პანკისის სკოლიდან წაყვანილი ბავშვები ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოში“ [Photo - ექსკლუზივი]

16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილი და 18 წლის რამზან ბაღაკაშვილი პანკისის ხეობიდან სირიაში 2 აპრილს წაიყვანეს. ფოტოზე, რომელიც კახეთის საინფორმაციო ცენტრმა მოიპოვა, სწორედ ისინი არიან აღბეჭდილები ტერორისტულ ორგანიზაციად წოდებული „ისლამური სახელმწიფოს“ დროშის ფონზე. არსებული ინფორმაციით, საქართველოდან სირიაში გაგზავნილი სკოლის მოსწავლეები ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ–ერთი ლიდერის, თარხან ბათირაშვილის დაჯგუფებაში არიან.


მუსლიმ კუშტანაშვილი და რამზან ბაღაკაშვილი ჯერ კიდევ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა სიაში ირიცხებიან. მუსლიმი მე–10, რამზანი კი მე–11 კლასში სწავლობდა. ისინი პანკისის ხეობის სოფელ დუმასტურში ცხოვრობდნენ.

ბავშვები ბოლო პერიოდში გაკვეთილებს რომ აცდენდნენ და სასწავლო პროცესის დროს სკოლის წინ მდებარე მეჩეთში იმყოფებოდნენ, მასწავლებლებმა მათი ოჯახის წევრებს მხოლოდ მას შემდეგ უთხრეს, რაც ცნობილი გახდა, რომ ისინი პანკისიდან სირიაში, ომში წავიდნენ.

საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს მოქალაქე საქართველოდან დროებით გადის და საქართველოში შემოდის საქართველოს პასპორტით ან საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობითა ან პასპორტის შემცვლელი სხვა სამგზავრო დოკუმენტებით.

16-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი, თუ იგი არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, საქართველოდან დროებით გადის საქართველოს პასპორტით და მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენელის ნოტარიულად დამოწმებული ნებართვით - ქვეყნიდან გასვლის შესახებ.

მუსლიმ კუშტანაშვილის მშობლები ამინათ წინწალაშვილი და გივი კუშტანაშვილი ამბობენ, რომ მათ შვილისთვის არანაირი ნებართვა არ მიუციათ და არაფერი იცოდნენ იმის შესახებ, ბავშვი სირიაში წასვლას თუ აპირებდა.



როგორ მოახერხა არასრულწლოვანმა მუსლიმ კუშტანაშვილმა საქართველოდან გასვლა?

2 აპრილს, მშობლებმა შვილების ძებნა რომ დაიწყეს და ახმეტის პოლიციის დუისის ქვეგანყოფილებას მიმართეს, მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით პოლიციაში უთხრეს, რომ მუსლიმ კუშტანაშვილი და რამზან ბაღაკაშვილი, იმ დღეს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით, თურქეთში გაფრინდნენ.

მუსლიმ კუშტანაშვილის მამამ, გივი კუშტანაშვილმა 6 აპრილს წერილობით მიმართა შს სამინისტროს და მოითხოვა ინფორმაცია, საქართველოდან გასვლისას მის არასრულწლოვან შვილს ჰქონდა თუ არა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა. გივი კუშტანაშვილს მოთხოვნილი ინფორმაცია ამ დრომდე არ მიუღია.

მანვე განცხადებით მიმართა იუსტიციის სამინისტროს და მოითხოვა ინფორმაცია, მისი კუთვნილი პასპორტით, რომელიც სახლიდან დაიკარგა, არის თუ არა საქართველოში რაიმე მოქმედება შესრულებული, როდის, სად და ვის მიერ. პასუხი ჯერ არც იუსტიციის სამინისტროდან მიუღია.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტან გომელაურმა, არასრულწლოვანის მიერ საქართველოდან კანონის დარღვევით გასვლასთან დაკავშირებით, 6 აპრილს განაცხადა: „არასწორად მოიქცა მესაზღვრე, როდესაც გამოეპარა მისი ვიზუალური შეხედულებით. ამ მესაზღვრემ როგორც ახსნა ეს არ გავდა არასრულწლოვანს და ეჭვი არ შეიტანა. თუმცა ეს არ ამართლებს რა თქმა უნდა. მოკვლევა დაიწყო და მოკვლევის შემდეგ დაიდება ბოლოს რა გადაწყვეტილებასაც მივიღებთ ჩვენ. მეტი ყურადღებით უნდა იყვნენ“.

მისივე თქმით, საქართველოს შსს დაუკავშირდა თურქულ სპეცსამსახურებს, რომლებსაც სთხოვეს, რომ შეძლებისდაგვარად იქნებ მოხდეს ბავშვის უკან დაბრუნება.

