მარინა ბერიძეს შინ ვესტუმრეთ, სადაც უჩვეულო სიმყუდროვეა. მის ცხოვრებაში ამ ბოლო დროს ბევრი ცვლილება მოხდა, რომლებსაც თავად კიდევ ერთი დაუმატა - კულტურის სამინისტროდან საკუთარი სურვილით წამოვიდა და ახალი საქმე დაიწყო, გადაცემა ''შუადღეში'' რუბრიკა მიჰყავს, სადაც ნიჭიერ ადამიანებს აცნობს მაყურებელს. ეს ამპლუა მისთვის ახალია, მაგრამ ამბობს, რომ რადგან ტელევიზიით მოწამლულია და თავად რუბრიკაც საინტერესოა, ასევე გარემოც ნაცნობი და თბილი, მორგება არ გასჭირვებია.
- რატომ გადაწყვიტეთ კულტურის სამინისტროს დატოვება?
- უბრალოდ, ძალიან საინტერესო წინადადება მივიღე ''რუსთავი 2''-სგან. შინაგანად გადაწყვეტილება მივიღე, რომ ჟიურიში არასდროს აღარ დავჯდებოდი. ვფიქრობ, ამ კუთხით ''ჯეოსტარშიც'' და ''ანა-ბანაშიც'' მაქსიმუმი გავაკეთე. თანაც, ჟიური ძალიან გაახალგაზრდავდა და გაჭრელდა. თუმცა ვინც იცის, როგორი ''ავადმყოფობაა'' ტელევიზია, მის გარეშე ძნელია ყოფნა. თავს უფრო შემოქმედებით ადამიანად მივიჩნევ, ვიდრე სახელმწიფო მოხელედ. ''შუადღის'' რუბრიკის გაძღოლა ის არის, რაც ამ ეტაპზე ძალიან მაინტერესებს, მინდა და მგონია, კარგად ვიცი ნიჭიერი ადამიანის ლობირება.
- თქვენს გადაწყვეტილებას სამინისტრო როგორ შეხვდა?
- არ მოელოდნენ. ჩვენი დეპარტამენტი კარგად იყო აწყობილი და ძალიან საინტერესო პროექტებიც მომზადდა, რაც ასე არ ჩანს. ჩვენ იმ ეტაპზე ვართ, რომ ქვეყანაში ნეგატივი უფრო წინ არის წამოწეული, პოზიტიური მოვლენები კი ამაში ჩაიკარგა. უშუალოდ ჩემს უფროსს, ბადრი გრუზინსკის, გული დასწყდა, მაგრამ ვერ მითხრა, არ წახვიდეო, რადგან კარგად მიცნობს.
- წამყვანის ამპლუა თქვენთვის ახალია.
- მე ვარ ადამიანი, რომელსაც სიახლეები უყვარს. ასე დავჯექი თავის დროზე მუსიკალური კონკურსის ჟიურიში. მანამდე არ მიმუშავია ტელევიზიაში, არ მიკეთებია ჩემი საქმე ეკრანზე. აღმოჩნდა, რომ ღია ეთერი ჩემია და თავისუფალი ფორმატიც მისაღებია შუადღის გადაცემაში. არის ნერვიულობის ფაქტორიც, ეს უკავშირდება ბევრ მუშაობას, რასაც სახლში კარგად ვართმევ თავს. არ გამიჭირდა იმიტომ, რომ ძალიან თბილი გარემო დამხვდა, ძალიან კეთილად განწყობილი და ჩემთვის ნაცნობი.
- მახსოვს, ინტერვიუებში დანანებით საუბრობდით, რომ ''რუსთავი 2''-თან სამსახურებრივი ურთიერთობა აღარ გაკავშირებდათ. იყო გაუგებრობები, რის გამოც წამოხვედით ამ ტელეარხიდან.
