VIP პატიმარმა გია ალანიამ ციხის დირექტორის კაბინეტში ინგლისურის მასწავლებელი გააუპატიურა

რა პრივილეგიებით სარგებლობდნენ ციხეში სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული კუდ-ის 4 მაღალჩინოსანი? 

ამ თემაზე "პრაიმტაიმს" არაერთი სტატია გამოუქვეყნებია, თუმცა ისტორია, რომლის შესახებაც ახლა გიამბობთ, გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ პრივილეგია.

საქმე ეხება სასჯელაღსრულების #10 დაწესებულებაში მომხდარ დღემდე გაუხმაურებელ დანაშაულს.

„პრაიმტაიმს“ კარგად ინფორმირებული წყარო უყვება, რომ გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი გია ალანია ციხეში ყოფნის დროს სწავლა-განათლებით დაინტერესებულა. კერძოდ, ის ინგლისურის შესწავლით იყო დაკავებული. მათთვის მინიჭებული პრივილეგიების ფონზე, გასაკვირი არ არის, რომ სპეციალურად ალანიასთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებას კვირაში რამდენჯერმე სტუმრობდა ინგლისურის მასწავლებელი.


ახალგაზრდა გოგონა ინგლისურის სპეციალურ, დაჩქარებულ კურსებს სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებაშიც ატარებდა, მათ შორის მოდულის შენობაში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის. სწორედ კუდ-ის თანამშრომლების თხოვნით მოხდა მისი მივლინება პატიმრობაში მყოფ გია ალანიასთან. გაკვეთილები არც მეტი, არც ნაკლები, პირდაპირ ციხის დირექტორის, თემურ ტაბაღუას (შემდგომში ბერად აღკვეცილი მამა ნიკოლოზის) კაბინეტში ტარდებოდა. იმას, რომ გია ალანია ზოგადად ხშირად სტუმრობა ციხის დირექტორის კაბინეტს, პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში ადასტურებს ტაბაღუას მოადგილე, მურად გაბუნია. ჩვენ ხელში ჩაგვივარდა გაბუნიას დაკითხვის ოქმი, სადაც ის ინგლისურის მასწავლებელზე არა, მაგრამ ციხეში ქალბატონების შეყვანის შესახებ საუბრობს.

"არაერთი შემთხვევა მინახავს, რომ გერონტი ალანია ციხის დირექტორის კაბინეტში არსებულ კომპიუტერთან იჯდა და მუშაობდა. არასოდეს დარეგისტრირებულა მათთან მოსული აუარება მნახველი, რომელთა შორისაც იყვნენ მეგობრები, ნათესავები, ყოფილი თანამშრომლები და ოჯახის წევრები. ყველა დასახელებულ პირს შეეძლო დროის ნებისმიერ მონაკვეთში მოსვლა და მათთან შესვლა, საკმარისი იყო მხოლოდ ეთქვათ, ვისთან მიდიოდნენ... მოსული მნახველები ზემოაღნიშნულ პირებთან ხშირად მართავდნენ სუფრებს და ქეიფობდნენ გვიანობამდე, ან თუნდაც დილამდე. არ დავმალავ და მეც მომიწია რამდენიმეჯერ მათთან ერთად სუფრაზე ყოფნა, რა დროსაც ისმებოდა ალკოჰოლური სასმელი. ხშირი იყო შემთხვევები, როცა ოჯახის წევრები ღამეც დარჩენილან მათთან. იყო შემთხვევები, როცა ღამეს აღნიშნულ პირებთან ათევდნენ ქალბატონები, რომლებიც არა მგონია მათი ოჯახის წევრები ყოფილიყვნენ", – ეს არის ამონარიდი მურად გაბუნიას ჩვენებიდან, რომელიც „პრაიმტაიმს“ ჩაუვარდა ხელში.

ამ ჩვენებით დასტურდება, რომ გია ალანია მართლაც ხშირად სტუმრობდა ციხის დირექტორის კაბინეტს. როგორც ჩვენი წყარო გვიყვება, ერთ-ერთი მორიგი გაკვეთილის დროს ალანიამ ინგლისურის მასწავლებელ გოგონაზე სექსუალური ძალადობა განახორციელა. ეს ამბავი ციხის კედლებს არ გასცდენია. ცხადია, დაზარალებული დაშინებული იყო და საქმის გახმაურება, ან გამოძიების დაწყება არც კი უფიქრია, მაგრამ რა ხდება ახლა? ამბობენ, რომ ამ ფაქტზე საგამოძიებო ორგანოს ციხის ყოფილი თანამშრომლების ჩვენებებიც აქვს და მტკიცებულებებიც (მოკლე ტექსტური შეტყობინებების სახით), თუმცა სექსუალური ძალადობის ფაქტზე ძიება არც ამჯერად დაწყებულა. საქმე მხოლოდ იმით შემოიფარგლა, რომ გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდადებულებისთვის პრივილეგირებული მდგომარეობის მინიჭების ფაქტზე პროკურატურამ ბაჩო ახალაიას წაუყენა ბრალი.

თავად თემურ ტაბაღუა კი, რომლის კაბინეტში ინგლისურის მასწავლებელი პატიმარმა გააუპატიურა, ამჟამად მონასტერშია წასული. ის საპატრიარქოს მიერ დადგენილ სასჯელს ერთ-ერთ მონასტერში იხდის მას შემდეგ, რაც ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების გამო, მღვდელმსახურება შეუჩერდა.
სხვათა შორის, ინგლისურის მასწავლებლის გაუპატიურების ფაქტი ერთადერთი სექსუალური ხასიათის დანაშაული არ არის, რომელიც ზემოხსენებული მსჯავრდადებულების სახელს უკავშირდება.