„ამაზე ვმუშაობთ. კიდევ აღვნიშნავ, გაგვეპარა ასე ვთქვათ, გაეპარა ამ მესაზღვრეს, არ გადაამოწმა მისი წლოვანება. შეიძლება ეხლა არ უნდა ვიძახდე ამას, მაგრამ ვიტყვი, რომ იყო ძალიან ხშირი შემთხვევა, როდესაც ჩვენ უკან დავაბრუნეთ ადამიანები და არა მარტო არასრულწლოვანები. დავეხმარეთ მათ ოჯახებს“, – განაცხადა მინისტრმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ გაუვრცელებია ინფორმაცია, დაწყებულია თუ არა გამოძიება პანკისის ხეობიდან სირიაში ახალგაზრდების, მათ შორის არასრულწლოვანის გაგზავნის ფაქტზე.



ვინ და რატომ მიდის პანკისიდან სირიაში?

პანკისის ხეობიდან ახალგაზრდების სირიაში გაგზავნას ე.წ. ვაჰაბიტებს უკავშირებენ, რომლებსაც ადგილობრივების თქმით, კავშირი აქვთ ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“.

„ატყუებენ და ისე მიჰყავთ, რომ იქ თუ დაიღუპები, სამოთხეში მოხვდებითო. ეს არც პირველი შემთხვევაა და არც უკანასკნელი. მის ტანატოლებსაც აუღიათ პასპორტები“, – ამბობს შარიათ წინწალაშვილი, 16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილის ბებია.

„აქ არის იდეოლოგიური ფაქტორი. ამ ბავშვების, ახალგაზრდების გადაბირება ხდება იმ დაჯგუფებების მხრიდან, რომლებიც ჩვენდა სამწუხაროდ ხეობაში არსებობენ. მე ვიცი, ისინი ამბობენ, რომ ვინც იმ გზაზე კვდება, ის პირდაპირ სამოთხეში მიდის. ასე ხდება ამ 16-17 წლის ბავშვების გადაბირება. ლიდერები ითბობენ ხელს“, – აღნიშნავს მექა ხანგოშვილი, ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი.

„არ მეგონა ჩემი შვილები თუ ოდესმე ამაზე წავიდოდნენ, მაგრამ მათ იმდენი რამ ნახეს ჩეჩნეთის ომის დროს... იქ დაბადებულები არიან, ბავშვობიდან აქვთ ნანახი, მოსმენილი... მარტო ჩემს შვილებზე არა, ჩეჩნებზე მაქვს საუბარი. იმდენად შეურაცხყოფილები არიან ისინი მტრის გამო, მიაჩნიათ, რომ სადღაც უნდა გაუმკლავდნენ ამ ყველაფერს და სადღაც უნდა დახოცონ მტრები. სირიას რაც შეეხება, მე ვფიქრობ, ეს უფრო რელიგიური მიმართულება იყო“, – ამბობს ლეილა აჭიშვილი, რომელსაც სირიაში 2 შვილი დაეღუპა.

„იქ მუსულმანებს დახმარება სჭირდებათ. იქ ხდება მუსულმანების წამება, განადგურება. სანამ ჯიჰადს არ გამოაცხადებდნენ, იქამდე არცერთი ქვეყნიდან არ მიდიოდნენ მუსულმანები. ჯიჰადის გამოცხადების შემდეგ ყველა მუსულმანი ვალდებული გახდა რომ წასულიყო, როგორც შეეძლო“, – აღნიშნავს ჯოყოლა აჭიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ვაინახები ადამიანის უფლებებისთვის“ დამფუძნებელი.

თავის მხრივ, ე.წ. ვაჰაბიტები პანკისიდან სირიაში ახალგაზრდების გაგზავნასთან კავშირს უარყოფენ.

„ჩვენ არავის არაფერში ხელს არ ვუწყობთ. ჩვენ ჩვეულებრივი მორწმუნეები ვართ და ამ საკითხთან არანაირი კავშირი არ გვაქვს“, – აცხადებს პანკისის ხეობაში მცხოვრები ზურაბ მარგოშვილი.


„ისლამური სახელმწიფოს“ პანკისელი ლიდერები

პანკისელი ახალგაზრდები სირიაში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეს იბრძვიან, რომლის ერთ–ერთი ლიდერი პანკისის ხეობის მკვიდრი 29 წლის თარხან ბათირაშვილი, იგივე ომარ ალ შიშანია. აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტს თარხან ბათირაშვილი ტერორისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილთა შავ სიაში ჰყავს შეყვანილი. ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათირაშვილი „ისლამური სახელმწიფოს“ სარდალი და „ისლამური სახელმწიფოს“ უმაღლესი საკონსულტაციო ორგანოს, „შურას“ წევრია. ამავე საბჭოშია ალ-ბაღდადი.

აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტს „საერთაშორისო ტერორისტთა“ სიაში ჰყავს შეყვანილი „ისლამური სახელმწიფოს“ კიდევ ერთი ცნობილი მეთაური მურად მარგოშვილი, იგივე მუსლიმ ალ-შიშანი. მურად მარგოშვილი 1972 წლის 26 მაისს ახმეტის რაიონის სოფელ დუისშია დაბადებული. არსებული ინფორმაციით, საბჭოთა კავშირის დაშლამდე ის მოლდავეთში მსახურობდა, დაშლის შემდეგ კი ათი წელი ჩეჩენ ამბოხებულეთან ერთად იბრძოდა. საქართველო მან 2012 წელს დატოვა. აქ „ლოვას“ სახელით იცნობდნენ. მარგოშვილი „ისლამურ სახელმწიფოში“ ჩეჩნების ლეგიონს, „ჯუნუდ ალ-შამს“ მეთაურობს.