- იცით, ჩემი ახალი საქმე ცალკე ნიშაა და არავისთან შევდივარ კონფრონტაციაში. მე კარგად უნდა მიცნობდე, რომ ასეთი წინადადება შემომთავაზო. თუკი რაღაც არ მაინტერესებს და არ არის ჩემი, მას ხელს არ მოვკიდებ, მუსიკა ჩემი თემაა. დიდი ხანია მაწუხებს, მაგალითად, პედაგოგების როლი, რომლებსაც მუსიკოსების შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვით. სულ ვამბობ, საქართველოში ორი სიტყვის - ''ბოდიში'' და ''მადლობა'', დეფიციტია. რაც ხდება, არაჯანმრთელი, ის უნდა ჩაწყნარდეს და ეს ორი სიტყვა წინ წამოვიდეს. მაქვს შანსი, მივეფერო ასეთ ადამიანებს, თუმცა არა მხოლოდ პედაგოგებს, ზოგადად, ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებს.
- გიორგი უშიკიშვილი გყავდათ სტუმრად. მივხვდი თქვენი მუშაობის სტილს. დააძალეთ, რომ ''სმაილ'' შეესრულებინა ექსპრომტად.
- სწორედ ასე ვიყენებ ხოლმე ჩემს ავტორიტეტს (იცინის). შესაძლოა, ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში ბევრი ნეგატივი წამოვიდა ჩემ მიმართ, მაგრამ არის უამრავი მუსიკოსი, რომელთათვისაც ბევრი რამ მაქვს გაკეთებული და მათგან დიდ სიყვარულს ვგრძნობ. ამას ''ვიყენებ''. უარს ვერ ვიღებ. სამაგიეროდ, ხომ გამოჩნდა, რომ გიორგი არანორმალურად ნიჭიერი და სხარტი ბიჭია. ისე ამას არასდროს გააკეთებდა, მაგრამ ჩემთვის გააკეთა. თქვენ თუ დამისახელებთ რომელიმე პოპმომღერალს, არა ფოლკლორისტს, რომელიც ორ წამში ასე ექსპრომტად შეასრულებს სიმღერას? ასეთი ძალიან ცოტაა.
- იქნება ასეთი ექსპრომტები თქვენთან?
- ძალიან ვეცდები, მაგრამ არავის ჩავაყენებ უხერხულ მდგომარეობაში. ვინც შეძლებს, მხოლოდ მას ვთხოვ. ზოგადად, ჩემს ბუნებაში არ დევს არანაირი ნეგატივი. ახლანდელი გადასახედიდან რომ ვუყურებ და თანაც, იმ ჟიურის ვადარებ, რომელიც დღეს არის მიმოფანტული ტელესივრცეში, მგონია, რომ ცუდი არასდროს არაფერი მითქვამს. შენ, როგორც ჟიურის წევრმა, მაქსიმალური უნდა გააკეთო, რომ მომღერალი ტურიდან ტურამდე გაიზარდოს. მე ვმუშაობდი, ამ დროს კი ხან გაბრაზდები, ხან გაგიხარდება. მე არასდროს მიდგამდნენ მიზანსცენებს და ვერც მეტყოდნენ ამას. ხანდახან გრძნობ, რომ ბავშვს უნდა დაუყვირო, რომ სწორად გააკეთოს რაღაც, ზოგს პირიქით, ძალიან მოეფერო. ეს ყველაფერი კი გამოცდილებიდან მოდის. ვფიქრობ, დღეს ძალიან არაჯანსაღი კრიტიკა წამოვიდა.
- სწორედ ამაზე მინდოდა მეკითხა - არის ჟიურის ახალი შემადგენლობები, არაპროფესიონალ მომღერალთა მუსიკალური შოუები…...
- ეს საერთოდ არ მესმის, რას ნიშნავს არაპროფესიონალ მომღერალთა შოუ.
- თქვენ მიიჩნეოდით ყველაზე ''იაზო'' ჟიურის წევრად. ამას წინათ გიორგი გაბუნიას უწოდეს ახალი მარინა ბერიძე.
