ფეისბუქში“ თბილისი-კიევის რეისზე გადაღებული სამოყვარულო ვიდეო ვრცელდება, სადაც ნათლად ჩანს როგორ ეკამათება წელს ზემოთ შიშველი მგზავრი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს გიორგი ვაშაძეს. როგორც ცნობილია ბორტმა როსტოვში საგანგებო დაშვება მას შემდეგ განახორციელა, რაც ერთ ერთ მგზავრს სასწრაფო გადაუდებელი დახმარება დასჭირდა.მფრინავების ამ გადაწყვეტილებას მგზავრთა ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. ამ ფაქტს ჟურნალისტმა გურამ როგავამ ცნობილი ბლოგი მიუძღვნა:
"წუხელ ქართველი ჟურნალისტები სამშობლოში კიევი-თბილისის რეისით ვბრუნდებოდით, როცა ჩვენი ერთერთი კოლეგა შეუძლოდ გახდა, გონება დაკარგა და რომ არა დათო კაკულიას სწრაფი რეაქცია, ყველაფერი ტრაგედიით დასრულდებოდა.
ჩვენი თხოვნით პილოტმა საგანგებო დაშვება როსტოვში განახორციელა. ყველაფრის მიუხედავად, არ ველოდით ასეთ ირონიას რუსი მესაზღვრეებისგან და განსაკუთრებით ექიმებისგან (ჰიპოკრატეს ფიცის იმედად ვიყავით, მაგრამ, როგორც ჩანს, ამათ პუტინის ფიცი აქვთ დადებული). დიდი ხნით ადრე იცოდნენ თვითმფრინავის დაშვების მიზეზი, მაგრამ აეროპორტში სასწრაფო დახმარება ერთი საათის დაგვიანებით მოვიდა. დაწვრილებით რუსების დამოკიდებულებაზე არ დავწერ, ისედაც ხვდებით ალბათ, რა გამოვიარეთ. ექიმები ბორტზე ამოვიდნენ, ქართველებს რუსეთის ტერიტორიაზე შემოსვლის ნებართვა არ გაქვთო, ბევრი გაურკვევლობა იყო, მაგრამ გაგებით მოვეკიდეთ. კიდევ ერთხელ დაგვიდასტურეს, რომ ჩვენი მოძმე, ერთმორწმუნე რუსებისგან კარგს არაფერს უნდა ელოდე. ...მაგრამ აი, ქართველების "გმირობამ" კი მართლა გამაოცა და დამთრგუნა. თავიდან გვეგონა, რომ პაციენტს საავადმყოფოში გადაიყვანდნენ, მე და დათო უნდა გავყოლოდით, ასე გადავწყვიტეთ. რეისის უცხოელი მგზავრები ფულს გვთავაზობდნენ, რუსეთში მცხოვრები მათი ახლობლების ნომრებს გვაწერინებდნენ, დაურეკეთ და მოგხედავენო. ბორტზე ორი მგზავრი ექიმი აღმოჩნდა, რომლებმაც ჩვენს მეგობარს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შესვლის ნებართვას ავადმყოფის გარდა არავის აძლევდნენ, ერთერთმა უკრაინელმა მგზავრმა გვითხრა, მე გავყვებიო. ...და ამ დროს ქართველები რას აკეთებდნენ?! დროზე გადაწყვიტეთ, გვეჩქარებაო, - ყვიროდნენ ჩვენი ქართველი "ძმები". ადამიანი სიკვდილის პირას იყო და ამათ ბორტზე აჯანყება მოაწყვეს, სიგარეტი მოგვაწევინეთო. ჩვენი რეისით "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებიც მგზავრობდნენ და ერთმა "ვაჟკაცმა" გინება დაიწყო, თქვენ გამო 9 წელი საქართველოში ჩამოსვლის უფლება არ მქონდა, დღეს პირველად მივდივარ თბილისშიო, მაისური გაიხადა და ტატუებით მარიაჟობა რომ დაამთავრა, საჩხუბრად მოემზადა. ბავშვებს ხმაურის შეეშინდათ და ტირილი დაიწყეს. ჩვენთანაც ჰქონდა პრეტენზიები, "მე თქვენ გიცნობთ, თქვენ პოპულარულები ხართ, მე გლეხიო", მაგრამ მე იმის ძმა ვარო (სავარაუდოდ ვიღაც კრიმინალური ავტორიტეტის სახელს გვეუბნებოდა). როგორც ჩანს, უკმაყოფილო იყო ჩვენი პროფესიული საქმიანობით. ადამიანი ხელში გვაკვდებოდა და ჩვენი "ძმები" პოლიტიკაზე გვეკამათებოდნენ და სიგარეტს რატომ არ გვაწევინებთო, - გამცილებლებს ეჩხუბებოდნენ. ყველა უცხოელი მგზავრი 2 საათის განმავლობაში გაუნძრევლად იჯდა თავის ადგილებზე, ქართველი "ვაჟკაცები" კი "ჩვენ გვერდით იდგნენ", გონებადაკარგულ ადამიანზე ზრუნვის მაგივრად, ცდილობდნენ მწყობრიდან გამოვეყვანეთ და გვეჩხუბა. აი, ასეთი სოლიდარულები ვართ ქართველები! გუშინ ერთ რამეზე დავფიქრდი, ასეთ ქართველებს ქვეყანაში დაბრუნების უფლება მართლა არ უნდა მისცე, და თუ დიდი ხნის წინ ევროპაში გადაკარგულ კრიმინალებს რეიკარნაციის მცდელობა აქვთ, ესეიგი ქვეყანაში რაღაც ცუდი ხდება!!! მადლობა ღმერთს, ჩვენი კოლეგა გადარჩა, მაგრამ წუხელ ჩვენ ვერ გადავარჩინეთ "ქართველობა", ასე ხშირად რომ მოვიხსენიებთ სადღეგრძელოებში! "ჩვენს ერთად ყოფნას და ქართველობას გაუმარჯოს" - თამადის თხოვნაა, ბოლომდე შევსვათ...",-წერს როგავა