კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი დათა ახალაია დაკავებამდე საბერძნეთში ათენის მამათა მონასტერში იმალებოდა – ამის შესახებ “კვირამ” სკაიპ-ჩანაწერიდან შეიტყო, სადაც საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის და მისი მეგობრის საუბარია ასახული. ისინი ჩანაწერში უცენზურო სიტყვებით საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ახალაიამ მონასტერში საკუთარი ვინაობა დამალა და ბერებს თავი სხვა სახელით და გვარით გააცნო. ყოფილი მაღალჩინოსანი მონასტერში რამდენიმე თვე სწორედ სხვა გვარით და სახელით იმალებოდა. ის თავს ქუთაისელად ასაღებდა. თავზე ქუდი მუდმივად ეხურა. მოგვიანებით, ბერებმა სიმართლე შეიტყვეს და მონასტრიდან გამოაგდეს.
“კვირას” ინფორმაციით, ათენში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, რომელიც სკაიპ-ჩანაწერში ახალაიას შესახებ საუბრობს, ყოფილი პატიმარია. ის აცხადებს, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი საბერძნეთის ციხეში არასახარბიელო სიტუაციაში ნახეს.
შეგახსენებთ, რომ ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დათა ახალაიამ ათენის მამათა მონასტერი დატოვა, ის იტალიაში გადასვლას ცდილობდა. ბერძნული მედიის ინფორმაციით კი, საქართველოს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდი) ყოფილი უფროსი და თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დათა ახალაია, რომელიც ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა, დასავლეთ საბერძნეთში, ათენიდან 210 კილომეტრით მოშორებულ ქალაქ პატრაში დააკავეს. პოლიციამ დათა ახალაია ნავსადგურში ყალბი სამგზავრო დოკუმენტების გამო დააპატიმრა. მას თან 20 000 ევრო და 10 000 დოლარი აღმოაჩნდა. ახალაიამ მაშინვე პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა და ის პატრას სააპელაციო სასამართლოში გადაიყვანეს.
აღსანიშნავია, რომ დათა ახალაიას ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი უკვე რამდენიმე კვირაა ათენში იმყოფება. ადვოკატი კლიენტის სასამართლო პროცესისთვის სპეციალურად თბილისიდან საბერძნეთში გაემგზავრა.