კარლო კოპალიანი გიგი წერეთელს: ნარკოტიკების მომხმარებლებში ყოფილი პრეზიდენტი თუ შედის?

პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტის სხდომა კამათის ფონზე მიმდინარეობდა, სადაც დეპუტატები ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს უსმენენ. კამათის საგანი წინა ხელისუფლებისა და ამჟამინდელი ხელისუფლების ჯანდაცვის სფეროში არსებული ვითარება გახდა. ყურადღება ნარკომანიის პრობლემაზე გამახვილდა.


„ნაციონალური მოძრაობის” წევრის გიგი წერეთელის მტკიცებით, ქვეყანაში ნარკოტიკების მომხმარებლთა რიცხვი იგივეა, უბრალოდ, ახლა სხვა ნარკოტიკულ საშუალებებს მოიხმარენ. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი შემცირებულია.

კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა გიგი წერეთელმა და განაცხადა, რომ შემდგომ პარლამენტში დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლების ადგილას სხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები იქნებიან.

გიგი წერეთელს სხდომათა დარბაზის დატოვების დროს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კარლო კოპალიანმა ჰკითხა – წინა ხელისუფლების დროს ნარკოტიკების მომხმარებლებში ხომ არ გულისხმობდა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც.