ჭავჭავაძის გამზირზე „სითი პარკის“ თანამშრომლები სცემეს


თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, მოსახლეობასა და „სითი-პარკის“ თანამშრომლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ინფორმაციას „ნიუპოსტი“ ავრეცლებს.

კონფლიქტი გუშინ, „სითი პარკის“ მიერ იმ მანქანის საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანის მცდელობამ გამოიწვია, რომელშიც მცირეწლოვანი ბავშვი იჯდა.


შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ავტომობილის მფლობელი, ბავშვის დედა აფთიაქში წამლის შესაძენად შევიდა.

„ავტომანქანით ჭავჭავაზის გამზირზე გადავადგილდებოდი, როდესაც ამ ინციდენტს შევესწარი. სამწუხაროდ, არსებული მოძრაობის გამო მანქანის ხანგრძლივად გაჩერება ვერ მოვახერხეთ, თუმცა როგორც ადგილზე მყოფებმა მითხრეს, ხალხი „სითი-პარკის“ თანამშრომელს იმის გამო ახრჩობდა, რომ მანქანაში, რომელიც ამ კომპანიის წარმომადგენლებს საჯარიმო ავტოსადგომზე გადაჰყავდათ, ბავშვი იჯდა.

მოძრაობა გავაგრძელეთ და დავინახეთ, რომ შემთხვევის ადგილისკენ უკვე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მიემართებოდა“, – განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.