- გიორგი არ მაღიზიანებს, რადგან ამბობს იმას, რასაც ფიქრობს. თანაც, მე მისგან არ ვითხოვ კონკრეტიკას, რადგან არ არის მუსიკოსი, ის კარგი მელომანია, ზაზა შენგელიას შევადარებდი. გიორგის თვისებაა კიდევ ის, რომ ჟურნალისტია, შოუმენია და ცდილობს იმ ხერხების გამოყენებას, რაც მასში არის. მე, საერთოდ, ძალიან მიყვარს გიორგი და ვიცი, რომ უფრო მეტად შოუმენია, თუმცა პოლიტიკური გადაცემის წაყვანაც არაჩვეულებრივად გამოსდის. იმიტომ არ ვამბობ, რომ ''რუსთავი 2''-ელი ვარ, უბრალოდ, ეს არხი ლიცენზირებულ პროექტებს აკეთებს და წესდებას მიჰყვება. შესაძლოა, ესეც იყო არხიდან ჩემი წასვლის მიზეზი, რადგან იმ წესდებაში ვერ ვჯდებოდი... ის სხვა არის, რომ მე მინდა, მუსიკალურ პროექტებში ქართული მუსიკა იყოს. ჩემი აზრით, უცხოური უნდა იმღერო იმიტომ, რომ შემდეგ ქართულის შესრულება გაგიადვილდეს. ეს ტენდენცია ძალიან ცუდად მოქმედებს მომღერლების ყელზე. სულ ლედი გაგას შესრულება და მის ''ყელზე დაჯდომა'' არ შეიძლება, მაგრამ ეს ღრმა ფილოსოფიაა...
როდესაც არაპროფესიონალ მომღერლებს არჩევ, ქალაქი კარგად უნდა იცოდე, რადგან ამ ქალაქში მოინახება 12 არაპროფესიონალი, რომლებიც შედარებით უკეთ იმღერებენ. სმენა მაინც უნდა გაუსინჯო და ამის მიხედვით აიყვანო. იმიტომ, რომ გვარი და სახელი აქვს და მოდურია, არ უნდა აიყვანო. ჩემთვის შეურაცხმყოფელია გამართლება, ''ჩვენ ვერთობით''. როცა ამ ტიპის კონკურსს ამზადებ, უნდა ეცადო, რომ არაპროფესიონალი ფინალში ბევრად უკეთ მღეროდეს, ვიდრე პროექტის დასაწყისში. მეორეა, რომ არ უნდა მისცე რთულად შესასრულებელი სიმღერები, ისეთი, რომელსაც რეიტინგის დაწერა შეუძლია, მაგრამ მონაწილე თავს ვერ ართმევს. ჩემთვის გაუგებარია, რატომ ვართ შეშლილები ასე რეიტინგებზე. ასეთი ისტერიკა არასდროს მინახავს ამ თემაზე. თუკი ადვილ სიმღერას შეურჩევ, მაყურებლის ყურიც დაისვენებს და გაერთობა კიდევაც.
არ ვიცი, რა ეშველებოდა ტელევიზიებს, ''ჯეოსტარელები'' რომ არ ყოფილიყვნენ, მაგრამ ''ორ ვარსკვლავში'' მონაწილეობენ ჩემი ბავშვები, რომლებიც ჯერ არ არიან ვარსკვლავები. ვარსკვლავს ვის ეძახიან, ხალხმა ვერ გაიგო, ეს ცხოვრების სტილია. რომელს უყენია ლიმუზინი კართან და რომელი მიჰყავთ დაცვით? ჩვენ ყველა მეორეს ვარსკვლავს ვეძახით. ამ პროექტში მონაწილე მომღერლებსაც არა აქვთ ისეთი გამოცდილება, რომ როცა გვერდში უსმენო ადამიანი უდგათ, თავადაც არ ასცდნენ სიმღერას. თანაც, უნდა იცეკვონ კიდევაც. მე, მაგალითად, ის შემსრულებლები მეცოდებიან. ამღერე ''ჟუჟუნა წვიმა'' და დაამთავრე. არ უნდა ამას ორკესტრი, ამდენი ალიაქოთი და ამდენი ფულის ხარჯვა. ჩვენ სიმღერით უნდა დავტკბეთ.
- ამას წინათ ყველა მიხვდა, რომ თქვენ გიგულისხმათ - ანრი ჯოხაძემ ნინი წიკლაურს უთხრა, კარგია, რომ 60 წელს გადაცილებული პროდიუსერების რჩევებს აღარ ითვალისწინებო.
