ღარიბაშვილი პრეზიდენტზე: "მე რომ მის ადგილზე ვიყო, გადავიდოდი ათონელის რეზიდენციაში"

"საქართველოში დღეს არ არის ადეკვატური სიტუაცია, რომ ჩვენ მივცეთ თავს უფლება, ნახევარ მილიარდიან სასახლეებში ვიცხოვროთ, მაშინ, როდესაც მოსახლეობის ნახევარზე მეტი გაჭირვებულია", _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ათონელის რეზიდენციასთან დაკავშირებული კითხვის კომენტირებისას განუცხადა.


პრემიერის განმარტებით, ავლაბრის რეზიდენციაში დარჩება თუ ათონელზე გადავა, პრეზიდენტის გადასაწყვეტია.

მთავრობის მეთაურისთვის მიუღებელია საუბარი იძულებით გადაყვანასთან დაკავშირებით, რადგან მიიჩნევს, რომ ეს პრეზიდენტის ინსტიტუტს აკნინებს და შეურაცხყოფს.

"ყველას გთხოვთ, არ შეიძლება, ასე ვისაუბროთ დღეს პრეზიდენტის ინსტიტუტზე, რომ იძულების წესით მოხდება მისი გადმოყვანა. არავითარ შემთხვევაში. ეს იყო პრეზიდენტის გადაწყვეტილება, როდესაც გადავიდა სააკაშვილის მიერ აშენებულ ნახევარ მილიარდიან სასახლეში.

მე ამას არ გავაკეთებდი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მხრიდან, მათ შორის პრეზიდენტის მხრიდან, ამ სასახლის მიმართ ყოველთვის იყო უკიდურესად ნეგატიური დამოკიდებულება. აქედან გამომდინარე დავიწყეთ ათონელის რეზიდენციის რემონტი, რომელშიც 28 მილიონი დაიხარჯა. მე რომ მის ადგილზე ვიყო, გადავიდოდი ათონელის რეზიდენციაში, თუმცა ეს არის პრეზიდენტის გადასაწყვეტი", _ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.