ვისაც ხალხის ამხელა სიყვარული გააღიზიანებს.

ამ საშინელ წუთებშიც კი, მინდა იცოდეთ - მე ვიგრძენი თითოეული თქვენგანის თანამონაწილეობა, გულწრფელობა და დადებითი ემოცია, რომელიც ვერ გადამარჩენს, მაგრამ გადამაგორებინებს იმ აუტანელ პერიოდს, სანამ უზენაესი გადაწყვიტავს, კოტეს სამუდამოდ შემახვედროს!", - წერს განო მელითაური.