- რასაკვირველია, ყველა მიხვდა და მეც მივხვდი. ანრი ძალიან კარგი მომღერალია. თავადაც კარგად ვარ განწყობილი და მისი ცუდი დამოკიდებულებაც არასდროს მიგრძნია, მაგრამ მის საქციელს შემიძლია დავარქვა არაკაცური საქციელი. ქალს, გინდაც 60 წელს გადაცილებულს, შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო.
- და თქვენ შეურაცხყოფად მიიღეთ?
- რასაკვირველია!.. მერე შეიძლება თქვას, მარინა არ მიგულისხმიაო, მაგრამ კოლმეურნეობის თავმჯდომარესავით გამოვიდა. მე არ მიპასუხია მისთვის, მაგრამ ეს ანრის პრობლემაა, რომ ასაკზე გააკეთა აქცენტი. ცუდ სიტყვას გამოვიყენებ - ანრიმ ''გაიგულავა'', რადგან დღეს მოდურია მარინა ბერიძის ლანძღვა. ასეთი არაკაცური მოქცევა ანრისთვის აქამდე არასდროს შემიმჩნევია. ეტყობა, ამ ჟიურიში ფამილიარობის ისეთი აღზევებაა, რომელსაც მე ვერ ვიგებ. ნინი წიკლაურის პროდიუსერი საერთოდ არ ვარ. ვყოფილვარ ნატო მეტონიძის, ეკა მამალაძის, რაღაც ეტაპზე ნუკრი კაპანაძის პროდიუსერი. ზოგადად, ეს ნიშნავს, როცა ადამიანი დებს გარკვეულ თანხას მომღერალში, ასწავლი მას რაღაც რეპერტუარს და იქიდან გაქვს დიდი ხეი-რი, მე კი არც ერთი მომღერლისგან ერთი თეთრიც არ ამიღია. ეს ყველა ჩემმა ახლობელმა იცის. სუნამოც კი არ მიმიღია საჩუქრად და იციან, რომ ამას ვერ ვიტან. თუკი ვინმესთან მუშაობა არ მინდა, ვეუბნები, რომ არ მცალია. ამიტომაც ვამბობ, ნუ ვაწყენინებთ ერთმანეთს, თორემ ძალიან მწარე ენა მაქვს. მეორეა, რომ არ ვიკადრებ ასეთ რაღაცას!..
- თეონა კონტრიძე საკმაოდ მძაფრი შეფასებებით გამოირჩევა. ამას წინათ კოტე თოლორდავას უთხრა, ფეხებზე მკიდია, შენ როგორ იმღერეო.
- სხვათა შორის, თეონა კონტრიძესთანაც მიმუშავია და მას კარგად ვიცნობ, ძალიან მიყვარს და ძალიან კარგი მუსიკოსია. იცი, როგორი შთაბეჭდილება დამრჩა? რომ იმ სიტუაციაში აიჭრა. ძნელია, როცა ქალაქიდან დიდი ხანია წასული ხარ. ამ ყველაფრის თავი და თავი კი პროექტის პროდიუსერია. არ უნდა იყოს ეს ყველაფერი ასე მიშვებული თავის ნებაზე. ჩვენ, მაგალითად, გადაცემის დაწყებიდან ოთხი საათით ადრე გავდიოდით მთლიან რეპეტიციას. დიდი შრომაა ჩასადები. ეკრანი ჭუჭყს ვერ იტანს. ისიც არ მესმის, რანაირად შეიძლებოდა, როდისმე დუტა მე შემომპასუხებოდა, ასე რატომ თქვიო. ჟიური ხელშეუხებელი უნდა იყოს. მე ასე ვიცი, მაგრამ ესენი ამბობენ, რომ შოუა და ყველანი ერთობიან. თეონას რომ ეჯდეს სამი მუსიკოსი ჟიურიში, ის აბსოლუტურად სხვანაირად მოიქცეოდა. კონტროლს კარგავს. თეონასთან ასეთი შეგრძნება მაქვს.
- თქვენ არასდროს გინანიათ ფრაზა, რომელიც რომელიმე კონკურსანტისთვის გითქვამთ?