„პრაიმტაიმი“ ერთხელ უკვე წერდა სასჯელაღსრულების #10 დაწესებულების დაცვის სამსახურის კონტროლიორის შესახებ, რომელიც ზემოხსენებული პატიმრებიდან ერთ-ერთს, კერძოდ, ალექსანდრე ღაჭავას მისი ნების საწინააღმდეგოდ სქესობრივი კავშირის დამყარებაში ადანაშაულებდა, მისი მონათხრობით ირკვევა, რომ ღაჭავას ხელს უწყობდნენ ციხის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები.

ახალგაზრდა ქალბატონმა ციხეში კონტროლიორად მუშაობა 2006 წელს დაიწყო, მალევე იქ სასჯელის მოსახდელად კუდ-ის მაღალჩინოსნებიც მიიყვანეს. მ.დ-ს მოვალეობაში შედიოდა, რომ ყოველ ნახევარ საათში შეემოწმებინა დაწესებულების საგუშაგოების მორიგეები, ასევე თვალყური ედევნებინა ციხის ტერიტორიისთვის და იმ შემთხვევაში, თუ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებას შენიშნავდა, ხელმძღვანელობისთვის ეცნობებინა.

მისი თქმით, ერთ დღეს, ხელმძღვანელობის მითითებით, ის აღმოჩნდა ყოფილ მედპუნქტში, სადაც სუფრა დახვდა გაშლილი. ციხის კონტროლიორი ქალბატონი ყვება, რომ იმ დღეს ალექსანდრე ღაჭავამ მისი ნების საწინააღმდეგოდ მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა.
მას გირგვლიანის საქმეში მსჯავრდადებულების განთავისუფლებამდე (ისინი პრეზიდენტმა 2009 წლის სექტემბერში შეიწყალა) ორი წლით ადრე სამსახური დაატოვებინეს. ამის მიზეზად სწორედ ალექსანდრე ღაჭავასთან ციხეში არსებულ ურთიერთობას ასახელებს.
„საბოლოოდ #10 დაწესებულებაში დაწყებულ რეორგანიზაციაში მომაყოლეს და შტატების შემცირების მიზეზით სამსახურიდან დამითხოვეს, თუმცა ჩემი განთავისუფლების რეალური მიზეზი სწორედ ალექსანდრე ღაჭავასთან ურთიერთობა იყო“, – ამბობს ციხის ყოფილი თანამშრომელი.

მისივე განცხადებით, ზემოხსენებულ პრივილეგირებულ პატიმრებს ხშირად სტუმრობდნენ გარედან, რომელთაც რეგისტრაციაში არ ატარებდნენ, ციხის ადმინისტრაცია კი პრაქტიკულად მათ მომსახურე პერსონალს წარმოადგენდა.

„ღაჭავასთან და მასთან ერთად მყოფ პირებთან ბევრი ხალხი მოდიოდა. ოჯახის წევრების გარდა, რეგისტრაციას არავინ გადიოდა. ეს ყველაფერი კი ციხის ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე არ მოხდებოდა. თემურ ტაბაღუა თითქმის სულ ამ მსჯავრდადებულებთან იმყოფებოდა, ხოლო მისი მოადგილე მურად გაბუნია ლამის მოახლედ ჰყავდათ. იგივე შეიძლება ითქვას გარე დაცვის სამსახურის უფროს დავით სამხარაძეზეც, რომლის ნებართვისა და დანარჩენ პირებთან შეთანხმების გარეშე, სტუმრების ურეგისტრაციოდ შესვლა შეუძლებელი იქნებოდა“.

კეთილმოწყობილი სამზარეულო, სადაც განთავსებულია: ორკამერიანი მაცივარი, მაგიდა, სკამები, სამზარეულოსთვის საჭირო უახლესი ტექნიკა... ასევე, კეთილმოწყობილი ოთახები ხის ორადგილიანი საწოლით, დიდი პლაზმური ტელევიზორით DVD-ით, კომპიუტერული ტექნიკით, მუსიკალური ცენტრითა და სხვა ატრიბუტიკით... განახლებული და ახლად შეღებილი იატაკი და კედლები, ფანჯრებზე ძვირადღირებული ფარდები... ასე გამოიყურებოდა სასჯელაღსრულების #10 დაწესებულების ყოფილი მედპუნქტი, რომელიც 2006 წლის მარტში საგანგებოდ მოაწყვეს ე.წ. VIP პატიმრებისთვის. სწორედ აქ იხდიდნენ სასჯელს სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები. ბევრი ითქვა და ბევრიც დაიწერა იმაზე, როგორი პრივილეგიებით სარგებლობდნენ ეს პატიმრები ციხეში, ამიტომ ამ დეტალებით თავს აღარ შეგაწყენთ. გეტყვით იმას, რომ სწორედ ამ პრივილეგიების მინიჭებისთვის წაუყენეს ბრალი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის იმდროინდელ თავმჯდომარეს, ბაჩანა ახალაიას. თავად ახალაიას ადვოკატები ამ ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ და ირწმუნებიან, რომ „მწვანე შუქი“ კუდ-ის მაღალჩინოსებისთვის ახალაიას არ აუნთია. მაშინ გამოდის, რომ პრივილეგიები მსჯავრდადებულებს უშუალოდ ციხის ადმინისტრაციამ მიანიჭა, რომლის მიმართაც პროკურატურას პრეტენზიები ჯერჯერობით არ გასჩენია. ციხის იმდროინდელი ხელმძღვანელობა საქმეზე მოწმის სტატუსით დაკითხეს.

წყარო: პრაიმტაიმნიუსი