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ექსტრემისტული დაჯგუფებების შემოსავლის ძირითად წყაროს, ე.წ. შავ ბაზარზე ნავთობპროდუქტების გაყიდვა წარმოადგენს. გამოცემა „ფორბსის“ ცნობით, „ისლამური სახელმწიფო“ ყველაზე მდიდარი ტერორისტული ორგანიზაციაა მსოფლიოში.

2013 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში, Wall Street Journal ახალგაზრდა მეამბოხეებზე დაყრდნობით წერდა, რომ ომის შედეგად რამდენიმე დაჯგუფებამ სირიაში მამულები მოიპოვა, ადგილობრივებიდან გადასახადებს აგროვებს და მათ შარიათის კანონებით მართავს.

BBC–ის ინფორმაციით, 2015 წლის მონაცემებით, ე.წ „ისლამურმა სახელმწიფომ“ ერაყისა და სირიის ტერიტორიების უკვე საკმაოდ დიდ ნაწილზე დაამყარა კონტროლი. ისინი ქრისტიან მოსახლეობას სასტიკად უსწორდებიან, გარდა ამისა, პერიოდულად უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ხოცავენ და მკვლელობის ამსახველ ვიდეოებს სოციალური ქსელებით ავრცელებენ.



ათი მსხვერპლი პანკისიდან

მუსლიმ კუშტანაშვილის და რამზან ბაღაკაშვილის გაგზავნამდე, 2015 წლის 12 იანვარს პანკისიდან სირიაში სოფელ დუისში მცხოვრები 18 წლის ბესლან მარგოშვილი გაგზავნეს. მანამდე, 2014 წლის ნოემბერში, სოფელ დუმასტურში მცხოვრები 22 წლის ჯამბულათ მღებრიშვილი. ადგილობრივების მონაცემებით, პანკისიდან სირიაში დაახლოებით 50–მდე ახალგაზრდაა წასული.

სირიაში საომრად მყოფი პანკისელების ვინაობა ძირითადად მაშინ ხდება ხოლმე ცნობილი, როცა ვრცელდება ინფორმაცია მათი გარდაცვალების შესახებ.

სირიაში საომარი მოქმედებების დროს უკვე 10 პანკისელი ახალგაზრდა დაიღუპა:

24 წლის დავით სვიაკაური, ცხოვრობდა პანკისის ხეობის სოფელ ხალაწანში. ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ 2015 წლის 23 თებერვალს გავრცელდა.

2014 წლის დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში მცხოვრები, 18 წლის ისრაფილ ცათიაშვილის გარდაცვალების შესახებ.

ისრაფილ ცათიაშვილი მანამდე რამდენიმე დღის წინ, სირიაში დაღუპული 21 წლის ჯაბრაილ ცათიაშვილის ძმაა.

2014 წლის ოქტომბერში გავრცელდა ინფორმაცია, სირიაში შეტაკების დროს 22 წლის გურამ გუმაშვილის გარდაცვალების შესახებ. გუმაშვილი პანკისის ხეობის სოფელ დუისში ცხოვრობდა.

მანამდე, 3 კვირით ადრე სირიაში შეტაკების დროს 18 წლის ბესო კუშტანაშვილი დაიღუპა, რომელიც პანკისის ხეობის სოფელ ომალოს მცხოვრები იყო.

2014 წლის თებერვალში, სირიაში, ქალაქ ალეპოში საბრძოლო შეტაკებების დროს ქისტი საველე მეთაური, 36 წლის რუსლან მაჩალიკაშვილი დაიღუპა. ის პანკისის ხეობის სოფელ დუისიდან იყო.

2013 წლის ოქტომბერში სირიაში 24 წლის ხალიდ აჭიშვილი დაიღუპა. ხალიდ აჭიშვილი ბოლო წლებში პანკისის ხეობიდან თავშესაფრის მოთხოვნით ავსტრიაში წავიდა, სადაც იქაური მოქალაქეობა მიიღო.

2013 წლის ივლისში სირიაში შეტაკებების დროს პანკისელი მებრძოლი, 26 წლის ჰამზათ აჭიშვილი [იგივე აბუ აბდულლაჰი] მძიმედ დაიჭრა და საავადმყოფოში გადაყვანისთანავე დაიღუპა.

სირიაში სამთავრობო ძალებთან შეტაკების შედეგად დაიღუპა კიდევ ერთი მებრძოლი პანკისიდან, აბდულ-მალიქ მუთოშვილი, რომელსაც 2 მცირეწლოვანი შვილი და მეუღლე დარჩა.

სირიაში დაიღუპა ჩეჩენი საველე მეთაურის, რუსლან გელაევის შვილი, 23 წლის რუსტამ გელაევიც. სირიაში დაღუპულთაგან მხოლოდ მისი ცხედრის გადმოსვენება მოხერხდა საქართველოში.

გელა მთივლიშვილი | კახეთის საინფორმაციო ცენტრი