- რომც მენანა, ვერაფერს შევცვლიდი და მაინც იმავეს ვიტყოდი, მაგრამ არც თითი მიჩვენებია, არც ფეხებზე მკიდია მითქვამს, არც გაეთრიე და გამოეთრიე, არც შეურაცხყოფა მიმიყენებია. ანი სირაძეს ის ვუთხარი, რომ ვერ იმღერა და არ მომწონდა, რომ პირველ ადგილზე იყო. 18- ჯერ რომ მოისმინოთ, მეტი იქ არაფერი მითქვამს. ამის გულისთვის კარადაში შევიდა, დაწვა და აღარ ადგა. მეტი დაპირისპირება არავისთან მქონია. ეშინოდათ, მაგრამ ამ შიშის შედეგი იყო, რომ მეცადინეობდნენ, ცდილობდნენ და კარგად მღერიან.
ზოგადად, ასეთი დამოკიდებულებაა, რომ მარინა ცოტათი წაქცეულია და ბოლომდე წავაქციოთ. დაჯგუფებაა, რომელიც ჩემ წინააღმდეგ არის განწყობილი. ანრისთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა და მისგან გამიკვირდა. მას ხომ ჰყავს სახლში დედა, მეც დაახლოებით მისი ასაკის ვარ, მაგრამ ასე არ უნდა ეთქვა. შესაძლოა, ამით ვიღაცას კოჭი გაუგორა.
- ვიცი, რომ გაქვთ გეგმები. გვეტყვით, რას აპირებთ?
- ფიქრისა და ძიების პროცესში ვარ. დიდი კომფორტია ეს ჩემთვის. გამოვედი სტრესული მდგომარეობიდან და ბევრი რამ მიხარია. მჯერა, რომ მყავს გულშემატკივრები, მაგრამ ისიც ვიცი, რომ თვე ისე არ ჩაივლის, ცუდად განწყობილთა მცირე ჯგუფმა რაიმე ნეგატივი რომ არ გამოუშვას. თუკი მარტო ის ნაკლი მაქვს, რომ ასაკში ვარ (იღიმის)...
ახლა ძალიან საინტერესოდ დავუკავშირდი ნინო ქათამაძეს, პატარ-პატარა რაღაცებს ერთად ვაკეთებთ, მეგობრულად. ნუკრი კაპანაძეს აქვს პროექტი, რომელშიც ჩავერთე. ეკასა და ნანის უნდათ პროექტი და იქაც მაქვს გარკვეული როლი. გლობალურად კი მაწუხებს, რომ ქართული სიმღერა საქართველოში პრიორიტეტული არ არის. თითქმის ყველაფრის ვერსია გავაკეთეთ, რაც შეიძლებოდა, ახლა ახლის დრო დადგა.
- დღევანდელი შოუბიზნესი გაჩერებულია.
- ცუდი აუცილებლად წავა, მაგრამ ახლა გარდატეხის პერიოდია. ძალიან ხმამაღლა ვიტყვი, რომ ხელოვნებაში არანაირი ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს. იმისიანი, ამისიანი, ეს იმღერე, ის არ იმღერო, არსად ხდება. საქართველოში ეს ყოველთვის ხდებოდა, არავინ თქვას, რომ მხოლოდ ბოლო 9 წელიწადი. მომწონს გახსნილობა, რაც ახლაა. გახსნილად ლაპარაკი კარგია, მაგრამ სიბოროტის არა, რადგან რეზულტატი არ მოაქვს. ამდენი შეურაცხმყოფელი სიტყვა, რაც არა მხოლოდ ჩემზე მესმის, არასდროს გამიგია. ეს წავა და დარჩება ის, რომ ჩვენ შეიძლება დავსხდეთ და ვილაპარაკოთ რეალურ პრობლემებზე. ''წინწყაროს'' რომ შევინარჩუნებთ, ზუსტად ვიცი, მაგრამ შოუბიზნესი არ არის, რომ ქართველმა 24-საათიან რეჟიმში იმღეროს ლედი გაგა. პარალელურად ქართული სიმღერის პოპულარიზაციაც ხომ შეიძლება? სწორედ ამას ვიწყებ (იღიმის)!..
ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''