სასიკვდილო ვირუსს თბილისში უკვე ორი ადამიანი შეეწირა

"ეს არის შაში ბაქტერიული ინფექცია. ორივე შემთხვევაში დადასტურდა სტრეპტოკოკური პნევმონია, რომელიც სეფსის სახით განვითარდა".

თბილისში ერთ კვირაში გადამდებ ინფექციას 2 ადამიანი ემსხვერპლა. პირველი შემთხვევის შესახებ „პრაიმტაიმი“ გასულ ნომერში წერდა. გარდაცვალების ფაქტი კლინიკა „ლანცეტში“ დაფიქსირდა, სადაც პაციენტი მიყვანიდან 4 საათში გარდაცვალა. მსგავსი კლინიკური სურათით გასულ კვირას კიდევ ერთი პაციენტი მოათავსეს კლინიკა „მედი ქლაბში“. 38 წლის ქალბატონის ჯამრთელობის მდგომარეობა ამ შემთხვევაშიც უკიდურესად დამძიმდა, რის გამოც ოჯახის წევრებმა პაციენტი თურქეთში გადააფრინეს,
თუმცა მისი გადარჩენა ვერც თურქმა ექიმებმა მოახერხეს. დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ ორივე პაციენტი საშიშ, გადამდებ დაავადებას პნევმოკოკურ ინფექციას ემსხვერპლნენ, რომელიც მათ ორგანიზმში ბაქტერიის სახით მოხვდა და სეფსის ფორმით ელვისებურად განვითარდა. ორივე შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურებულია. როგორც ინფექციონისტები აცხადებენ, მათ უკვე ჩაატარეს ყველა გადაუდებელი ღონისძიება. კერძოდ, მედიკამენტოზური მკურნალობა ჩაუტარდათ გარდაცვლილებთან კონტაქტში მყოფ ადამიანებს, ჯანდაცვის სამინისტროში დაავადების მასიურად გავრცელების საშიშროებას ამ ეტაპზე გამორიცხავენ, თუმცა მოსახლეობას პრევენციის მიზნით ვაქცინაციის ჩატარებას ურჩევენ. ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, დაავადება აირწვეთოვანი გზით გადადის, განსაკუთრებით საშიშია და ახასიათებს სეზონურობა.

ციცო დილებაშვილი, თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრის ხელმძღვანელი:

– ქალბატონო ციცო, გარდაცვალების უკვე ორი ფაქტი დაფიქსირდა პნევმოკოკის ბაქტერიით. რა ინფექციასთან გვაქვს საქმე?

– ეს არის შაში ბაქტერიული ინფექცია. ორივე შემთხვევაში დადასტურდა სტრეპტოკოკური პნევმონია, რომელიც სეფსის სახით განვითარდა. ჯერ პირველ შემთხვევაზე გეტყვით. გარდაცვლილი შუახნის ქალბატონი გახლდათ. თავიდან გამოხატული იყო გაურკვეველი ეტიოლოგიური ცხელების დიაგნოზი ეჭვი იქნა მიტანილი მენინგოკოქცემიაზე, თუმცა მოგვიანებით გამოირიცხა, ჩატარდა ვირუსოლოგიური კვლევები, რამაც ვირუსული ინფექცია გამორიცხა და დადასტურდა ბაქტერიული ინფექცია. კიდევ კარგი, ღვთის წყალობით, მე ბაქტერიულზე მქონდა აღებული გეზი და ოჯახის წევრები, ნათესავები და ბაღის აღსაზრდელები, სადაც ეს ქალბატონი მუშაობდა, ჩავრთე ანტიბიოტიკურ პროფილაქტიკაში.

– სად შეიძლებოდა, ეს ადამიანები დაინფიცირებულიყვნენ?

– იცით, სტრეპტოკოკს ახასიათებს მტარებლობა. სამწუხაროდ, აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, ისეთ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი, რომელსაც კლინიკურად არ ჰქონდა გამოხატული, იყო ბაქტერიის მატარებელი და მისგან დაინფიცირდნენ.

– ეს დაავადება აირწვეთოვანი გზით გადადის?

– კი, რა თქმა უნდა.

– ქალბატონო ციცო, რა შეგიძლიათ, თქვათ მეორე შემთხვევაზე, რომელიც, ასევე, თბილისში დაფიქსირდა და 38 წლის ქალბატონი გარდაიცვალა?

– აქაც სტრეპტოკოკის ბაქტერიასთან გვაქვს საქმე და განვითარდა სეფსისი. როცა დამირეკეს და მკითხეს, ეს შემთხვევა ხომ არ ჰგავს პირველ შემთხვევასო… სამწუხაროდ, მე გვიან გავიგე ამ ქალბატონზე, თვიდან არ შემოსულა ჩვენთან ინფორმაცია, მაგრამ, როგორც კი მკითხეს, ინფექციონისტების ჩართვა მოვითხოვე, მაგრამ, სამწუხაროდ, აქაც ძალიან მძიმე შედეგი დადგა.

ექიმების ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში დაავადება სწრაფად გამოვლინდა და პაციენტების მდგომარეობა ყოველ საათში მძიმდებოდა – ცხელება, ღებინება, ძლიერი თავის ტკივილი, გამონაყარი სხეულზე და თვალებიდან სისხლდენა. ექიმების დახმარებამ შედეგი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გამოიღო. თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ზუსტი დიაგნოსტიკა დროულად არც ერთხელ არ მოხდა და შესაბამისად, ინფექციონისტებიც გვიან ჩაერთვნენ მკურნალობის პროცესში. ამ ინფორმაციას უარყოფენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში და აცხადებენ, რომ პაციენტებს კვალიფიციური გადაუდებელი დახმარება გაეწიათ, თუმცა დაავადება ისეთი მძიმე ფორმით განვითარება, რაც იშვიათობას წარმოადგენს, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი:

– დროის ნებისმიერ პერიოდში ჯანმრთელი ადამიანების 70%-ის ცხვირსა და ხახაში ბინადრობს პნევმოკოკი, რომელიც ახლო კონტაქტისას წვეთოვანი გზით გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს. მიუხედავად სასუნთქ გზებში ბაქტერიის მოხვედრისა, აუცილებელი არ არის, ადამიანი დაავადდეს. ზოგიერთი ხდება პნევმოკოკის მტარებელი. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს რისკ-ფაქტორებით გაპირობებული იმუნური სისტემის დასუსტება. ჯანმრთელი მტარებლობის ხანგრძლივობა ბავშვებში 3-4 კვირაა, მოზრდილებში – 2 კვირამდე. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 1-დან 5 დღემდე.

– ახასიათებს თუ არა ამ დაავადებას სეზონურობა?

– კი სეზონურობა ახასიათებს, შემოდგომა და გაზაფხულის პერიოდი.

– რას ურჩევთ მოსახლეობას დაავადების პრევენციისთვის?

– ხელების ხშირი დაბანა, სახლის ხშირი განიავება, მაგრამ ყველაზე ეფექტურია ვაქცინაცია, რომელიც 2 წლამდე ბავშვებისთვის უფასოა.

პნევმოკოკური ინფექციის გამომწვევი ბაქტერიის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოში გასულ წელს შემოვიდა. სპეციალისტებს ინფორმაციით, ის ეფექტურად ებრძვის დაავადებას და მინიმალურია დაინფიცირების შესაძლებლობა. გასულ წლებში პნევმოკოკური ინფექციის შემთხვევებს ადგილი არ ჰქონია. უცნობია, რამ გამოიწვია საშიში ვირუსის გააქტიურება. რომელმაც უკვე ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.



წყარო: პრაიმტაიმი